9 მაისს, როცა რუსეთი მეორე მსოფლიო ომში „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინისათვის დახმარების შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გრძელვადიანი სესხი-იჯარით შეიარაღება და სხვა სახის ნაწარმი მიაწოდოს უკრაინას. Lend-Lease-ით ცნობილმა ამერიკის სახელმწიფო პროგრამამ თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის ბედის გადაწყვეტაში. 1941-1945 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ამარაგებდა საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით, მედიკამენტებით, საკვებითა და სხვა სტრატეგიული ნედლეულით.
- რა იყო Lend-Lease-ი მეორე მსოფლიო ომის დროს?
- როგორ მუშაობდა მისი მექანიზმი?
- რა მიიღო საბჭოთა კავშირმა ამ პროგრამით?
- როგორია ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი პუტინის რუსეთის უმადურობა?
1941 წლის 29 სექტემბერს მოსკოვში დაიწყო სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთა კონფერენცია, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ფუნდამენტური გადაწყვეტილებები საბჭოთა კავშირისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ფართომასშტაბიანი მიწოდების შესახებ. 1 ოქტომბერს ხელი მოეწერა პირველ ოქმს 9 თვის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ნაწარმის მიწოდების თაობაზე - რუსი ისტორიკოსის, მარკ სოლონინის თქმით, ასე დაიწყო ამერიკული Lend-Lease-ის ისტორია საბჭოთა კავშირისთვის.
საბჭოთა კავშირისთვის სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალის მიწოდება გაგრძელდა 1945 წლის სექტემბრამდე. საერთო ჯამში, საბჭოთა კავშირს (ძირითადად აშშ-დან) 9,48 მილიარდი დოლარის ღირებულების 17,3 მილიონი ტონა ქონება გადაეცა. გაწეული სამუშაოებისა და მომსახურების გათვალისწინებით, Lend-Lease-ის პროგრამის მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 11 მილიარდი დოლარი. საუბარია 40-იანი წლების დასაწყისის დოლარზე, როდესაც 1000 დოლარით 850 გრამი ოქროს ზოდის ყიდვა შეიძლებოდა. ახლა ამავე წონის ოქროს შესაძენად 51-ჯერ მეტი თანხაა საჭირო.
საბჭოთა კავშირისთვის სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის საჭირო სხვადასხვა მასალის მიწოდება გაგრძელდა 1945 წლის სექტემბრამდე.
დღევანდელ რუსეთში არ უყვართ Lend-Lease-ის გახსენება. „რუსეთმა ნაცისტური გერმანია დაამარცხა მარტომ, სხვების დაუხმარებლად. მთელი სამყარო, განსაკუთრებით კი დასავლეთი, ვალშია რუსეთთან. 1944 წლამდე საბჭოთა კავშირი ომობდა მარტო და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი გამარჯვება გარდაუვალი გახდა, დასავლელმა მოკავშირეებმა გახსნეს მეორე ფრონტი“, - ასეთია მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის როლის ერთადერთი მისაღები ვერსია, რომელიც რუსეთის მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად ვლადიმირ პუტინის ძალისხმევით დამკვიდრდა. 2019 წელს, დასავლელი მოკავშირეების როლზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა:
„ერთადაც რომ არ ვყოფილიყავით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებდით, რადგან ჩვენ გამარჯვებულთა ქვეყანა ვართ. მეტიც, რაც მე ვთქვი, ამას აქვს საფუძველი. თუ გადავხედავთ მეორე მსოფლიო ომის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი, 70%-ზე მეტი, ჰქონდა რუსეთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ომი მოგებულ იქნა (არ მინდა ვინმეს ვაწყენინო) რუსეთის ადამიანური და ინდუსტრიული რესურსების ხარჯზე. ეს ისტორიული ფაქტია. ყველაფერი დოკუმენტებში წერია“.
თუმცა დოკუმენტებში, რომლებზეც პუტინი ლაპარაკობს, ბევრი სხვა რამეც წერია. საქმე ის არის, რომ ომის დასაწყისშივე, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა, უინსტონ ჩერჩილმა და ფრანკლინ რუზველტმა განაცხადეს, რომ მზად არიან აღმოუჩინონ სსრკ-ს ყველა სახის შესაძლო დახმარება, რაშიც დიდად იყო დაინტერესებული თვითონ საბჭოთა კავშირი, რადგან გერმანიის თავდასხმიდან პირველ დღეებშივე საბჭოთა კავშირმა დაკარგა დიდძალი სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, საზღვრის გასწვრივ განლაგებული ავიაცია, ტანკები და მძიმე შეიარაღება. დღეს ბევრს არ სჯერა, თუ რა ოპერატიულად დაიწყეს ბრიტანელებმა და ამერიკელებმა საბჭოთა კავშირის დახმარება.
