სტუდენტების ჯგუფი ქართული კანონმდებლობიდან საბჭოთა ტერმინების ამოღებას ითხოვს. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლეს.
ტერმინ „საბჭოთა კავშირის“ არსებობა დღევანდელ კანონმდებლობაში ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსელებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც მორიგ ლექციაზე ახალი თემა აუხსნეს.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს გავდიოდით, ახლაც გავდივართ. პირველივე ლექციაზე გაგვიჩნდა პროტესტი, პირდაპირ პრეამბულაში წერია საბჭოთა კავშირი, - ჰყვება სტუდენტი ნანა მამალაძე, - დღეს, 2022 წელს, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ცუდია, როცა კანონებში საბჭოთა ტერმინოლოგიას ვხვდებით. ახლა უკრაინაში ომია, ვცდილობთ, უკრაინას მხარი დავუჭიროთ, ნატოში და ევროკავშირში შესვლაზე გვაქვს პრეტენზია და ამ დროს ერთ-ერთ ყველაზე მოქმედ კანონში „საბჭოთა კავშირი“ გვიწერია“.
სტუდენტებმა ნონა ქენქაძემ, ეკატერინე დადიანმა, ლიანა სააკოვამ და ნანა მამალაძემ პროფესორ კახა ძაგანიასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რომლითაც ითხოვენ საქართველოს კანონმდებლობა გათავისუფლდეს ისეთი ტერმინებისგან, როგორიცაა: საბჭოთა საქართველო, ავტონომიური საბჭოთა აფხაზეთი, ავტონომიური საბჭოთა სამხრეთ ოსეთი...
მაგალითად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრეამბულაში მითითებულია : „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილება საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების შესახებ.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1985 წლის 1 ივნისიდან.
2. დაევალოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს დაადგინოს საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამოქმედოდ შემოღების წესი და საქართველოს სსრ კანონმდებლობა შეუსაბამოს ამ კოდექსს“.
„დამოუკიდებელი ქვეყნის კანონმდებლობაში ყოფილი იმპერიის ტერმინოლოგია არის მოხსენიებული. მკვდარი მუხლებია, მაგრამ არაკონსტიტუციური და ღირსების შემლახავი. ერთი თვის წინ დავიწყეთ ამ სარჩელის მომზადება. უკვე უნდა შეგვეტანა და წინა დღეს [6 მაისს], რადიო თავისუფლების საიტზე წავიკითხეთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ზუსტად იგივე დაავალა, კანონის დესაბჭოეთიზაცია. მოვასწარით და ესეც მივუთითეთ სარჩელში, ანუ ის, რომ მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც ხდება“, - ჰყვება პროფესორი კახა ძაგანია.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციას“მათ ექსპერტებად მიუთითეს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ანუ, თუკი სასამართლო სარჩელს მიიღებს - ამისთვის კი ვადა 9 თვე აქვს - ამ საკითხზე მოსაზრების გამოთქმა სასამართლოში ქვეყნის პირველ პირებსაც შეეძლებათ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კომიტეტმა ამ საკითხზე მსჯელობა თავადაც დაიწყო.
„მთლიანად ეს კანონი - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - საბჭოთა პერიოდშია მიღებული. შესაცვლელია და თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოსაყვანი. როგორც ჩანს, კანონმდებლები არ ზრუნავდნენ იმაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეეცვალათ. იურიდიული კომიტეტი ახლა ამუშავებს ამ კანონს. მივიღებთ, თუმცა როდის, ზუსტად არ ვიცი, - ამბობს ლევან იოსელიანი, - თუ არ ვცდები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებშიც არის საბჭოთა ტერმინები დარჩენილი, რამდენჯერმე შემხვდა და მეც ვფიქრობდი, რომ შესაცვლელია“.
მოსარჩელეები საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, მათი სარჩელის გაზიარების შემთხვევაში პარლამენტს დაავალოს მთლიანად შეისწავლოს საქართველოს კანონმდებლობა და კანონებიდან ამოიღოს შემორჩენილი საბჭოთა ტერმინები.