ბაიდენმა ხელი მოაწერა "ლენდ-ლიზის" კანონს უკრაინისთვის, რაც დააჩქარებს სამხედრო დახმარების მიწოდებას

ჯო ბაიდენი ხელს აწერს "ლენდ-ლიზის" კანონს, 9 მაისი, 2022 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 მაისს ვაშინგტონში ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას, რომლითაც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის "ლენდ-ლიზის" პროგრამას. თავის დროზე ამ პროგრამით ხელი შეეწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას, ამჯერად ის მიზნად ისახავს კიევის გაძლიერებას, მისთვის აშშ-ის იარაღის მიწოდების გაიოლების გზით.

ახალი კანონი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, თუმცა ის ემთხვევა კონგრესის ინიციატივას დამატებით 33 მილიარდი დოლარის ან მეტის რესურსი გამოიყოს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. კანონის ხელმოწერა ასევე სიმბოლური პასუხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის, რომელმაც მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე გამოიყენა უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად.

კანონის ხელმოწერამდე ბაიდენმა თქვა, "პუტინის ომს... კიდევ ერთხელ მოაქვს სასტიკი ნგრევა ევროპაში", რითაც მიანიშნა 9 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

კანონის ხელმოწერის მომენტში ბაიდენთან ერთად იდგნენ ორი დემოკრატი და ერთი რესპუბლიკელი სენატორები. გასულ თვეში კანონი იოლად დამტკიცდა სენატში, წარმომადგენელთა პალატაში მისი წინააღმდეგი მხოლოდ 10 რესპუბლიკელი იყო.

"ეს მართლა მნიშვნელოვანია", - თქვა ბაიდენმა უკრაინის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერაზე.