პუტინი რუსეთს იმაზე უარეს დღეში დატოვებს, ვიდრე ჩაიბარა

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისათვის დაწესებულმა სანქციებმა შეცვალა რუსეთის ეკონომიკის მიკრო და მაკროპარამეტრები, გაზარდა ინფლაცია და გააუფასურა ადგილობრივი რუბლი. ბოლო ორ-ნახევარი თვის განმავლობაში განუხრელად მცირდება როგორც ინვესტიციები, ასევე ექსპორტი, ჯამში ქვეყანაში დაიწყო მთლიანი შიდა პროდუქციის კლება. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის მოცულობა 12%-ით შემცირდება. ეს ყველაზე უარესი მაჩვენებელი იქნება 1994 წლის შემდეგ. ეკონომისტთა ნაწილი ომის პირველი დღეებიდანვე ვარაუდობდა, რომ სანქციები რუსეთს გასული საუკუნის 90-იან წლებში გადაისროდა და, რომ რუსეთის ეკონომიკა ირანისა და ვენესუელის დღეში აღმოჩნდებოდა.

  • რის თქმა შეიძლება ახლა, როცა სანქციების პირველი პაკეტის ამოქმედებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა?
  • როგორ შეიცვალა რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა და რა არის მოსალოდნელი მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში?

რუსეთის ეკონომიკას რომ მძიმე დღეები უდგას, ამას არც რუსი ეკონომისტები უარყოფენ. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებითაც კი, მარტო აპრილში რუსეთის ბიუჯეტმა ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიიღო დაგეგმილზე 133 მილიარდი რუბლით (1,9 მლრდ დოლარით) ნაკლები შემოსავალი, არადა, 2022 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, უნდა მიეღო 3-ჯერ მეტი.

ვლადიმირ პუტინი, ჟენევა, 2021 წლის 16 ივნისი

10 მაისიდან ეს შემოსავალი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტის ოპერატორმა კომპანიამ შეაჩერა ევროპისკენ მიმავალი ბუნებრივი აირის მოცულობის თითქმის მესამედის ტრანზიტი, რადგან ლუგანსკის რეგიონში, სოჰრანივკის გაზგამანაწილებელი სადგური რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ გადავიდა, ხოლო უკრაინული მხარე ვეღარ ემსახურება მას.

უახლოეს ერთ-ორ წელიწადში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შევსების ეს მნიშვნელოვანი წყარო კიდევ უფრო დაიწრიტება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა უკვე მიმდინარე წელსვე აპირებს უარი თქვას რუსული ნავთობის იმპორტზე.

მკვეთრად გაუარესებული ეკონომიკური პარამეტრები დიდ გავლენას ვერ ახდენს რუსულ პროპაგანდაზე, რომლიც ამტკიცებს, რომ რუსეთის ეკონომიკა ახალ, შეცვლილ ვითარებაშიც გამართულად მუშაობას.

30 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა გაუძლო დასავლეთის სანქციებს და „სიტუაცია ქვეყანაში უკვე დასტაბილურდა“.

სერგეი ლავროვი, 24 მარტი, 2022 წელი

მანამდე რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ გამოაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიაროს „სტრუქტურული ტრანსფორმაციის რთული პერიოდი“, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებსო.

ომის ეკონომიკა

კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, ოლეგ იცხოკის თქმით, გარდაუვალია რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურის მორგება გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების თარგზე.

„თუმცა ოთხმოცდაათიან წლებში ეკონომიკა გაიხსნა, რაც თანდათანობითი, დროში გაწელილი პროცესია. ამჯერად საუბარია ეკონომიკის ჩაკეტვაზე, რაც ისტორიულ პერსპექტივაში შეიძლება ერთბაშად მოხდეს, სულ რაღაც ექვს თვეში ან ერთ წელიწადში“, - ამბობს ოლეგ იცხოკი.

რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველმა არ განმარტა, რა იგულისხმა სირთულეებში და კონკრეტულად რა პროცესებს ელოდება, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ რუსეთის ეკონომიკის მთავარი გამოწვევა იზოლაციაა.

