“ჯვარს მიბარებული” კორპუსები - როგორ გაჩნდა გარეუბნებში ახალი ტრადიცია

„კიი, გვაქვს, მაგრამ ნახე როგორი დაბრეცილია, შეგიძლია ფოტოშოპით გაასწორო. აი, განათება რო დაგვემატებინა, იქნებოდა ლამაზი“, - მეუბნება 13 წლის ნიკა, რომელიც ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე, მაღალი ცისფერი კორპუსის წინ სკეიტით დასრიალებს. ჯვარი მართლაც ცერად დგას, შეიძლება ვერც მიხვდე, რომ ჯვარია, უფრო ანტენა გეგონება. კორპუსის ბავშვებს სულ არ ადარდებთ, როგორია, - მთავარია, რომ არის და მათ კორპუსს გამოარჩევს. ვინ დადგა-მეთქი, რომ ვეკითხები, ირაკლიმო, მპასუხობენ.

ყოფილი გამგეობის შენობა ზღვისუბანში

ეს 6-სართულიანი სახლი ზღვისუბანში ინსტაგრამის პროფილით @jvrebi აღმოვაჩინე. აქ ჯვრების მთელი კოლექციაა მთელი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ქალაქის კორპუსების სახურავებზე დადგმული ჯვრები მაინც იშვიათობაა.

ზღვისუბნის კორპუსში შევდივარ, აქაც სულ ბავშვები დარბიან. უფროსი არ გვყავს, აქ ყველა უფროსიაო - გამომიცხადეს და ერთ-ერთმა ენაც გამომიყო. პატარ-პატარა წითელი ჯვრებით მოხატულ სადარბაზოს კიბეს ზევით ავუყევი, ვინმეს პოვნის იმედით. ამ შენობაში რაღაც უწყება უნდა ყოფილიყო - გრძელი მტვრიანი დერეფნები და პატარ-პატარა ოთახები საცხოვრებლად არ გამოდგება. „ომის, შრომის, და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონული კავშირის გამგეობის თავმჯდომარე“ - აწერია ერთ-ერთ ჩაკეტილ კარს. ახლა პირველ სართულზე შემოსავლების სამსახურია, მეორედან მეექვსემდე კი დევნილები და სოციალური დახმარების მიმღებები ცხოვრობენ. მეექვსეზე ხატების კუთხეა მოწყობილი, ჭერზე მწვანე ასოებით გამოყვანილია „უფალო შეგვიწყალენ“. სანამ აქაურობას ვათვალიერებდი, რომელიღაც კარი გაიღო, იქიდან სპორტულებიანი ბიჭი გამოვიდა და სიგარეტს მოუკიდა. „არ განიკითხოთ და არ განიკითხებით“, წავიკითხე მოპირდაპირე კედელზე. მე დავწერეო, მითხრა.

ირაკლის დანატოვარი ხატების კუთხე

ბექა სკოლაში არ დადის, ხელობის სწავლა ან ჯარში წასვლა მინდაო. კორპუსის ბავშვებს შორის აშკარად ერთ-ერთი ლიდერია, სახურავზე გამოყოლასაც მთავაზობს, თან გზაში ირაკლიზე მიყვება. „ეკლესიური კაცი იყო და ესენი სულ მაგის გაკეთებულია, ეს ჯვარიც აკურთხებინა“. ირაკლის უნდოდა, მეზობლებისთვის ეკლესიური ცხოვრება ესწავლებინა, კორპუსის ბავშვებს ნათლავდა, პერიოდულად კორპუსში მოძღვარი მოჰყავდა და ბინებს აკურთხებინებდა. ერთხელაც მთელი კორპუსი აკურთხეს და ჯვარიც მაშინ დადგეს. მეც მაგის მონათლული ვარო, მეუბნება ბექა. ირაკლიც დევნილია, მაგრამ ერთი სამი წელი იქნება, რაც აქ აღარ ცხოვრობს. ხან მონასტერშია, ხან ქალაქში, ოღონდ სადღაც სხვაგან, ზუსტად არავინ იცის. თურმე ის ხატების კუთხეც უნდოდა, რომ ეკურთხებინათ, მაგრამ მოძღვარმა უარი უთხრა - არ შეიძლება ნაკურთხი ხატი იყოს იქ, სადაც გვერდით ვიღაც ეწევა ან მზესუმზირას ჭამსო. ახლა ხატის წინ ერთ-ერთი მეზობელი თუ დაანთებს ხოლმე სანთელს. სახლში, სადაც ხალხი სოციალური შემწეობით ცხოვრობს, სხვა ბევრი სადარდებელიცაა. „გაჭირვებაა ამ სახლში, ზოგი ბინას ელოდება, ზოგს ნორმალური პირობები არ აქვს, ტუალეტი, გათბობა“, - მეუბნება მეზობელი ქალი, რომელსაც სახელის თქმა არ სურს.

