ჩეხეთის რესპუბლიკის სენატმა უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად აღიარა

ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის არმიის ქმედებები გენოციდად აღიარა - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა პრაღაში, ევგენი პერებიინისმა, ტვიტერის საშუალებით გაავრცელა ცნობა.

კერძოდ, თავის პოსტს მან დაურთო ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის რეზოლუცია. ელჩისავე თქმით, საუბარია კიევისთვის იარაღის მიწოდებით შემდგომ მხარდაჭერასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე.

მანამდე კანადის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის პარლამენტებმა აღიარეს რუსეთის ქმედებები უკრაინაში, როგორც გენოციდი. გარდა ამისა, ლიეტუვის პარლამენტმა რუსეთს "ტერორიზმის მხარდამჭერი და განმახორციელებელი სახელმწიფო" უწოდა.

აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას უკრაინის მიმართ გენოციდი უწოდა. "მე მას გენოციდი ვუწოდე, რადგან სულ უფრო აშკარა ხდება, რომ პუტინი უბრალოდ ცდილობს დედამიწის პირისაგან წაშალოს აზრიც კი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია იყო უკრაინელი. უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს იმ საშინელების შესახებ, რაც რუსებმა უკრაინაში დაატრიალეს," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კოლექტიური დასავლეთი რუსეთს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში ადანაშაულებს და მოუწოდებს, შეწყვიტოს საომარი მოქმედება და დატოვოს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.