„ტრანსფორმაცია უპირველეს ყოვლისა ნიშნავს სანქციების გამო ჩაკეტილ ეკონომიკაზე გადასვლას, - თქვა ილია სეგალმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა, - დღეს თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს გლობალიზაციის ნაყოფს, მაგრამ რუსეთმა ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო დიდი მოცულობით გააკეთა, ბუნებრივი რესურსების ექსპორტით და თითქმის ყველაფერ დანარჩენის იმპორტით“.

თუმცა, იზოლაცია არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მთლიანად დასავლური საქონლისა და ტექნოლოგიების გარეშე დარჩება.

„რაღაც საქონელი მაინც შეაღწევს რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ეს იქნება უფრო რთული, ძვირი და დროში გაჭიანურებული პროცესი, - განმარტავს ოლეგ იცხოკი, - ყრუდ დაგმანულ საბჭოთა კავშირშიც კი გარკვეული საქონელი და ტექნოლოგიები შავი, ფარული სქემებით შედიოდა. მამაჩემი, მაგალითად, მუშაობდა ფედოროვის თვალის მიკროქირურგიის კლინიკაში და საზღვარგარეთულ მივლინებებში ყოფნისას მხედველობის კორექციისთვის საჭირო ლაზერულ კომპონენტებს ყიდულობდა, უკან დაბრუნებული კი ჩამოტანილი ნაწილებისგან ხელსაწყოს აწყობდა. ახლაც ბევრ სფეროში მსგავსი რაღაც განმეორდება“.

ინდიანის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, მაიკლ ალექსეევის თქმით, რუსეთში ე.წ. ნაცრისფერი იმპორტი შეიძლება შევიდეს, მაგალითად, ყაზახეთის, სომხეთის, საქართველოს გავლით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოხდება მცირე, ძალიან შეზღუდული რაოდენობით, რადგან ინდუსტრიული მასშტაბით სანქციების გვერდის ავლა რთული იქნება.

„ნაცრისფერი იმპორტი საშუალებას მისცემს რუსეთის ეკონომიკას, ნაწილობრივ მაინც შეავსოს საჭირო კომპონენტების დეფიციტი, მაგრამ დაბალი იქნება წარმოების არა მხოლოდ მოცულობა, არამედ ხარისხიც, - ამბობს კონსტანტინ სონინი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, - თუ ადრე ვაშენებდით, მაგალითად, წელიწადში 50 თვითმფრინავს, ახლა 20-ს თუ შევძლებთ და თანაც გაცილებით ძვირა. ნაცრისფერი იმპორტი ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე პირდაპირი მიწოდება. ეს ნიშნავს, რომ სუპერჯეტები ფრენა გაძვირდება და, რაც მთავარია, უფრო საშიში გახდება. ომის დაწყებამდეც კი, შიდა ლაინერებით ფრენები არცთუ ისე პოპულარული იყო, რადგან ხალხს ესმოდა, რომ სარისკო იყო, ახლა კი ეს რისკი სერიოზულად იზრდება“.

Sukhoi Superjet-100 თვითმფრინავის აწყობა

„ვფიქრობ, რუსი მწარმოებლები შეეცდებიან წარმოების პროცესების იმგვარად ადაპტირებას, რომ არ გამოიყენონ დასავლური საქონელი და ტექნოლოგიები. სადაც შესაძლებელი იქნება, მათ ჩაანაცვლებენ ჩინეთიდან და სხვა იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული ტექნოლოგიებით, რომლებიც არ შეუერთდნენ სანქციებს. თუმცა, ცხადია, ამის გაკეთება ყოველთვის ვერ მოხერხდება, ზოგიერთი საწარმო კი უბრალოდ დაიხურება“, - მიიჩნევს ანდრეი მალენკო, მიჩიგანის უნივერსიტეტის ფინანსების პროფესორი.

