ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“კანონს ხელი მოაწერა - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 მაისს

აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინისათვის დახმარების შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გრძელვადიანი სესხი-იჯარით შეიარაღება და სხვა სახის ნაწარმი მიაწოდოს უკრაინას.

„მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. "ლენდ-ლიზის" შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინასა და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

Lend-Lease-ით ცნობილმა ამერიკის სახელმწიფო პროგრამამ თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის ბედის გადაწყვეტაში. 1941-1945 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ამარაგებდა საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით, მედიკამენტებით, საკვებითა და სხვა სტრატეგიული ნედლეულით.

  • რა იყო Lend-Lease-ი მეორე მსოფლიო ომის დროს?
  • როგორ მუშაობდა მისი მექანიზმი?
  • რა მიიღო საბჭოთა კავშირმა ამ პროგრამით?
  • როგორია ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პუტინის რუსეთის უმადურობა?

ამ თემაზე ვრცელ ინფორმაციას შეგიძლია გაეცნო ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში

აშშ-ის და კანადის კვალდაკვალ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იყო.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, იმპორტის დამატებით 35%-იანი გადასახადი დაუწესდა სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის, პლატინას და პალადიუმს.

რუსეთი პლატინის და პალადიუმის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია და მისი ექსპორტი დიდწილად დიდ ბრიტანეთზეა დამოკიდებული.

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტით ლონდონმა გააფართოვა ჩამონათვალიც იმ პროდუქციისა, რომლის რუსეთში ექსპორტი აკრძალულია. მათ შორისაა ქიმიკატები, პლასტმასა, რეზინი და სამანქანო დანადგარები, რომელთა ექსპორტმა შარშან 250 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. დიდი ბრიტანეთის სანქციების ახალი პაკეტი შეეხო ბელარუსსაც.

8 მაისს, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს აშშ-მა და კანადამაც.

ხოლო ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ.

სანქციების მეექვსე პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ნავთობის შეძენისა და ტრანსპორტირების აკრძალვას. 2024 წლამდე იმპორტის გამონაკლისი შეთავაზებულია უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთისთვის, რომელთა ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ საწვავზე.

უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს შერბილება მათთვის საკმარისი არ არის და მოითხოვენ, აუნაზღაურონ ბუდაპეშტს სხვა ქვეყნების მარაგებზე რეორიენტაციის ხარჯები.

გარდა ამისა, კვიპროსი და საბერძნეთი ითხოვენ ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვის გადადებას, სანამ მსგავსი შეზღუდვა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ არ დაწესდება.

ამ თემაზე მიმდინარე სიახლეებს თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და "ინაუგურაცია" ოკუპირებულ ცხინვალში

ალან გაგლოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 8 მაისს ჩატარებული, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია "ნიხასის" თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა დაამარცხა მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. გაგლოევის "ინაუგურაცია" დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება.

ალან გაგლოევი 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის „კა-გე-ბე“-ში მუშაობდა და მოგვიანებით ამ მიმართულებით რუსეთში გაიღრმავა ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა.

ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის ღია მხარდაჭერა არ ჰქონდა. თუმცა, როგორც ზოგიერთი ადგილობრივი საიტი იუწყება, მას ცხინვალიდან წასული, რუსეთში დამკვიდრებული ძლიერი ფინანსური ჯგუფების წარმომადგენლები ლობირებენ.

საქართველოს ხელისუფლების გარდა, ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული „არჩევნები“ დაგმო აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა ჯიმ რიშმაც.

„მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, - წერს ჯიმ რიში.

ალან გაგლოევთან მარცხის აღიარების შემდეგ, მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ბიბილოვის განცხადებით, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე შეგროვებულია და გადაცემულია „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის“.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

ვინ არის გაგლოევი და რა შეიცვლება მისი გამარჯვებით ოკუპირებულ რეგიონში? - ვრცლად ამ ინფორმაციას გოგა აფციაურის სტატიაში იხილავ

ევროკომისია მომავალ თვეში გამოთქვამს მოსაზრებას უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე

ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის ხელმძღვანელი

ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, ევროკომისია, მომავალ თვეში უპასუხებს უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მანამ, სანამ საკითხის განხილვას ბლოკის 27 წევრი ქვეყანა დაიწყებდეს, - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურზულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს.

ზელენსკიმ 18 აპრილს გადასცა შევსებული კითხვარი ბლოკის წარმომადგენლებს და ამჟამად დოკუმენტის შესწავლა მიმდინარეობს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეეცდებიან გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.

მიუხედავად ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანებას შესაძლოა წლები დაჭირდეს. მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.

ასევე ნახეთ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დასჭირდება, გამოდის "პოლიტიკური გაერთიანების" იდეით მსურველი ქვეყნებისთვის

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მარტის დამდეგს გაგზავნეს საქართველომ და მოლდოვამაც.

თემის შესახებ სიახლეების გასაცნობად თვალი ადევნე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციას

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე, არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

4 მაისს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე გამოეხმაურა თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მან დაწერა, რომ ბოლო დღეებში მის მიმართ „აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო“ გულნატკენი და შეურაცხყოფილია.

როგორ ისწავლება მეორე მსოფლიო ომი?

მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებს, მის დასაწყისს, ფაზებს, დასასრულსა და ომის შედეგებს მოსწავლეები მეცხრე და მეთორმეტე კლასებში სწავლობენ. არის თუ არა ამ მხრივ ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოები მრავალმხრივი წყაროებითა და კონკრეტული ფაქტებით გაჯერებული? არის თუ არა სრულად დისტანცირებული საბჭოური კლიშეებისგან, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად შეძლონ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მეორე მსოფლიო ომის კონტექსტის, თავად ომისა და შემდგომ უკვე მისი შედეგების შესახებ? - ეს არის ის მთავარი კითხვები და გამოწვევები, რასაც ისტორიკოსები და მკვლევრები დღეს, ქვეყანაში გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებს უყენებენ

წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატია ამ თემაზე