„ომის დაწყებიდან არასრულ ერთ თვეში, 1941 წლის ივლისში, არხანგელსკში გაიხსნა ორი სამხედრო-საზღვაო მისია - ამერიკული და ბრიტანული, სწორედ არგანგელსკის გავლით ჩადიოდნენ მოსკოვში ბრიტანელი და ამერიკელი სპეციალისტები საომარი მოქმედებების შესაფასებლად, იმის გასარკვევად, შეეძლო თუ არა საბჭოთა კავშირს გერმანიისთვის სათანადო წინაამდეგობის გაწევა. ამერიკელი და ბრიტანელი ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა გერმანიასთან გამარჯვების შანსი, რადგან საყოველთაოდ ცნობილი იყო წითელ არმიაში განხორციელებული რეპრესიების მასშტაბი, რომ რეპრესირებულ იქნა წითელი არმიის სამეთაურო შტაბის 2/3, რომ სსრკ მთლიანად დაცლილი იყო სისხლისგან რეპრესიებისა და სტალინის უწიგნური ეკონომიკური პოლიტიკის, მილიტარიზაციის გამო. ამასთან, სტალინს ბოლომდე არ სჯეროდა, რომ გერმანია, ვისთანაც მოლოტოვ-რიბენტროპის ზავით იყო შეკრული, ნამდვილად დაესხმებოდა თავს საბჭოთა კავშირს, არადა, მტკიცებულებების უამრავი მასალა ედო სამუშაო მაგიდაზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ გაერკვა ვითარებაში და ვერ აიცილა ძლიერი დარტყმა, ვერ გადაარჩინა სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ვერ მოიყვანა ჯარი საბრძოლო მზადყოფნაში. ამ სტრატეგიულმა შეცდომამ საბედისწერო როლი ითამაშა. სწორედ ამის გამო, ომის პირველ დღეებში არავის სჯეროდა სსრკ-ის ძალისა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მკვლევარმა ელიზავეტა ჰატანზეისკაიამ.
გადამწყვეტი აღმოჩნდა სახელმწიფოთა ლიდერების - ჩერჩილის და რუზველტის პოზიცია. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო აშშ-ში, სადაც ამერიკული საზოგადოების აზრი ორად გაიყო: გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების დაახლოებით 38% ამბობდა, რომ საჭირო იყო საბჭოთა კავშირისათვის დახმარება, ხოლო 50 პროცენტზე მეტი ამ დახმარების წინააღმდეგი იყო, თუმცა რუზველტის ძალისხმევით, დახმარების პირველი პარტია არხანგელსკში 1941 წლის 31 აგვისტოს ჩავიდა (არადა, საბჭოთა კავშირზე Lend-Lease-ის კანონი ფორმალურად მხოლოდ 1941 წლის 7 ნოემბერს გავრცელდა). დახმარების პირველ პარტიაში იყო ნაღმები, ჭურვები, თვითმფრინავები (ბრიტანული „ჰარიკეინები“). ამასთან, მიწოდების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა პერლ-ჰარბორის თავდასხმის (1941 წლის 7 დეკემბერი) შემდეგ, ხოლო მომდევნო წლებში, ომის მსვლელობისას, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგაც კი, როგორც ნიკიტა ხრუშჩოვი წერდა თავის მოგონებებში, საბჭოთა არმიის ლამის მთელი ტექნიკა ამერიკული იყო:
„თითქმის მთელი ჩვენი არტილერია იყო ამერიკულ წევაზე. ერთხელაც, სტალინის სიკვდილის შემდეგ, წამოვაყენე საკითხი: "მოდით, ყველა მანქანა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, გადავცეთ ჩვენს სამხედროებს, რადგან უბრალოდ უხერხული სანახავია: აღლუმის დროს მოდის არტილერია, წევა კი ამერიკულია". თითქმის მთელი ჩვენი სამხედრო ტექნიკა, რომელიც იდგა გდრ-ში, ასევე იყო ამერიკელ Studebaker-ებზე. უხერხულია, სირცხვილია ჩვენთვის. რამდენი წელი გავიდა ომის დასრულებიდან და ჩვენ ისევ ამერიკული მანქანებით დავდივართ“.
ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან უკვე 1941 წლის დეკემბრისთვის საბჭოთა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იყო, იქ კი ომამდე იწარმოებოდა სამრეწველო ნაწარმის დაახლოებით 40%, ამდენივე მარცვლეული და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.
Lend-Lease-ის კონცეფცია და საფუძვლები
Lend-Lease-ის კონცეფცია, რომელიც მიბმულია „აშშ-ის უსაფრთხოების კანონთან“, გულისხმობს შემდეგს: მეომარი მხარე იყენებს მოკავშირეების, ძირითადად შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მოწოდებულ სამხედრო აღჭურვილობას. რასაც მიმღები მხარე არ გამოყენებს, უკან აბრუნებს ომის შემდეგ, როდესაც ყველა დიპლომატიურ დოკუმენტს წერტილი დაესმება, როცა დამყარდება მშვიდობა, დადგინდება საზღვრები და ა.შ. ანუ კანონის თანახმად, საომარი მოქმედებების დროს გადარჩენილი აღჭურვილობა უბრუნდება შეერთებულ შტატებს, ხოლო ქონებაში, რომელიც ომის შემდეგაც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, მიმღები ქვეყანა უხდის შეერთებულ შტატებს ღირებულებას მთლიანად ან ნაწილობრივ.
მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის კანონმა Lend-Lease-ის შესახებ შესაძლებლობა მისცა ამერიკის პრეზიდენტს, წინასწარი გადახდის გარეშე, დახმარებოდა ანტიჰიტლერული კოალიციის ნებისმიერ ქვეყანას, რომლის დაცვაც მნიშვნელოვნად მიაჩნდა თავად შეერთებულ შტატებს. Lend-Lease-ის აქტის სრული სახელია „შეერთებული შტატების თავდაცვის უზრუნველყოფის აქტი“. კანონი აშშ-ის კონგრესმა 1941 წლის 11 მარტს მიიღო.
„Lend-Lease-ის კონცეფცია ორჯერ შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, - ამბობს ელიზავეტა ჰატანზეისკაია, - პირველი კონცეფცია - "აშშ-ის მონაწილეობა ომში საომარ მოქმედებებში ჩართვის გარეშე" - გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა, როგორც ნებისმიერი იმ ქვეყნის დახმარების კონცეფცია, რომლის დაცვაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისთვის. პრეზიდენტი ამერიკელ დედებს დაჰპირდა, რომ მათ შვილებს არ მოუწევდათ ბრძოლა „სხვის ომში“. თავდაპირველად შეერთებული შტატები მეგობარ სახელმწიფოებს დახმარებას უწევდა გარკვეულ ფასად, კრედიტის საფუძველზე“.
თუმცა პერლ-ჰარბორის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სწორედ მაშინ დამუშავდა Lend-Lease-ის მეორე კონცეფცია. საბჭოთა კავშირისთვის უდიდესი როლი ითამაშა Pool კონცეფციამ („გამარჯვების რეზერვუარი“), რომელიც გულისხმობდა ომში ჩართული ყველა სახელმწიფოს რესურსების ერთობლივ მობილიზებას გამარჯვებისთვის (იმ მომენტში ძირითადად ნაცისტური გერმანიაზე გამარჯვება იგულისხმებოდა).
სსრკ-ზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, Pool კონცეფცია გავრცელდა საბჭოთა კავშირისთვისაც. კონცეფციის დამტკიცების მომენტიდან მოსკოვმა დაიწყო შეიარაღების, სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა სახის მასალების უსასყიდლოდ მიღება, რადგან ითვლებოდა, რომ ეს იყო სამხედრო ოპერაციები შეერთებული შტატების დასაცავად.
