„ოცნებობდა ქართული ცეკვის სწავლაზე“ - ომში დაღუპული უკრაინელი ქართველის ამბავი

„ძალიან უნდოდა ქართული ენის სწავლა. მოხალისეთა დანაყოფში, სადაც ის მოხვდა, ბევრი ქართველი იბრძოდა და ძალიან გახარებული იყო. მეუბნებოდა, გამიმართლა, აქ ბევრი ქართველია, ენასაც ვისწავლი, ომიც დამთავრდება და მერე ერთად წავიდეთ საქართველოშიო“, - უკრაინელი ქართველი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, 23 აპრილს, უკრაინაში, ქალაქ იზიუმში, რუსულ დაბომბვას ემსხვერპლა.

ვიტალის შესახებ რადიო თავისუფლებას მისი მეუღლე, ალიონა ორბელაძე უყვება.

ვიტალი უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა. დედა უკრაინელი ჰყავდა. ომში წასვლამდე ის კიევში, მშენებლობებზე, შემდუღებლად მუშაობდა. ომის დაწყებისთანავე მიაკითხა სამხედრო კომისარიატს და ფრონტის ხაზზე გაგზავნა მოითხოვა:

„ჩაიწერეს მისი მონაცემები და უკან გამოუშვეს. უთხრეს, სახლში წადი და გამოძახებას დაელოდეო. ელოდა, ელოდა, ყოველდღე ელოდა, რომ გამოიძახებდნენ, მაგრამ როცა არავინ შეეხმიანა, მოხალისეთა დანაყოფების ძებნა დაიწყო. ასე აღმოჩნდა „კარპატსკი სიჩში“ და 6 აპრილს ფრონტის წინა ხაზზე წავიდა".

ალიონა ამბობს, რომ ვიტალის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა შვილებთან:

„მე ხუთი შვილი მყავს. ვიტალის ერთი გოგონა. ჩემი შვილებიც საკუთარი შვილივით უყვარდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მას ექვსი შვილი ჰყავდა, რომლებსაც ვიტალის იმედი ჰქონდათ, ჭირშიც და ლხინშიც. მეშინოდა მარტო დარჩენის, მაგრამ არაფრის თქმას აზრი არ ჰქონდა. მივხვდი, რომ უბრალოდ მხარი უნდა დამეჭირა მისთვის. მუდმივი მიმოწერა გვქონდა. მწერდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. სიყვარულით სავსე და დადებით წერილებს მწერდა. არასდროს მოუწერია, რომ რაიმე უჭირდა“, - ჰყვება ალიონა ორბელაძე.

ვიტალი 23 აპრილს, ქალაქ იზიუმში დაიღუპა. ალიონას თქმით, მას და ვიტალის წინ ბევრი გეგმა ჰქონდათ, რომელიც საქართველოსაც უკავშირდებოდა:

„ვიტალი რამდენიმე წლის წინ საქართველოში მუშაობდა. მანდ ნათესავებიც ჰყავდა. სამწუხაროდ, მე მათ არ ვიცნობ. ძალიან უყვარდა საქართველო. ხშირად მელაპარაკებოდა მის მეორე სამშობლოზე. სულ იმას მიმეორებდა, საქართველო ძალიან ლამაზიაო. განსაკუთრებით უყვარდა ქართული ცეკვა და ოცნებობდა, რომ ოდესმე აუცილებლად ისწავლიდა ცეკვას“.

ახლა ალიონას უფროსი შვილები, 25 წლისა და 23 წლის რომანი და რუსლანი ომში არიან. რუსლანი ფრონტის ხაზზე ომის დაწყების დღიდან იბრძვის. რომანი კი ვიტალის დაღუპვამდე ერთი დღით ადრე წავიდა საომრად:

„დაუპატიჟებლად მოდის ომი ჩვენს სახლებში და გვართმევს ყველაფერს. მე ომმა ქმარი წამართვა. ამ ომში ახლა ჩემი შვილები იბრძვიან. ბევრი ალბათ ვერც წარმოიდგენს, რას ვგრძნობ. ხანდახან მგონია, მიწა მეცლება ფეხებქვეშ. ერთი დღის წასული იყო რომანი ომში, ვიტალის დაღუპვის შესახებ რომ შემატყობინეს. სიკვდილის მოლოდინი კიდევ უფრო მეტად გამიმძაფრდა“.

ვიტალი ორბელაძე დაკრძალულია ნიკოლაევსკის ოლქში, სოფელ ნოვომარიევკაში.

"კარპატსკა სიჩის" მებრძოლები იყვნენ 47 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა. ისინი 9 აპრილს, ხარკოვთან, საარტილერიო შეტევისას დაუღუპნენ.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 11 ქართველი დაიღუპა. მათგან ორი, ვიტალი ორბელაძე და ტემლან (ტატო) ბიგვავა, უკრაინის მოქალაქე იყო.