თითო ჯვარი - თითო სადარბაზოს

თბილისში, ათ წელზე მეტია, რაც გარეუბნების კორპუსების სახურავებზე, თემქაზე, გლდანში, ვარკეთილში, ჯვრებია აღმართული. მცხოვრებლებს უკვე აღარც ახსოვთ, ეს ტრადიცია საიდან წამოვიდა. ყველა ასეთ კორპუსში რომელიმე მეზობელმა, ოდესღაც, გადაწყვიტა, რომ შენობის თავზე ჯვარი დაედგა. მაგალითად, თემქაზე, ცნობილ „შვიდჯვრიან“ კორპუსს, „წმინდა ნინოს ჯვრები“ 2007 წელს დაადგეს, თითო-თითო ექვსივე სადარბაზოს თავზე და ერთიც - შუაში. კორპუსის თავმჯდომარე ლალი კვესელაძე ჰყვება, რომ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურამ, ჯვრების დადგმის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა და შვიდივე განათებული იყო, ოღონდ - სადარბაზოს შუქით. მერე ზურა ამერიკაში წავიდა და კორპუსს განათების 700 ლარი ვალი დღემდე დარჩა, ამიტომ ახლა მხოლოდ ერთი ჯვარი ანათებს, რომელიც პირდაპირ, ერთ-ერთი მეზობლის ბინის დენის წყაროსთან მიაერთეს. ჯვრების განათების კი არა, კორპუსის ნებისმიერი საჭიროებისთვის თანხის შეგროვება ძალიან ჭირს: ათი-თხუთმეტი წლის წინ მეზობლები ერთმანეთს იცნობდნენ, ახლა კი ნახევარზე მეტი ბინა გაქირავებულია და სამეზობლოც ხშირ-ხშირად იცვლება, - ამბობს ლალი.

თემქის "შვიდჯვრიანი" კორპუსი

თემქაში ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე „გამყოლად“ ერთ-ერთი მეზობელი, მეკო მომიჩინეს. სულ პატარა იყო, როცა მეზობლებმა პირველი ჯვარი თოკებით ამოიტანეს და სახურავის კიდეზე დაამაგრეს. „ყველამ იცის ეს კორპუსი, ტაქსითაც რომ მოდიხარ, მარტივად ახსნი სად გინდა, შვიდჯვრიან კორპუსთან მიმიყვანეთ. ლამაზიცაა“, მეუბნება მეკო სიამაყით. დაახლოებით 4-მეტრიანი რკინის კონსტრუქცია რომ პირდაპირ სახურავის კიდეზე, "ბოლტებითაა" დამაგრებული, სახიფათოდ არ ეჩვენება. ამდენი წელი ხომ მშვენივრად დგას?

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში მითხრეს, რომ „ათასობით კორპუსის მუდმივი მონიტორინგი“ შეუძლებელია და სახლების, სახურავებისა და ეზოების უსაფრთხოების გადამოწმება ხშირად მოქალაქეთა საჩივრის საფუძველზე ხდება, თუმცა ამ დრომდე ჯვრებთან დაკავშირებით საჩივარი არ მიუღიათ.

მანათობელი ჯვარი ვარკეთილში

ლალი იხსენებს, რომ ჯვრების დადგმის დროს მეზობლებისგან ხელმოწერები არ შეგროვებულა. „თავმდჯომარებმ თავისი სურვილით და თავისი ფულით გააკეთა ეგ ყველაფერი, ხელმოწერები მაშინ გროვდება, როცა მერიის დაფინანსებაა საჭირო“. თბილისის არქიტექტურის სამსახურში მითხრეს, რომ სახურავზე კონსტრუქციის განთავსების ნებართვისთვის საჭიროა ელექტრონული მიმართვა, რომელსაც თან ახლავს მომავალი პროექტის ფოტომონტაჟი და, თუკი საკუთრება საერთოა, ამხანაგობის კრების ხელმოწერები. ამ ნებართვის გარეშე ფასადის ცვლილება უკანონოა, და თუკი მოქალაქე ინსპექციას საჩივრით მიმართავს, მერია ვალდებული იქნება, კონსტრუქციის ნებართვა გადაამოწმოს.

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კორპუსში, ვარკეთილში მანათობელი ჯვრის ისტორია თითქმის არავინ იცის. იმ ხუთი მეზობლიდან, ვისაც ველაპარაკე, არცერთმა არ იცოდა, რომ მათმა კორპუსმა ახლახან სოციალურ მედიაში სახელი გაითქვა. სახლის მცხოვრებლების უდიდესი ნაწილი ქირით ცხოვრობს, სახურავზე რომ დიდი მანათობელი ჯვარი დგას, უბრალოდ ფასადის ნაწილია, რომლითაც სახლს შორიდან გამოარჩევენ ხოლმე. აქაც, სხვა ჯვრიანი სახლების მსგავსად, იდეა მეცხრესართულელ ამირანს მოუვიდა თავში, რომელიც ამ სახლში აღარ ცხოვრობს. „სამი წლის წინ შევიკრიბეთ და განათებაც გავუკეთეთ“, - მითხრა სადარბაზოდან გამოსულმა ახალგაზრდა კაცმა. თუმცა რატომ - არ იცის, უბრალოდ გააკეთეს და მორჩა.