თუმცა, რუსეთი ვერ შეძლებს მთელი რიგი დასავლური საქონლისა და ტექნოლოგიების ჩინურით ჩანაცვლებას ან ე.წ. ნაცრისფერი სქემების გამოყენებით იმპორტირებას.

„მაგალითად, ღრმაწყლოვანი ბურღვის ტექნოლოგიის შეძენა შეუძლებელი იქნება ერთდღიანი ფირმებითაც კი, არადა, ისინი აუცილებლად გამოჩნდებიან ჩინეთსა და ყაზახეთში მეორადი სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ასეთი ტექნოლოგიები მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის კომპანიას აქვს და მათი ყიდვა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ამ კომპანიების სერვისების შეძენა, მაგრამ ისინი რუსეთში არ იმუშავებენ“, - განმარტავს ოლეგ იცხოკი.

ჯერ კიდევ რთულია პროგნოზირება, რუსეთის ეკონომიკის რომელ სექტორს დააზარალებს იზოლაცია ყველაზე მეტად.

„ახლა ჩვენ ვხედავთ ზარალს მხოლოდ იმ ინდუსტრიებში, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას სანქციები. გასაგებია, რომ ტურისტულ სააგენტოებს დაარტყა, ავიახაზებსაც, საავტომობილო ინდუსტრიასაც, მაგრამ მთავარი დარტყმა იქნება არა პირდაპირი, არამედ ირიბი. ყველაზე მეტად დაზარალდებიან ის კომპანიები, რომელთა პროდუქციაზეც უარს იტყვიან რუსეთის მოქალაქეები იმის გამო, რომ შეამცირონ თავიანთი ხარჯები, - ამბობს კონსტანტინ სონინი, - არის დარგები, რომლებიც საბოლოოდ ბევრად უფრო დაზარალდებიან, ვიდრე ტურიზმი ან ავიაცია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მომსახურების სექტორთან. შესაძლოა, ფინანსური ინდუსტრია. ჯერ ძნელი სათქმელია, რამდენიმე თვეში იჩენს თავს ეს ყველაფერი“.

ჩაკეტილ ეკონომიკაზე გადასვლას კიდევ რამდენიმე პროცესი მოჰყვება.

„გაიზრდება საჯარო სექტორი. ასევე ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, გაიზრდება სამხედრო წარმოება, - რა თქმა უნდა, იგულისხმება ის, რაც დასავლურ კომპონენტებზე არ არის დამოკიდებული“, - მიაჩნია ანდრეი მალენკოს.

„მართალია, ეს სიტყვები ჯერ არ თქმულა, მაგრამ ახლა რუსეთის ეკონომიკა ფაქტობრივად გადადის ომის ეკონომიკურ ფორმატზე, გადადის ბევრად უფრო ცენტრალიზებული და დაგეგმილი მენეჯმენტისკენ, ვიდრე ადრე იყო. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია იმით, რომ საბაზრო მექანიზმების მუშაობის შედეგები ხელს არ აძლევს მთავრობას. შესაბამისად, ხელისუფლებას შემოაქვს ყველა ეს გაყინვა, კონტროლი, საწარმოების მართვის დამატებითი უფლებამოსილებები და ა.შ. შემდეგი ნაბიჯი არის გეგმური ეკონომიკა. იმედი მაქვს, რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან 30 წლის წინ სწორედ ამ გზამ მიიყვანა საბჭოთა კავშირი კატასტროფამდე, - ამბობს კონსტანტინ სონინი, - სსრკ-ის არსებობის ბოლო წლებში ეკონომიკის დონე იმდენად დაეცა, რომ ქვეყანა დაინგრა. სხვა ასეთი მაგალითის დასახელება შეუძლებელია. ვერ ვიხსენებ ქვეყანას, რომელიც დაინგრეოდა ეკონომიკის დაუძლურების და არა, მაგალითად, ომის გამო“.

"ურალვაგონზავოდის" ქარხანა. ამზადებენ ტანკს 2022 წლის 9 მაისის აღლუმისთვის

ვითარება რეგიონებში

ჩაკეტილ ეკონომიკაზე გადასვლა ზიანს მიაყენებს რუსეთის ყველა რეგიონს.

„წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოძიების პრობლემა აუცილებლად შეექმნებათ რეგიონების სამრეწველო საწარმოებსაც, - ამბობს ოლეგ იცხოკი, - [ნავთობისა და გაზის ექსპერტზე] მასშტაბური სანქციების შემოღების შემთხვევაში პირველ რიგში დაზარალდება დასავლეთი ციმბირი, სადაც ნავთობის მრეწველობა ბევრად უფრო განვითარებულია“.

„ომის შემდგომი ესკალაციის შემთხვევაში, შესაძლებელია სრული ემბარგოს დადება, - მიაჩნია ანდრეი მალენკოს, - მაგრამ ემბარგოს გარეშეც კი, ცხადია, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნები თანდათან ჩამოშორდებიან რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტს“.

„რუსეთი შეეცდება დასავლეთის უარის კომპენსირებას ჩინეთსა და ინდოეთში მიწოდებით, - ვარაუდობს ილია სეგალი, - თუმცა, აქ თავს იჩენს რამდენიმე პრობლემა. პირველი - არაადეკვატური სატრანსპორტო ქსელი, რომელიც ვერ ატარებს საჭირო მოცულობას. მეორე - ინდოეთი და ჩინეთი მოითხოვენ ფასის დაკლებას. გარდა ამისა, დასავლეთი დააწესებს ე.წ. მეორად სანქციებს ამ ხვრელების ამოსავსებად“.

თუმცა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკა შეიძლება დაზარალდეს არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვით.

„ნიკელი და პლატინა ჯერ კიდევ არ არის სანქციების ქვეშ, - ამბობს კონსტანტინ სონინი, - მაგრამ თუ რუსეთის ჯარები განაგრძობენ იერიშს უკრაინაში, თუ ის, რაც უკვე მოხდა ბუჩაში, განმეორდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ დასავლეთის ქვეყნები ყურადღებას აღარ მიაქცევენ საკუთარ დანაკარგებს და საერთოდ უარს იტყვიან რუსულ ექსპორტზე, უგულებელყოფენ საკუთარი ეკონომიკის ზიანს. აშშ რაღაცნაირად გადაიტანს, თუკი რამდენიმე კომპანია დაიხურება რუსული ნიკელის იმპორტის გაჩერების გამო...არავინ ეომება რუსეთს სანქციებით, სანქციები ომის შესაჩერებლად გამოიყენება. ამიტომ, რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები და ცხოვრების დონის ვარდნა, სანქციების კი არა, უკრაინაში რუსული არმიის მოქმედების შედეგია“.

სამთო-მეტალურგიული კომპანიის "ნორილსკი ნიკელის" საამქრო, 2018 წელი

ვიდრე ომი არ დასრულდება, რუსეთის ყველა რეგიონი სულ უფრო უარესად იცხოვრებს.

„უბრალოდ, ციმბირში ცხოვრების დონის ვარდნა ისე შესამჩნევი არ იქნება, როგორც, მაგალითად, მოსკოვში, რადგან ციმბირში არ ყოფილა მოხმარების დონის ისეთი ფეთქებადი ზრდ, როგორიც იყო რუსეთის დედაქალაქში“, - ამბობს კონსტანტინ სონინი.

დიდი ქალაქების მცხოვრებლები უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე პატარა ქალაქებისა და სოფლებისა.