როგორ იცვლებოდა Lend-Lease ომის მსვლელობისას
ბევრი რამ იყო დამოკიდებული მიმღები ქვეყნის მოთხოვნაზე. როგორც წესი, სტალინი მიმართავდა მოკავშირეებს გარკვეული მოთხოვნით: რა იყო, მისი აზრით, საჭირო, რამდენი ერთეული სამხედრო ტექნიკა თუ საკვები, თუმცა, სტალინის ხასიათისა და ხალხისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არავის უკვირს, რომ უმეტესწილად ითხოვდა შეიარაღებას. შემდეგ - სურსათს ჯარისთვის, მედიკამენტებს და ბოლოს რაღაცებს ზურგისთვის. ამასთან, საბჭოელები უკვეთავდნენ არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკას, წყალქვეშა ნავებს, ტანკებს, რომლებიც ყოველთვის პრიორიტეტული იყო, არამედ, მაგალითად, მთელ ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ან საავადმყოფოებს სრულად აღჭურვილს ბრიტანული და ამერიკული მედიკამენტებითა და სამედიცინო აპარატურით, ან ოპტიკურ მოწყობილობებს სამხედრო სფეროში მომუშავე საბჭოთა მეცნიერებისთვის. 1941 წლის ტვირთის ¾ შედგებოდა ჩარხებისგან, სამრეწველო აღჭურვილობისა და ნედლეულისგან საკუთარი საბჭოთა იარაღის წარმოებისთვის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო სსრკ-სთვის.
ომის ბოლო წელს დახმარების შინაარსი შეიცვალა. სსრკ-ის ტერიტორია და ევროპის ნაწილი გათავისუფლდა და საჭირო იყო საბჭოთა ქალაქების აღდგენა, ამიტომაც 1945 წელს Lend-Lease -ით მიწოდებული ნაწარმის 90% სამოქალაქო დანიშნულების იყო.
Lend-Lease-ის ფარგლებში მოთხოვნის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სტალინის წერილი უინსტონ ჩერჩილისადმი, დაწერილი 1941 წლის სექტემბერში, რომლითაც იგი ითხოვდა, ოქტომბრის დასაწყისისთვის საბჭოთა კავშირისთვის მიეცათ 30 ათასი ტონა ალუმინი და ყოველთვიურად მინიმუმ 400 თვითმფრინავი და 500 ტანკი (მცირე ან საშუალო).
ელიზავეტა ჰატანზეისკაიას თქმით, ომის პირველ პერიოდში ტანკები და თვითმფრინავები ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ისინი მუდმივად ჩანს საბჭოთა შეკვეთებში. ომის პირველ წელს ამერიკული და ბრიტანული ტანკები შეადგენდა ფრონტზე გასული ყველა საბრძოლო მანქანის 30%-ს. Lend-Lease -ით მიწოდებული თვითმფრინავების პროცენტი კიდევ უფრო მაღალი იყო - ყოველი მეხუთე თვითმფრინავი, რომელიც ომის დროს წითელი არმიის ბალანსზე იყო, მოდიოდა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთზე. ომის მსვლელობისას სწორედ ამ თვითმფრინავებით დაფრინავდნენ ალექსანდრ პოკრიშკინი, გეორგი რეჩკალოვი, ნიკოლაი გულაევი და სხვა ცნობილი საბჭოთა მფრინავები.
ამასთან, როგორც წესი, მოკავშირეები აკმაყოფილებდნენ საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა მოთხოვნას. გამოთვლილია, რომ 1943-44 წლებში საბჭოთა არმიის მოთხოვნილი საჭიროების 80-90%-ით უზრუნველყოფა ხდებოდა. გარკვეულ ამერიკულ პროდუქციას უბრალოდ არ ჰქონდა ანალოგი სსრკ-ში. მაგალითად, Studebaker-ებმა და Dodge ¾-მა - სატვირთო მანქანებმა, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდათ ფრონტზე მყოფ საბჭოთა ჯარისკაცებს, პრაქტიკულად გადაჭრა საშუალო კალიბრის არტილერიისა და ლეგენდარული „კატიუშების“ მობილობის პრობლემა, ანუ, ამერიკული მანქანებით შევსებული საავტომობილო პარკი უზრუნველყოფდა არტილერიის ეფექტიან ტრანსპორტირებას, საბრძოლო მასალის მიწოდებასა და დაჭრილთა ევაკუაციას.
Lend-Lease-ის მასშტაბი და უმადურობა
საბჭოთა კავშირმა ომის დამთავრებისთანავე დაიწყო Lend-Lease-ით მიღებული დახმარების მნიშვნელობის დაკნინება. არადა, საუბარია 7 000 ტონა ოქროს ღირებულების 17 მლნ ტონა უაღრესად მნიშვნელოვან, ხშირ შემთხვევაში უნიკალურ საქონელზე.
