აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინის 40-მილიარდიან დახმარებას

აშშ-ის დროშა ვაშინგტონში, კონგრესის შენობასთან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. თანხის ნახევარზე მეტი განკუთვნილია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის.

კონგრესის ქვედა პალატის გადაწყვეტილებამდე, 9 მაისს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას და აღადგინა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის "ლენდ-ლიზის" პროგრამა, რომელმაც ხელი შეუწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას.

ასევე ნახეთ ბაიდენმა ხელი მოაწერა "ლენდ-ლიზის" კანონს უკრაინისთვის, რაც დააჩქარებს სამხედრო დახმარების მიწოდებას

უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 368 წევრმა - 219-მა დემოკრატმა და 149 რესპუბლიკელმა. წინააღმდეგი იყო 57. ყველა მოწინააღმდეგე რესპუბლიკელია. კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, უკრაინის დახმარების პაკეტი უნდა დაამტკიცოს კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა. უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატი სწრაფად იმოქმედებს.