კრიზისები, როგორც წესი, მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ურტყამს, იმათ, ვისაც არ აქვს დანაზოგი, უძრავი ქონება და ა.შ. მაგრამ ეს კრიზისი ძლიერ დარტყმას მიაყენებს საშუალო და შედარებით მდიდარ ფენებს, რომელთა სამომხმარებლო კალათაში უმეტესი წილი მოდიოდა მომსახურების სფეროზე, რომლებიც მოიხმარდნენ მეტ უცხოურ ელექტრონიკას, ბევრს მოგზაურობდნენ, განსაკუთრებით თვითმფრინავით, - ამბობს ოლეგ იცხოკი, - [ეს კრიზისი] აუთანაბრებს მოწინავე რეგიონებს ნაკლებად განვითარებულ ტერიტორიებ. ამიტომ, სადაც ადამიანები სხვებზე უფრო მოკრძალებულად ცხოვრობდნენ, იქ კრიზის ყველაზე ნაკლებად იგრძნობენ, მაგრამ ზუსტი პროგნოზირება ძალიან რთულია. საჭიროა ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება თვიდან თვემდე. ეს იმგვარი უკეთური ექსპერიმენტია, რომელიც არასოდეს ჩატარებულა ქვეყნის მოსახლეობაზე.

რამდენად ღრმა იქნება კრიზისი

რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინიც კი არ უარყოფს, რომ რუსეთის ეკონომიკას კრიზისი ელის. დავის საგანია მხოლოდ კრიზისის ზრდის სიჩქარე და სიღრმე.

ვიდრე პროგნოზს გააკეთებენ, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ომის დაწყებამდეც რუსეთის ეკონომიკა არ იყო საუკეთესო ფორმაში.

რუსეთის ეკონომიკა 2012 წლის შემდეგ ფაქტობრივად ღარ იზრდებოდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა წელიწადში 1%-ს არ აღემატებოდა, - ამბობს მიხაილ ალექსეევი, - ამის მიზეზია რუსეთში შემუშავებული ეკონომიკური მოდელი, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს დიდ როლ აშკარად გამოხატული თუ შენიღბული ფორმით. ასე რომ, სერიოზული პრობლემები სანქციებამდეც იყო, მაგრამ სანქციები ქმნიან თვისობრივად ახალ ნახტომს ეკონომიკური პერსპექტივების გაუარესებისკენ.

ილია სეგალი მიიჩნევს, რომ კრიზისი თანდათანობით გაღრმავდება: „ უფრო სავარაუდოა, რომ იქნება არა კოლაფსი, არამედ სსრკ-ის დონეზე დაშვება, თუმცა, ცხადია, იმ სოციალური გარანტიების გარეშე, რაც მაშინ არსებობდა“.

კონსტანტინ სონინი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი

კონსტანტინ სონინი ამ შეფასებას არ ეთანხმება, რადგან, მისი აზრით, სსრკ-ში დასაბრუნებლად აუცილებელია რუსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მთელი კერძო საკუთრების წართმევა.

„დაგეგმილი ეკონომიკა ფუნდამენტურად ეყრდნობა კერძო საკუთრების არარსებობას. საჭირო იქნება ხალხისთვის ბინების წართმევაც, ეს კი უკვე სამოქალაქო ომია. ამიტომ, არ მგონია, რომ რუსეთის ეკონომიკა სსრკ-ის დონეზე დაეცემა“, - ამბობს სონინი.

„ეკონომიკის მართვის საბჭოთა გზამ არ გაამართლა, ამიტომ, დიდი ალბათობით, პირდაპირ დაბრუნებას ან უნდა ველოდეთ, - ამბობს მაიკლ ალექსეევიც, - ვიდრე საბაზრო ეკონომიკა იქნება, ავად თუ კარგად, ის იმუშავებს. რაც უნდა ვთქვათ, რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, უზარმაზარი რესურსებით. არის ნავთობი, გაზი, ელექტროენერგია. შესაძლებელია ვაჭრობა ჩინეთსა და ინდოეთთან. სოფლის მეურნეობა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ასე რომ, შიმშილით არავინ მოკვდება. ჩრდილოეთი კორეა სანქციების ქვეშ ცხოვრობს, კუბაც. ირანიც ასევე ცხოვრობს ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ. ასე რომ, რუსეთიც იცხოვრებს. ვერანაირი სანქციები ვერ გაანადგურებს რუსეთის ზომის ეკონომიკას. უბრალოდ, ხალხი იმაზე უარესად იცხოვრებს, ვიდრე სანქციების გარეშე იცხოვრებდნენ, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიიყვანს რუსეთს“.

მყიდველი ნოვოსიბირსკის სუპერმერკეტში, 7 აპრილი, 2022 წელი

„რუსეთის ეკონომიკა დაბრუნდება დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისის დონეზე, - ამბობს კონსტანტინ სონინი, - ამასთან, არა მხოლოდ საშუალო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საქონლის ასორტიმენტისა და ხარისხის თვალსაზრისით. რუსეთს ელოდება ინფლაცია. „ქამრის შემოჭერა“ არ გულისხმობს იმას, რომ ნაკლებს შევჭამთ. საუბარია იმაზე, რომ ახლა სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში შესვლის ნაცვლად, იძულებული იქნება დაიწყოს მუშაობა. მშობლები ვერ შეძლებენ მის შენახვას. ადამიანები ბევრად ნაკლებს დაისვენებენ, მეტს იმუშავენ და ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებენ შესრულებულ სამუშაოში. შესყიდვებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული ყველაზე აუცილებელთან - საკვებსა და მედიკამენტებთან, უკეთესი დროისთვის გადაიწევს“.

ოლეგ იცხოკი მიიჩნევს, რომ უახლოეს თვეებში სერიოზული ინფლაცია არ იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასე გაგრძელდება.

„ბუნებრივი რესურსების ექსპორტის ამჟამინდელი დონითა და ფასებით ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა არ დგას, - ამბობს იცხოკი, - თუმცა, ვითარება ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს და სახელმწიფოსაც მოუწიოს სამიდან ერთი გზის არჩევა. პირველი გზა: უარი თქვას საბიუჯეტო ვალდებულებების გადახდაზე და არ გადაუხადოს კომპენსაცია მსხვილ კომპანიებს სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. მეორე: საჯარო მოხელეების პენსიებისა და ხელფასების შემცირება. მესამე გზა: ინფლაცია. ფულის ბეჭდვის დაწყება იგივეა, რაც გასაცემი თანხების შემცირება, თუმცა, საკითხავია, იქნება თუ არა სერიოზული ინფლაცია. სანამ ბიუჯეტი პროფიციტურია, ცენტრალური ბანკი უმკლავდება ინფლაციას და ფინანსთა სამინისტრო მისგან ფულის ბეჭდვას არ მოითხოვს, მაგრამ თუ იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, მაშინ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ დარჩება...თუ მნიშვნელოვანი სანქციები იქნება ექსპორტზე, ეს გამოიწვევს დეფიციტს და მაშინ ძნელი წარმოსადგენია, რომ ფულის საბეჭდი დაზგა არ ამუშავდეს“.

შეძლებს თუ არა რუსეთის ეკონომიკა ზრდას?

კრიზისის ან ეკონომიკური ზრდის მთავარი რაოდენობრივი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დონეა.

ალექსანდრ კუდრინი

„არ ვიცი, რამდენად შეიძლება ენდობოდე მშპ-ს გაზომვას ასეთ პირობებში - ის კარგად მუშაობს საბაზრო პირობებში, როდესაც არ არის ისეთი კოლოსალური შოკები, როგორც ახლა რუსეთშია, - ამბობს ოლეგ იცხოკი, - მშპ-ს გაზომვებს აზრი არ აქვს, როცა ეკონომიკაში ასეთი სერიოზული სტრუქტურული გადახრები ხდება, მაგრამ დავუშვათ, რომ მშპ-ს დონე რელევანტურ ინდიკატორად რჩება. აპრილის შუა რიცხვებში ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ მშპ-ს მოსალოდნელი კლება 2022 წლის ბოლოსთვის იქნება დაახლოებით 10%...თუ კუდრინი მართალია და ყველაფერი 10%-ით დასრულდება, ეს შედარებით კარგი ამბავი იქნება. იმიტომ, რომ ოთხმოცდაათიან წლებში საბჭოთა მშპ-ს ვარდნა დაახლოებით 40-45% იყო და 5-6 წელი გრძელდებოდა. ველით თუ არა ამ მასშტაბის ვარდნას? ჯერჯერობით, ყველა პროგნოზი შედარებით ნაკლებია - 10-დან 30%-მდე 2022 წლის განმავლობაში“.

ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი, ოპტიმიზმის მიზეზი მცირეა.

„თუ 10% ვინმეს მცირე დანაკარგად მიაჩნია, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობიანობის დროს ასეთი მასშტაბის ვარდნის მაგალითები არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს ქვეყნები, რომელთა ტერიტორიებზე ომი არ მიმდინარეობდა და მათი მშპ ასე შემცირდა, რუსეთის ტერიტორიაზე კი ომი ჯერ არ წარმოებს. 10%-იანი ვარდნა აბსოლუტურად არაორდინარული მოვლენაა, რომლის ანალოგს სხვა ქვეყნებში ვერ ვიპოვით“, - მიიჩნევს ოლეგ იცხოკი.

ოლოგ იცხოკი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი

1 მაისს გაზეთმა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ რუსეთის ეკონომიკა გაუმკლავდება კრიზისს და 2024 წელს გადავა ზრდაზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ რუსული ფინანსური ინსტიტუტების ექსპერტები.

კონსტანტინ სონინი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ ვითარებაში მშპ-ს ზრდაზე საუბარიც კი არ შეიძლება.

„არ არსებობს გონივრული სცენარი, რომ რუსეთის ეკონომიკა იცოცხლებს და განვითარდება ასეთი დონის სანქციების პირობებში. ვერცერთი ეკონომიკა ნორმალურად ვერ იარსებებს სამყაროსგან ასეთი იზოლაციის პირობებში, - ამბობს სონინი, - ასეთი რამ ძალიან ცუდად დასრულდა წინა შემთხვევაში, როცა ეკონომიკური კატასტროფის შედეგად საბჭოთა კავშირი დაინგრა. ამჯერადაც ყველაფერი ზუსტად აქეთკენ მიდის. გარდაუვალად, მაგრამ არა სწრაფად, ეკონომიკა ერთ ღამეში ვერ დაიშლება, აფეთქებული სახლივით არ ჩამოინგრევა. ნელ-ნელა დაიწყებს ჩაწოლას, ხალხი კი სულ უფრო უარესად და უარესად იცხოვრებს. რუსეთს 2022 წელს ღრმა რეცესია ემუქრება. ზრდა არც მომავალ წელს არის მოსალოდნელი“.

სანამ ომი გრძელდება, სულ უფრო და უფრო მეტი სანქცია იქნება.

„რუსეთის ეკონომიკა უკვე ექვემდებარება ბევრად უფრო მკაცრ სანქციებს, ვიდრე ირანი. ამგვარი მასშტაბური სანქციები კლავს ყველა სახის ზრდისა და განვითარების პერსპექტივას, - ამბობს კონსტანტინ სონინი, - არა მგონია, ომი დამთავრდეს მანამ, ვიდრე ხელისუფლებაში პუტინი იქნება. არადა, რეფორმები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა პუტინი წავა. პუტინი რუსეთის ეკონომიკას ბევრად უარეს მდგომარეობაში დატოვებს, ვიდრე მიიღო. ყველაფერი უარესად იქნება არა მხოლოდ ზრდის პირობებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით. განადგურდება ბაზრის ინსტიტუტები და შესაძლოა დაწესდეს ფასების კონტროლი. საჭირო იქნება ეკონომიკის აღდგენა ძალიან დაბალი საწყისი წერტილიდან“.

რა შეიძლება გაკეთდეს კრიზისიდან გამოსასვლელად?