1947 წელს წიგნში „სსრკ-ის სამხედრო ეკონომიკა დიდი სამამულო ომის დროს“, აკადემიკოსმა ნიკოლაი ვოზნესენსკიმ, რომელიც საბჭოთა მთავრობის მეთაურის (ე.ი. სტალინის) მოადგილე და საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, მოკავშირეთა დახმარება საბჭოთა კავშირის მიერ იმ წლებში წარმოებული პროდუქციის 4%-ს ანუ ლამის სტატისტიკური გათვლების ცდომილებას გაუტოლა, რაც რუსი ისტორიკოსის, მარკ სოლონინის თქმით, ნამდვილი უსინდისობა იყო, რადგან ომსა და ომის ეკონომიკას თავისი კანონები აქვს.
„როგორ უნდა შეაფასო ბლოკადის დროს მიწოდებული სურსათის ფასი ან ხანძრის დროს მიწოდებული სათანადო მოწყობილობა?“ - კითხულობს ისტორიკოსი, რომელიც, სხვათა შორის, იქვე დასძენს, რომ საბჭოთა კავშირმა Lend-Lease-ით 3 000 კმ სიგრძის სახანძრო შლანგი მიიღო.
საბჭოთა კავშირს ასევე გადაეცა:
903 ათასი დეტონატორი, 150 ათასი იზოლატორი, 15 ათასი ბინოკლი და 7 ათასი ნახევრად ავტომატური საზენიტო სამიზნე;
9,1 ათასი ტონა მოლიბდენის კონცენტრატი (რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო ზემტკიცე ფოლადის გამოდნობა), 34,5 ათასი ტონა მეტალის თუთია, 7,3 ათასი ტონა ფეროსილიციუმი, 3,3 ათასი ტონა ფეროქრომი, 460 ტონა ფეროვანადიუმი, 370 ტონა მეტალის კობალტი. ასევე ნიკელი, ვოლფრამი, ცირკონიუმი, კადმიუმი, ბერილიუმი, 12 ტონა ძვირფასი ცეზიუმი... 9 570 ტონა გრაფიტის ელექტროდი და 673 ტონა (ათასობით კილომეტრი!) ნიქრომის მავთული, რომლის გარეშეც გაჩერდებოდა ელექტროგამათბობლებისა და ღუმლების წარმოება, 48,5 ათასი ტონა ელექტროდი გალვანური აბაზანებისთვის;
1,2 ათასი ტონა ეთილის სპირტი, 1,5 ათასი ტონა აცეტონი, 16,5 ათასი ტონა ფენოლი, 25 ათასი ტონა მეთილის სპირტი, 1 მილიონი ლიტრი ჰიდროხსნარი...
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 12 ათასი ტონა ეთილენგლიკოლი. ასეთი ოდენობის ანტიფრიზით შესაძლებელი იყო 250 ათასი მძლავრი ავიამოტორის შევსება, მაგრამ, რა თქმა უნდა, Lend-Lease „ქიმიის“ მთავარი კომპონენტი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები: 46 ათასი ტონა დინამიტი, 140 ათასი ტონა უკვამლო დენთი, 146 ათასი ტონა ტროტილი.
ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, Lend-Lease-ის მარაგი მოიცავდა წითელი არმიის საჭიროებების 1/3-ს.
საბჭოთა კავშირმა ამერიკიდან „მზა სახით“ მიიღო შაშხანის 603 მილიონი ვაზნა, 522 მილიონი მსხვილკალიბრიანი ვაზნა, 3 მილიონი ჭურვი 20 მმ-იანი ავიაქვემეხისთვის, 18 მილიონი ჭურვი 37 მმ და 40 მმ საზენიტო იარაღისთვის.
ხშირ შემთხვევაში, Lend-Lease-ით მიწოდებული ამა თუ იმ ნაწარმის მოცულობა, უფრო დიდი იყო, ვიდრე თავად საბჭოთა მრეწველობა აწარმოებდა. მარკ სოლონინის თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ ჯიპებზე (50 000 ცალი „ვილისი“), სატვირთოებზე (104 000 ცალი Studebaker-ი), მოტოციკლებსა (35 000 ცალი) და ჯავშანტრანსპორტიორებზე (7 200 ცალი). რაც უნდა დიდი იყოს ამერიკული საავტომობილო ტექნიკის როლი (მიწოდებულ იქნა ჯამში 375 000-ზე მეტი მხოლოდ სატვირთო მანქანა), რკინიგზის მოძრავი შემადგენლობით მომარაგება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო. ომის მსვლელობისას სსრკ-მ Lend-Lease-ით მიიღო 1911 ორთქლის და 70 დიზელის ლოკომოტივი, სხვადასხვა ტიპის 11,2 ათასი ვაგონი, 94 ათასი ტონა ბორბალი და ღერძი, 620 000 ტონა სარკინიგზო რელსი.
