ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ შაბათს ტელეფონზე დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს და აცნობა მას, რომ ჰელსინკი უახლოეს დღეებში ნატო-ს წევრობაზე განაცხადს შეიტანს.
ფინეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ნიინისტეს ვლადიმირ პუტინისთვის უთქვამს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა ფინეთი აიძულა ყურადღება მიექცია თავისი უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების პროცესი დაეწყო. სატელეფონო საუბარში ფინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჰელსინკი გააგრძელებს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას.
პუტინს ნიინისტესთან საუბარში აღუნიშნავს, რომ " ფინეთის მხრიდან სამხედრო ნეიტრალიტეტის ტრადიციულ პოლიტიკაზე უარის თქმა არასწორი იქნება." ასევე რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ ფინეთის უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება, ნათქვამია კრემლის განცხადებაში. პუტინმა ასევე გააფრთხილა ნიინისტე, რომ ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
ასევე ნახეთ
რა უნდა ვიცოდეთ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესზემანამდე ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 12 მაისს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ფინეთმა ნატოს გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ნატო სრულად დაუჭერს მხარს ფინეთის ამ სუვერენულ გადაწყვეტილებას.