ზელენსკიმ კიევში მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. კიევში კვლავ გაიხსნა გერმანიის საელჩო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთობლივი პრესკონფერენციისას კიევში, 10 მაისი, 22022 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. მასპინძელმა ბერბოკს მადლობა გადაუხადა რუსეთთან ომში მხარდაჭერისთვის. ზელენსკის თანახმად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია სოლიდარობას ავლენს უკრაინის მიმართ. ბერბოკმა ზელენსკის აცნობა, რომ სულ მალე დაიწყება უკრაინელი სამხედროების სწავლება გერმანიაში, სადაც ისინი აითვისებენ თანამედროვე ჰაუბიცების მოხმარებას. ჰაუბიცებს გერმანია და ნიდერლანდი მიაწვდიან უკრაინას.

ბერბოკი შეხვდა ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა თავის კოლეგასთან ერთად.

მინისტრმა კვლავ გახსნა უკრაინაში გერმანიის საელჩო, რომელიც გარკვეული ხნით, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, დახურული იყო.

ბერბოკი ესაუბრა კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, რომელსაც მინისტრმა უთხრა, რომ გერმანია ვალდებული და პასუხისმგებელია, არ შეასუსტოს სოლიდარობა და დახმარება უკრაინისთვის. უკრაინაში ევროპის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის მიმდინარეობს ბრძოლა - თქვა ბერბოკმა. მან კიევში ქალაქის მერთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ კიევში გერმანიის საელჩო განაახლებს მუშაობას. ანალენა ბერბოკმა უკრაინაში თავისი მოულოდნელი ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის ენერგომატარებლებზე სამუდამოდ ამბობს უარს. მან კიევში თქვა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს უკრაინა მიიღებს, მაგრამ ეს გაწევრიანების დაჩქარებული წესით არ მოხდება.

გერმანიის უმაღლესი დონის დიპლომატის, ანალენა ბერბოკის ეს ვიზიტი გერმანიის მინისტრთა კაბინეტის წევრის პირველი სტუმრობაა კიევში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ.

ბერბოკი 10 მაისს ესტუმრა ირპენს და ბუჩას, რომლის რუსული ძალების მიერ დატოვების შემდეგ, გამოვლინდა მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკი მკვლელობების, წამების ფაქტები, ასევე დახოცილთა მასობრივი საფლავები და მშვიდობიან მოსახლეობაზე განუკითხავი თავდასხმების ფაქტები. არაერთი ქვეყანა, ასევე გაერო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გამოდიან მოწოდებით, გამოძიებულ იქნეს მომხდარი და დადგინდეს, იყო თუ არა ეს ომის დანაშაული. ბერბოკმა ბუჩაში განაცხადა, რომ „ჩვენ მსხვერპლი გვავალებს, მართლმსაჯულება აღსრულდეს“. „ეს მსხვერპლი ჩვენ შეიძლება ვყოფილიყავით", - უთხრა მან თანმხლებს, უკრაინის გენერალურ პროკურორს.

რუსეთი ამტკიცებს, რომ მისი ჯარი სამოქალაქო პირებს არ დასხმია თავს და აცხადებს, რომ ბუჩიდან გავრცელებული ვიდეოები დადგმულია, რათა გაამართლონ დასავლეთის ახალი სანქციები და ჩაშალონ სამშვიდობო მოლაპარაკება. ბერბოკის ვიზიტი კიევსა და ბერლინს შორის ურთიერთობის „გადატვირთვის“ ნიშანიც არის. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა (რომელსაც უარი უთხრა ზელენსკიმ კიევში ჩასვლაზე) და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს 5 მაისს, რათა უთანხმოება აღმოეფხვრათ. ამ უთანხმოების გამო შეიკავა თავი გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ჩასულიყო კიევში.