„საუკეთესო ეკონომიკური სტრატეგია არის ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და მოლაპარაკებების დაწყება სანქციების გაუქმებაზე. რუსი ჯარისკაცების ყოველი ნაბიჯი უცხო მიწაზე, ყოველი მოკლული ადამიანი აუარესებს მოლაპარაკების პოზიციას და, შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკურ პერსპექტივას. ერთი დაბომბვის შედეგები შეიძლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის, ვიდრე მთავრობის ნებისმიერი ანტიკრიზისული ღონისძიება, - ამბობს კონსტანტინე სონინი, - ჯარებს თუ გაიყვანენ, ახალ სანქციებს მაინც აღარ დაუწესებენ“.

მაიკლ ალექსეევი დარწმუნებულია, რომ ომის უბრალოდ დასრულება საკმარისი არ იქნება. რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს უკრაინა.

„რუსეთის ჯარი, სულ ცოტა, 24 თებერვლამდე არსებული საზღვრებიდან მაინც უნდა გავიდეს. ეს არის მინიმუმი იმისთვის, რომ სანქციები შემცირდეს, მაგრამ ასეთი რამ წარმოუდგენელია, სანამ პუტინი რჩება ხელისუფლებაში ან სანამ რუსეთი არ დამარცხდება, თუმცა, სამწუხაროდ, პუტინის წასვლის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთში მნიშვნელოვნად შეიცვლება რამე“, - განაცხადა ალექსეევმა, რომლის აზრით, რუსეთში დემოკრატიული ხელისუფლებაც რომ მოვიდეს, მას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს წინამორბედების მიერ დაწყებული ომის საფასურის გადახდა:

„სანქციები შეიძლება შედარებით სწრაფად მოიხსნას, მაგრამ რეპუტაციული ზიანის გათვალისწინებით, ყველაფერი გაცილებით რთულად არის. რუსეთის ეკონომიკაზე ახლა დიდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ სანქციები, არამედ ის ფაქტიც, რომ ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა ქვეყანა. სურთ თუ არა მათ უკან დაბრუნება? რთული კითხვაა. როცა უკვე დაკარგე ბიზნესი რუსეთში, იქ დაბრუნება დიდად აღარ გინდა. ფიქრობ, რომ კვლავ შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც ისევ დაგაკარგვინებს ბიზნესს. რატომ გავრისკო? რა თქმა უნდა, საბოლოოდ ამგვარი დამოკიდებულება შეიცვლება, მაგრამ ამას წლები, შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს“.

რა შეუძლიათ რუსეთის მოქალაქეებს დარტყმის შესარბილებლად? კონსტანტინ სონინი მზადაა, ერთი პრაქტიკული რჩევა გასცეს:

„იყიდეთ დოლარები ან ევროები და შეინახეთ სანდო ბანკში, ან კიდევ უკეთესი - სეიფში, სადაც სახელმწიფო იოლად ვერ შეიხედავს. ვალუტის ყიდვა შავ ბაზარზე, მაინც უკეთესია, ვიდრე დანაზოგის რუბლში შენახვა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ოთხმოცდაათიანებს უბრუნდება არა მხოლოდ მოხმარების კუთხით, არამედ მთელი პაკეტით, მათ შორის, ვალუტის შავი ბაზრით“.

ოლეგ იცხოკი კი მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში თავის დაცვის საშუალება უბრალოდ არ არსებობს:

„უკვე მოხდა კატასტროფა, თუმცა ჯერ არ შეგვიძლია ზუსტად შევაფასოთ კრიზისის მასშტაბები, რადგან ის ისე ნელა უახლოვდება რუსეთს, როგორც ოკეანის უზარმაზარი ტალღა. ნელა კი უახლოვდება, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს კრიზისი იქნება და ისიც ვიცით, რომ არ არსებობს გზა, ეროვნულ დონეზე, სრულად დაიცვათ თავი მისგან. ამგვარი ინსტრუმენტები არც მთავრობას და არც ცალკეულ პირებს არცერთ ეკონომიკაში არ აქვთ. კრიზისი ყველას შეეხება. და ერთადერთი რეალური რჩევა, რისი მიცემაც შეიძლება, არის ომის შეჩერება და პოლიტიკური რეფორმების დაწყება. ამის გარეშე შეუძლებელია რამის გაკეთება“.