ოკუპირებულ ცხინვალში რეფერენდუმი არ იქნება - გზავნილი მოსკოვიდან

ცხინვალი

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას - რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიცირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.

„რაც შეეხება რეფერენდუმს, ის მათი (დე ფაქტო ხელისუფლების) ნების საკითხად რჩება. ამასთან, ვფიქრობ, რომ ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევი დალოდებას არჩევს. მართალია, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაეტარებინა ასეთი რეფერენდუმი, მაგრამ აქ ეს დიდწილად მათზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთზეა, რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი გააფართოონ სამოკავშირეო სახელმწიფო“, - განაცხადა კალაშნიკოვმა. მისი განცხადება ცხინვალში უკვე აღიქვეს, როგორც მთავარ გზავნილად და რეკომენდაციად, ვიდრე უბრალო მოსაზრებად.

ასევე ნახეთ პუტინმა ალან გაგლოევს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა

ცხინვალელი პოლიტიკოსი როლანდ ქელეხსაევი, პროექტ „ეხო კავკაზასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის ფედერალური ცენტრის სიგნალი.

ყველა ეს განცხადება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მოსკოვს დამატებით საგარეო-პოლიტიკურ სირთულეებს უქმნის, რაც ჩვენ გარეშეც საკმარისად აქვს. ყოველ ჯერზე საჭიროა განვმარტოთ, ნიშნავს თუ არა ბიბილოვის განცხადება, რომ მოსკოვმა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა ყველაფერი და უახლოეს მომავალში ჩვენს მიერთებას აპირებს. ეს კითხვები სავსებით გამართლებულია, ვინაიდან რეფერენდუმი ყირიმის მიერთებამდეც ჩატარდა. მაშასადამე, ლეონიდ კალაშნიკოვის სიტყვები ასე უნდა გავიგოთ: ორთქლმავლის წინ ნუ გარბიხართ. მოსკოვში გადაწყვეტილების მომწიფებამდე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ფულის და რუსი დიპლომატების ნერვების ფლანგვაა. ამავდროულად, ბელარუსის ხსენებისას, ლეონიდ კალაშნიკოვმა თითქოს შემოგვთავაზა მომავალში შესაძლო გაერთიანების ერთ-ერთი შესაძლო ფორმატი - სამოკავშირეო სახელმწიფოს სუბიექტის სახით“.

ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტის თემურ ცხურბათის აზრით, რეფერენდუმის საკითხში ანატოლი ბიბილოვის მოჩვენებითი გულმოდგინება ჩანდა, რომელსაც მშვენივრად ესმოდა, რომ იდეა ცარიელი იყო.

„მათ სინამდვილეში რუსეთთან მიერთება კი არა, უსაფრთხოება სურდათ. ჩვენ გვეშინია საქართველოსთან მარტო დარჩენის, რადგან ცხადია, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთზე ძლიერია. სწორედ ეს შიში აიძულებს ოსებს, რუსეთთან შეერთების საკითხი წამოჭრან. შეერთების მიმდევართა აბსოლუტური უმრავლესობა ამას არ აღიარებს, მაგრამ მე ხომ მათ შორის ვცხოვრობ, ვიცი, რომ ყველაზე უბრალო ადამიანი იტყვის: „რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობა ჯობია, მაგრამ ქართველები რომ ისევ დაგვესხნენ თავს?“ ანუ რატომღაც არ სჯერათ, რომ რუსეთთან ხელშეკრულება უფრო დიდი უსაფრთხოებაა, ვიდრე რუსეთში შესვლა. მე მიმაჩნია, რომ უსაფრთხოება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთის ნაწილი რომ ვიყოთ. ჩვენ გვიცავს რუსული ბაზა, გარდა ამისა, ჩვენი დამოუკიდებლობაც მცირე დაცვაა - ჩვენ შეგვიძლია გვყავდეს ჩვენი შეიარაღებული ნაწილები, შეგვიძლია, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენს ტერიტორიაზე შევქმნათ სამხედრო საცავი და მოვამზადოთ რეზერვისტები. მაგრამ თუ ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდებით რუსეთში, იარაღზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის საკითხი დაიხურება“.

თემურ ცხურბათის აზრით, ახალგაზრდები უფრო არიან ე.წ. სუვერენიტეტის შენარჩუნების მომხრეები, ვიდრე უფროსი თაობის ადამიანები

„ახალგაზრდები ძირითადად სუვერენიტეტის შენარჩუნების მომხრეები არიან, თუმცა ახალგაზრდებიც განსხვავდებიან. უცნაურია, რომ მათ შორის, ვინც რუსეთიდან სწავლის შემდეგ დაბრუნდა, სუვერენიტეტის ათჯერ მეტი მომხრეა, ვიდრე აქ დარჩენილთა შორის. ეს საოცარი ფენომენია - ყველა მოდის რუსეთიდან საკუთარი სახელმწიფოს აშენების მტკიცე განზრახვით“, - ამბობს თემურ ცხურბათი.

ასევე ნახეთ ვინ არის გაგლოევი და რა შეიცვლება მისი გამარჯვებით ოკუპირებულ რეგიონში?

ცხინვალელი ანალიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა კალაშნიკოვმა ახლად არჩეულ „პრეზიდენტს“, ალან გაგლოევს საქმეც გაუადვილა და ერთგვარი ტვირთიც მოხსნა. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო გვეუბნება, რომ გზავნილი მოსკოვიდან ყველასთვის გასაგებია.

„რეფერენდუმის საკითხის შესახებ აქ, არჩევნების შემდეგ, აღარავინ ლაპარაკობს. ჯერ კიდევ კალაშნიკოვამდე მიგვანიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რომ რუსეთს ახლა ჩვენთვის არ სცალია, მაგრამ ბიბილოვი ამ იდეას დაჟინებით იყო ჩაბღაუჭებული. მას არჩევნების გადატანაც კი უნდოდა იმისთვის, რომ რეფერენდუმის ჩატარება დაემთხვია, მაგრამ ახლა, აგერ კალაშნიკოვმა უფრო გარკვევით გვითხრა, რომ კრემლს უფრო დიდი პრობლემები აქვს გადასაჭრელი, ვიდრე სამხრეთ ოსეთის საკითხია. გაგლოევსაც მძიმე მემკვიდრეობა ხვდება და ჯობია მან აქ ჯერ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოს და საგარეო პოლიტიკას შემდეგ მიხედოს. რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ჩვენზეც ძალიან უარყოფითად მოქმედებს, ცხოვრების დონე უარესდება და გაგლოევს მძიმე პერიოდში უწევს ხელისუფლებაში მოსვლა. მას ძალიან ბევრი საკითხის გადაჭრა მოუწევს და რეფერენდუმის საკითხი ალბათ მალე აღარავის გაახსენდება“.

კრემლს რომ ცხინვალისთვის არ სცალია, რუსეთის პოლიტიკოსებმა ეს უკვე საჯაროდ განაცხადეს. გარდა ამისა, ე.წ. რეფერენდუმის საკითხის გაყინვაში, საქართველოს რუსეთთან დათბობის პოლიტიკაც გარკვეულ როლს თამაშობს, და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიით რუსეთი საბოლოოდ დაანგრევს ამ ურთიერთობას. მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები კი საქართველოზე ზეწოლის მექანიზმად ისევ რჩება, ამიტომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერთება ახლა, როცა მკაცრი სანქციების გავლენის ქვეშაა, რუსეთის ინტერესში არ შედის.