იტალიის პოლიციის ცნობით, კიბერდამნაშავეები, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული, ცდილობდნენ ე.წ. DDoS შეტევების განხორციელებას "ევროვიზია 2022"-ის მუსიკალური კონკურსის საფინალო კენჭისყრის დროს, მაგრამ სპეციალისტებმა მოახერხეს ჰაკერული თავდასხმის პრევენცია. ამის შესახებ twitter-ზე კვირას იტალიის პოლიციის პრესსამსახურმა განაცხადა. კიბერსპეციალისტების აზრით, ამ ქმედებების უკან შეიძლება იდგეს რუსული ჰაკერული ჯგუფი Killnet, წერს გერმანული Deutsche Welle.
როგორც აღინიშნა, ჰაკერები ცდილობდნენ კონკურსის კომპიუტერულ ქსელში შეღწევას პირველი ნახევარფინალის დღეს, 10 მაისს და ასევე განახორციელეს ე.წ. DDoS შეტევები ფინალური კენჭისყრის დროს.
ამ ინფორმაციაზე რუსული მხარის რეაქცია არ არის მოცემული. რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებებს ჰაკერულ ჯგუფებთან კავშირისა და სხვადასხვა სტრუქტურაზე თავდასხმებში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.
წელს რუსეთს ჩამოერთვა "ევროვიზიაში" მონაწილეობის შესაძლებლობა უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული შეჭრის გამო.
2022 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით, Stefania.
40 ქვეყნის ეროვნული ჟიურის და მაყურებლების დაჯამებული ხმებით, უკრაინამ 631 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა დიდმა ბრიტანეთმა კი - 466 ქულა.
ევროვიზიის ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ Kalush Orchestra-ს წევრებმა მსოფლიოს „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს:
„ყველას გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ „აზოვსტალს“, ახლავე!“.