რა უჯდება რუსეთს ომი?

ჟურნალ Forbes-ის უკრაინულმა რედაქციამ გამოთვალა, რომ ომის ორი თვის განმავლობაში რუსეთმა 7,5 მილიარდი დოლარის რაკეტა ისროლა უკრაინის ტერიტორიაზე. საუბარია მხოლოდ მაღალი სიზუსტის „კალიბრზე“, „ისკანდერსა“ და „ტოჩკა-უ“-ზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ომის მსვლელობისას რუსეთმა უკრაინას 1300-ზე მეტი რაკეტა ესროლა, მათ შორის 235 „კალიბრის“ სისტემისა.

„კალიბრის“ სისტემის რაკეტების რაოდენობის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ზუსტად იყო ცნობილი გაშვებული რაკეტის კლასი. სინამდვილეში, შესაძლებელია რუსეთმა ბევრად მეტი ასეთი რაკეტა გამოიყენა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ არსებობს ზუსტი სტატისტიკა „ისკანდერის“, „ტოჩკა-უ“-ს და X კლასის რაკეტების გამოყენების შესახებ. დაანგარიშებისას დაუშვეს, რომ მათი თანაფარდობა იგივე დარჩა, რაც იყო 24 მარტამდე, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა შემდეგი ინფორმაცია:

  • „ისკანდერებზე“ მოვიდა სამივე კლასის რაკეტების - 62%;
  • X კლასის რაკეტებზე - 30%;
  • „ტოჩკა-უ“-ზე - 8%.

საიტის Military Russia-ს მიხედვით, „ტოჩკა-უ“-ს ფასი დაახლოებით 300 ათასი დოლარია, „კალიბრისა“ (ინდოეთთან 2006 წლის საექსპორტო ხელშეკრულების შესაბამისად) - 6,5 მლნ დოლარი; X-101 კლასის რაკეტები „კალიბრზე” უფრო თანამედროვეა და, შესაბამისად, ექსპერტების აზრით, მასზე რამდენჯერმე ძვირია.

უკრაინაში გასროლილი რაკეტების ჯამური ღირებულება 7,5 მილიარდი დოლარი - რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 502,9 მლრდ რუბლი - აღემატება რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტის ადგილობრივ ბიუჯეტს, თუ არ ჩავთვლით მოსკოვის, მოსკოვის ოლქისა და სანქტ-პეტერბურგის ბიუჯეტებს.

ბევრია თუ ცოტა 503 მლრდ რუბლი, რომელიც დახარჯა რუსეთმა უკრაინის სარაკეტო დაბომბვაში?

რუსეთის მთავრობამ 2021 და 2022 წლებში მძიმე ავადმყოფებისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად 28 მლრდ რუბლი გამოყო, ქალაქ ჩიტის „საბავშვო კლინიკური ცენტრის“ საჭიროებებს კი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 88 მლნ რუბლი მოხმარდა.

რუსეთის ომის დანაკარგების პირველი სამეული ასე გამოიყურება:

  • სარაკეტო კრეისერი „მოსკოვი“ - 750 მლნ დოლარი
  • სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 - 86 მლნ დოლარი
  • დიდი სადესანტო ხომალდი - „სარატოვი“ – 75 მლნ დოლარი

კრეისერი "მოსკოვი"

სულ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 მაისამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი შეადგენს:

  • ტანკი – 1145 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2764 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 513 ერთეული
  • MLRS – 185 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 87 ერთეული
  • თვითმფრინავი – 199 ერთეული
  • შვეულმფრენი – 158 ერთეული
  • მცურავი საშუალება – 12 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატი – 377
  • ფრთოსანი რაკეტა [გაანადგურეს] – 94

2019 წლის მდგომარეობით, ახალი რუსული T-90-ის ღირებულება 2,5-3,5 მილიონი დოლარია, T-90MS-ის კი - 4,5 მილიონი დოლარი, მეხუთე თაობის რუსული ავიაგამანადგურებლები კი 25-30 მლნ დოლარი ღირს. სამხედრო-ანალიტიკური ინტერნეტგამოცემის sofrep.com-ის დათვლით, რუსეთს უკრაინაში ომის თითოეული დღე 900 მლნ დოლარი უჯდება. ამ თანხაში შედის ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ანაზღაურება, საბრძოლო მასალის ღირებულება და დაკარგული ან დაზიანებული ტექნიკის საფასური.

რუსეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავის სუ-35-ის ნაშთები

საგულისხმოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას აღარ აქვეყნებს. 2 მარტს ითქვა, რომ დაღუპულია 498 რუსი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 25 მარტს - 1351. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 მაისამდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 25 650 ადამიანი დაკარგა.

რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მსგავსად, დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას მალავენ რეგიონული სტრუქტურებიც, თუმცა საინფორმაციო პორტალ „მედიაზონისთვის“ (zona.media) ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 125 დაღესტნელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დაღუპულთა რაოდენობით დაღესტანი პირველ ადგილზეა რუსეთის რეგიონებს შორის:

  • დაღესტანი - 125
  • ბურიატია - 85
  • ორენბურგის ოლქი - 61
  • ჩელიაბინსკის ოლქი - 52
  • ჩრდ. ოსეთი - 49
  • კრასნოდარი - 47
  • სტავროპოლის მხარე - 46

რუსი სამხედროები უკრაინაში, 2022 წ. 13 აპრილი

მოსკოვში მცხოვრები დაღესტნელი პუბლიცისტი, აბდურაშიდ საიდოვი მიიჩნევს, რომ ოფიციალური მონაცემებიც კი, რომლებიც ვერ ასახავს რეალურ ვითარებას, ნამდვილ კატასტროფაზე მეტყველებს.

„ე.წ. სპეციალური ოპერაციის მხოლოდ ორ თვეში, სულ მცირე, 125 „ტვირთი 200“ ჩაიტანეს დაღესტანში, მაგრამ რამდენი დარჩა ბრძოლის ველზე? და რამდენი დაღესტნელია იმათ შორის, ვისი ვინაობაც ვერ დადგინდა? ავღანეთის ომში, რომელიც ათი წელი გრძელდებოდა, სულ 122 დაღესტნელი დაიღუპა. ყველა მათგანი, გვარისა და ეროვნების მითითებით, ოფიციალურ სტატისტიკაში ფიგურირებს“, - ამბობს აბდურაშიდ საიდოვი.

რუსი სამხედროების მასობრივ დაღუპვასა და დასახიჩრებას ფულადი გამოსახულებაც აქვს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 3 მარტს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს ერთჯერადად 7 421 000 რუბლს გადაუხდიდნენ. გარდა ამისა, სადაზღვევო ანაზღაურებასა და ერთჯერად თანხას დაჰპირდნენ სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სამხედროებსაც.

სერგეი კირიენკო და ვლადიმირ პუტინი

„თუ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც კონტრაქტით მსახურობდა, მიღებული ჭრილობის გამო ცნობენ სამხედრო სამსახურისთვის გამოუსადეგრად, ის მიიღებს ერთჯერად დახმარებას 2 968 000 რუბლის ოდენობით, ხოლო ინვალიდობის შემთხვევაში - ყოველთვიურ ანაზღაურებას. ჩვენი ვალია მხარი დავუჭიროთ ჩვენი დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლების ოჯახებს, რომლებიც იბრძოდნენ სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რუსეთის ხალხისთვის“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ეროვნული ბანკის 10 მაისის კურსით, 1 მლნ რუბლი 14,3 ათასი აშშ ამერიკული დოლარია.