ქუთაისის აეროპორტში ჩვენი დაკითხვა გადაწყვიტეს - უკრაინაში მებრძოლი ქართველი

ორ საათზე მეტხანს ცდილობდნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის დატოვებას უკრაინის ფრონტის ხაზიდან დროებით დაბრუნებული ქართველი მოხალისეები. როგორც ერთ-ერთი მებრძოლი უყვება რადიო თავისუფლებას, აეროპორტში პასპორტის კონტროლის გავლისას, მას მესაზღვრემ პასპორტი ჩამოართვა, მოგვიანებით კი მას გამოკითხვაზე გაყოლა მოსთხოვეს. გიორგი ფარცვანიამ პასპორტის დაბრუნება და აეროპორტის დატოვება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც საქმეში მისი ადვოკატი ჩაერთო.

გიორგი ფარცვანია უკრაინაში საომრად ისე წავიდა, რომ ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. ის ვანო ნადირაძის დანაყოფში ჩაეწერა და ორი თვის განმავლობაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. მათ შორის ყველაზე მძიმე ბრძოლა ირპენში გადაიტანა.

10 მაისს, გიორგი ფარცვანიასთან ერთად, უკრაინის ფრონტის ხაზიდან ხუთი მოხალისე, ათდღიანი შვებულებით დაბრუნდა. მათმა ნაწილმა აეროპორტის დატოვება პრობლემების გარეშე შეძლო. სამი მებრძოლი კი პოლიციის, უფრო ზუსტად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ყურადღების ცენტრში მოექცა.

როგორც გიორგი ფარცვანია უყვება რადიო თავისუფლებას, სამ მოხალისეს პასპორტები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს და მათი ცალკე გაყვანა მოითხოვეს:

გიორგი ფარცვანია

„მითხრეს, უნდა გამოგკითხოთო. მე მათთან არაფერი მქონდა სალაპარაკო. მოვითხოვე პასპორტის დაბრუნება, რაზეც უარი მითხრეს. ვეკითხებოდი, რა უნდოდათ, რატომ წაიღეს ჩემი პასპორტი, მაგრამ მხოლოდ ერთ სიტყვას მიმეორებდნენ, დაგველოდეთ, დაგველოდეთ. დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა ეს პროცესი. მოვიდა პოლიცია, მოვიდა ქუთაისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე. ამასობაში მოვახერხე ჩემს ადვოკატთან დაკავშირება. ის ტელეფონით ელაპარაკა ერთ-ერთ თანამშრომელს და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს პასპორტი და შევძელი აეროპორტის დატოვება. ვერ გავიგე, რა უნდოდათ, რა მიზანი ჰქონდათ. უკრაინაში ვანო ნადირაძის დანაყოფში ვიბრძვი. ირპენში ჯოჯოხეთური დღეები გამოვიარეთ, ხუთი დღის განმავლობაში ოჯახებს მკვდრები ვეგონეთ. ამიტომ ვანომ უფლება მოგვცა, რომ რამდენიმე დღით სახლებში ჩამოვსულიყავით, დაგვესვენა. ათ დღეში უკან ვბრუნდები. აქ კი რაღაც გაუგებარი გამოკითხვის მოწყობა გადაწყვიტეს“.

გიორგი ფარცვანიას ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე გვეუბნება, რომ პირი, რომელსაც ის აეროპორტში ტელეფონით ელაპარაკა, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლად გაეცნო და უთხრა, რომ მიგრაციის დეპარტამენტს უკრაინიდან დაბრუნებულ მოხალისეებთან გასაუბრება „კეთილი ნების საფუძველზე“ სურდა. მიგრაციის სამსახურის თანამშრომელმა ადვოკატს განუმარტა, რომ მათი სურვილი იყო მოხალისეებისგან შეეტყოთ, „როგორ არიან უკრაინაში წასული ქართველი მებრძოლები“:

