CNN ვიდეოს აქვეყნებს: რუსი სამხედროები ზურგში ესვრიან უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს

კადრი ტელეკომპანია CNN-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან

ტელეკომპანია CNN-მა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს, სავარაუდოდ რუსი სამხედროების მიერ, უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას.

ტელეკომპანიას ხელში ჩაუვარდა კიევის გარეუბანში მდებარე ავტოსალონის სათვალთვალო კამერით 16 მარტს გადაღებული ჩანაწერი. მასში ჩანს, სავარაუდოდ, სალონის გაქურდვა მაშინ, როცა რუსი სამხედროები უკრაინის დედაქალაქის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ.

CNN-ის ჟურნალისტებმა დაღუპულთა ვინაობაც დაადგინეს - ერთი მათგანი ავტოსალონის მფლობელია, რომლის სახელი და გვარიც არ სახელდება. მეორე მამაკაცი კი, 68 წლის ლეონიდ პლიაცია, რომელიც ადგილზე დაცვის თანამშრომელი იყო.

სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებში ჩანს, ხუთი რუსი სამხედრო, ავტოსალონის შენობაში შეღწევის მცდელობისას, როგორ ესვრის კლიტეებს და ამტვრევს ფანჯრებს. მათ ხელებაწეული უახლოვდება ორი მამაკაცი - სალონის მფლობელი და დაცვის თანამშრომელი. სამხედროები მათ ჩხრეკენ, ხანმოკლე დიალოგის შემდეგ კი მამაკაცები უკან გაბრუნდებიან.

ამ დროს ბრუნდება ორი სამხედრო და მამაკაცებს ზურგში ესვრის. ლეონიდ პლიაცი ფეხში დაიჭრა, მან მოახერხა დაცვის პუნქტამდე მისვლა და დახმარების გამოძახება, თუმცა მათ მისვლამდე სისხლდენის გამო გარდაიცვალა.

CNN-ს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ მკვლელობას იძიებენ, როგორც სამხედრო დანაშაულს. ტელეკომპანიამ კომენტარი სთხოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა უწყებამ ჟურნალისტების მიმართვა უპასუხოდ დატოვა.