ბელარუსის ქალაქ ბარანოვიჩში მცხოვრებ ჟურნალისტ იური განცარევიჩს ბრალი წაუყენეს ექსტრემისტული საქმიანობის ხელშეწყობაში და, როგორც ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია იუწყება, ამავე ქალაქში მდებარე საგამოძიებო იზოლატორში მოათავსეს.
ბელარუსის პროსამთავრობო „ტელეგრამის“ არხის ცნობით, განცარევიჩი ერთი კვირის წინ დააკავეს. ამავე არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის დააკავეს მას შემდეგ, რაც ფოტოკამერით გადაიღო რუსეთის სამხედრო ტექნიკა და სურათები დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს გადაუგზავნა. ამ მედიასაშუალებებს შორის აღმოჩნდნენ ბელარუსის ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტულ ფორმირებად“ მიჩნეული გამოცემა „ზერკალო“ და რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის რედაქცია.
სისხლის სამართლის მუხლი, რომლითაც განცარევიჩია სანქცირებული, 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციის მტკიცებით, ამჟამად ბელარუსის ციხეებში მედიის 25 წარმომადგენელი იმყოფება.