ლაშა ტყეშელაძე

„ამ პირს ავუხსენი, რომ საქართველოს მოქალაქეების დაყოვნება, მათთვის პასპორტების ჩამორთმევა და იძულებით გამოკითხვაზე გადაყვანა არაკანონიერი ქმედება იყო. საემიგრაციო სამსახურის უფლება-მოვალეობა არ არის საქართველოს მოქალაქესთან გასაუბრება და მით უმეტეს, პასპორტის ჩამორთმევა. როდესაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქე ბრუნდება, მას შეუზღუდავად აქვს საზღვრის გადმოკვეთის უფლება თუ მის მიმართ რაიმე სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. ამ შემთვევაში, საემიგრაციო სამსახურის ქმედება სრულიად უკანონო იყო და ამ ქმედების სამართლებრივი ხაზის გავლება თავისუფლების უკანონო შეზღუდვასთანაც კი შეიძლება. მათ მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნეს გიორგის პასპორტი, რაც მკაფიოდ ავუხსენი, რომ ისინი კანონს არღვევდნენ“.

თუკი ლაშა ტყეშელაძეს ნამდვილად მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელი ელაპარაკა, მაშინ მას უნდა სცოდნოდა, რომ ამ დეპარტამენტის უფლება-მოვალეობა არ არის საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვა და მათთვის პასპორტის ჩამორთმევა.

მათი უფლებამოსილებები ნათლად არის განმარტებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე და იქ ვკითხულობთ, რომ მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია, მაგალითად, საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა გაძევება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და ა.შ.

ლაშა ტყეშელაძე დარწმუნებულია, რომ შესაბამის სტრუქტურებს გაუჭირდებათ რაიმე განმარტების გაკეთება, თუ რა მიზეზით შეაყოვნეს მოხალისეები აეროპორტში, რატომ ჩამოართვეს პასპორტები და რატომ მოითხოვეს მათი გამოკითხვა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრებს, რათა მოგვესმინა ოფიციალური განმარტება, რა ედო საფუძვლად უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების გამოკითხვის მცდელობას, თუმცა, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

მართალია პასპორტები არ ჩამოურთმევიათ, მაგრამ აეროპორტში გამოკითხეს უკრაინიდან, დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნებული სხვა ორი ქართველი მებრძოლიც. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ირაკლი ოქრუაშვილმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა უთხრა, რომელიც თავადაც იბრძოდა უკრაინაში:

ირაკლი ოქრუაშვილი

„მას შემდეგ, რაც მე გამოვედი, ჩემი ორი მეგობარი გააჩერეს საზღვარზე. რამდენიმე უაზრო კითხვა დაუსვეს. მეტი არაფერი“.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, უკრაინაში რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე იბრძვის. მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში მარტის დასაწყისში წავიდა. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

თებერვლის ბოლოს, უკრაინაში ქართველი მოხალისეების წასვლის საკითხი დიპლომატიური სკანდალის მიზეზად იქცა. 28 თებერვალს, თბილისიდან, საქართველოს 150-მდე მოქალაქე აპირებდა უკრაინაში წასვლას. თუმცა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეკრებილ მოხალისეებს, რომლებიც ჩარტერულ რეისებს ელოდნენ, აცნობეს, რომ საქართველო მოხალისეთა ჯგუფს გაფრენის უფლებას არ აძლევდა.

მას შემდეგ, რაც მოხალისეებისთვის გამოგზავნილი ჩარტერულ რეისებს თბილისის აეროპორტში დაფრენის უფლება არ მისცეს, ჯერ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, და შემდეგ კი პრეზიდენტმა სპეციალური განცხადებები გააკეთეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიმართვაში, რომელიც უკრაინის ქალაქების მორიგ დაბომბვებს ეხებოდა, ასევე განაცხადა, რომ ყირგიზეთიდან და საქართველოდან ელჩები კონსულტაციებისთვის გაიწვია.

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მალევე დაადასტურეს, რომ ფრენებზე ნებართვა თბილისმა არ გასცა, რადგან ჩათვალა, რომ მოხალისეების უკრაინაში წასვლა "ომში ჩართვის" ტოლფასი იქნებოდა.

ამის პარალელურად კი გამოაქვეყნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობის ამსახველი მაგალითებით - დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან და საერთაშორისო ფორუმებზე მხარდაჭერიდან, თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებად განათებით დამთავრებული.