უკრაინა "ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებულია

2022 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania.

40 ქვეყნის ეროვნული ჟიურის და მაყურებლების დაჯამებული ხმებით უკრაინამ 631 ქულა მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა დიდმა ბრიტანეთმა კი - 466 ქულა.

"ევროვიზიის" ფინალში სიმღერის შესრულების შემდეგ Kalush Orchestra-ს წევრებმა მსოფლიოს „აზოვსტალის“ დახმარება სთხოვეს:

„ყველას გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს! დაეხმარეთ „აზოვსტალს“, ახლავე!“.

საქართველოს ხალხმა (მაყურებელმა) უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა. საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ კი - 6.

საქართველოს 2022 წლის "ევროვიზიაზე" მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა.

2022 წლის "ევროვიზიის" კონკურსი ტურინში გაიმართა და მასში 40-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციის განახლება: 08:58 სთ

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს“, - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.