ლდანის თექვსმეტსართულიანი კორპუსის თავზე აღმართული ჯვარი მთელ ხიზანიშვილის გამზირს გადაჰყურებს, გვერდით ეულად ამოსულ ბუჩქს ქარი აქანავებს. გადაღება მხოლოდ მეზობელი კორპუსის სადარბაზოდან შევძელი, ჯვრიანი სახლის ბინადრებთან შეხვედრამ არცთუ ისე მეგობრულად ჩაიარა. კორპუსის თავმჯდომარე ქალმა მოკლედ მომიჭრა, რომ ჯვარზე არაფერი იცის და გამომისტუმრა, თუმცა ნახევრად მიხურული კარიდან უცბად მისმა მეუღლმ გამოიხედა - საშუალო ასაკის კაცი იყო სკეპტიკური მზერით. როგორც არ ავუხსენი, რომ უბრალოდ მათი კორპუსის ისტორია მაინტერესებდა, მაინც უნდობლად მიყურებდა - რა პრობლემა მაქვს ჯვართან? მართლმადიდებლები არ ვართ? რამდენია ეგეთი კორპუსი, მაინცდამაინც მათთან რას დავეძებ? - ფეისბუკზე ასეთი სახლების ფოტოების ქვეშ აგრესიისა და დაცინვის მეტი არაფერი მოდისო. ვერც შეეწინააღმდეგები: მართალია, გლდანის კორპუსის ფოტოები არ მინახავს, მაგრამ ვარკეთილის მანათობელჯვრიანი კორპუსის ფოტოს ქვეშ ყველაზე უწყინარი კომენტარებია - „სულ გაგიჟდით?“, „ავი თვალისგან გიცავთ?!“, „მარაზმია!“. ჩემი სახით იმ კაცს ყველა იმ უხილავი კომენტატორის ავტორი მიადგა, ვისგანაც თავისი კორპუსი უნდა დაეცვა. „წადი და თავი დაგვანებე“, მითხრა ბოლოს.

გლდანის თექვსმეტსართულიანი კორპუსი

იდეის წამომწყებს მაინც მივაგენი, მთლად სახურავის ქვეშ, მეჩვიდმეტე სართულზე. თავად ავთო, ჯვრის დამდგმელი, სახლში არ იყო, მაგრამ დედამისს, ლუიზას გამოველაპარაკე. „ეს არის სიმშვიდის და ყველაფერი კარგის სიმბოლო ყველასთვის, მსოფლიოსთვის არის ეს ჯვარი, რომ ყველა კარგად ამყოფოს“, - მითხრა ლუიზამ და შოკოლადის კანფეტებიც გამომატანა, ტელეფონის ნომერიც გამომართვა, ჩემი შვილი დაგირეკავსო. მართლაც დამირეკა და მეთორმეტე სართულზე მცხოვრები მეზობელივით მკაცრად მკითხა, რას ვერჩოდი ჯვარს, რომელიც ნასესხები ფულით, ოჯახის წევრებთან ერთად დადგა.

„[კორპუსის] კურთხევა არ ნიშნავს, რომ სახლს, მაგალითად, მეხი არ დაეცემა ან არ დაიწვება, მაგიური ფორმულებით უდგება ადამიანი და ჰგონია, რომ რიტუალით დაცული იქნება რაღაც უბედურებებისგან… მე ვაკურთხე სახლი, იმას ნიშნავს, რომ მეტ სტუმარს მოვიყვან, მეტ უპოვარს დავაპურებ. გინდ ჯვარი დადე ზემოდან, არ აქვს მაგას მნიშვნელობა, თუ ის იდეა არ დევს, რომ ადამიანები იქ ერთმანეთს პატივს სცემენ, კონფლიქტებს მშვიდობიანად გადაწყვეტენ, სადარბაზოს ერთად მოაწყობენ… თუ ამისთვის აკურთხებენ და დაადებენ ჯვარს, ძალიან კარგი“, - მიხსნის მღვდელი ალექსანდრე გალდავა.

თბილისის ზოგ კორპუსში თავიანთ ჯვარს მეზობლები ყველა უცნობისგან და შემთხვევითი გამვლელისგან იცავენ, სხვაგან საერთოდ დავიწყებული აქვთ, ვის მოუვიდა იდეა და როდის. ზღვისუბნის იმ ექვსსართულიანში, სადაც პირველად მივედი, ირაკლის დადგმული ოდნავ დაბრეცილი ჯვარი განსაკუთრებულად უყვართ. ბავშვებს ვეკითხები, ამ კორპუსში ცხოვრება თუ მოგწონთ-მეთქი? „ადგილი არა, მარა სახლი კი, რავი, მთელი საძმაკაცო აქააო“, მიპასუხებენ. კორპუსის სახურავზე, რომელიც რელიგიური დანიშნულების ადგილიცაა, საშრობიც და სათამაშო მოედანიც, ბიჭები ახლა სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობასაც აპირებენ.