ომის დროს საბჭოთა კავშირმა დაიხარჯა 3 მლნ ტონა მაღალი ოქტანური საავიაციო ბენზინი. ამ 3 მლნ-დან პირდაპირ იმპორტირებულ იქნა 720 ათასი ტონა, კიდევ 1 მლნ 117 ათასი ტონა საავიაციო ბენზინი მიიღეს იმპორტირებული მაღალოქტანური კომპონენტების საბჭოთა წარმოების დაბალოქტანურ ბენზინთან შერევით, მხოლოდ დანარჩენი, 1 მლნ 161 ათასი ტონა საავიაციო ბენზინი (მთლიანი რესურსის ერთ მესამედზე ოდნავ მეტი) აწარმოეს ბაქოს ქარხნებმა, ამასთან, აწარმოეს ასევე Lend-Lease-ით მიღებული 6,3 ათასი ტონა ტეტრაეთილტყვიის გამოყენებით.
ომში ადამიანები მხოლოდ იარაღით და ჭრილობით როდი იხოცებიან. შიმშილი და არასათანადო სამედიცინო დახმარება მტრის იარაღზე არანაკლებ სახიფათოა. Lend-Lease-ით საბჭოთა კავშირმა მიიღო:
238 მლნ კგ გაყინული საქონლის და ღორის ხორცი, 218 მლნ კგ დაკონსერვებული ხორცი (მათ შორის, 75 მლნ კგ ე.წ. ტუშონკა), 33 მლნ კგ ძეხვი და ბეკონი, 1,089 მლნ კგ ქათმის ხორცი, 110 მლნ კგ კვერცხის ფხვნილი, 359 მლნ კგ მცენარეული ზეთი და მარგარინი, 99 მლნ კგ კარაქი, 36 მლნ კგ ყველი, 72 მლნ კგ რძის ფხვნილი...
ომის მსვლელობისას საავადმყოფოებში მოათავსეს 22 მლნ დაჭრილი საბჭოთა მოქალაქე. უმეტესი მათგანის სიცოცხლე სწორედ Lend-Lease-ის სამედიცინო კომპონენტმა იხსნა:
მოკავშირეებმა უზრუნველყვეს საბჭოთა სამხედრო სამედიცინო სამსახურის საჭიროებების 80%-მდე. მარტო 1944 წელს სსრკ-მა მიიღო 40 მლნ გრამი სტრეპტოციდი, ანტიბიოტიკი, სულფონამიდები და 1 მლნ კგ ვიტამინი; Lend-Lease-ით იქნა მიღებული ქირურგიული ინსტრუმენტები, რენტგენის აპარატები და ლაბორატორიული მიკროსკოპები, რომლებიც ომის შემდეგაც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ საბჭოთა მოქალაქეებს.
მარკ სოლონინის თქმით, Lend-Lease-ის პირობების მიხედვით, ომის დროს საბჭოთა კავშირს არცერთი რუბლი, არცერთი დოლარი და არცერთი ცენტი არ გადაუხდია. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კი მიწოდებული ტექნიკის უმეტესი ნაწილი ომის დროს დაზიანებული ქონების სახით ჩამოიწერა.
„1948-1951 წლებში მოლაპარაკებებზე ამერიკელებმა წარმოადგინეს 800 მლნ დოლარის ანგარიში, რაც მიწოდებული საქონლის მთლიანი ღირებულების მეათედზე ნაკლები იყო. საბჭოთა მხარე მხოლოდ 300 მლნ დოლარის ვალის აღიარებას დათანხმდა, თუმცა ვალის აღიარება და მისი დაბრუნება ორი განსხვავებული რამ არის“, - განაცხადა რუსმა ისტორიკოსმა, რომლის თქმითაც, 1945 წელს დასავლელი მოკავშირეები ვარაუდობდნენ, რომ ომის დასრულების შემდეგ მარშალის გეგმა შესაძლოა საბჭოთა კავშირზეც გავრცელებულიყო, მაგრამ საბჭოთა პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. რომ არა ცივი ომი და რკინის ფარდა, აშშ და დიდი ბრიტანეთი განიხილავდნენ Lend-Lease-ის კონცეფციის მორიგ ცვლილებას, მაგრამ დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის კონსტრუქციული ურთიერთქმედება აღარ გამოვიდა, ვალი კი, რეალური დახმარების უმნიშვნელო ნაწილი, რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, XXI საუკუნის ნულოვან წლებში დაფარა.