მდინარაძის თქმით, საქართველოს სხვა ქვეყნებზე მეტი შანსი აქვს, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ევროკომისიის კითხვარზე, რომლის მეორე ნაწილის პასუხებიც საქართველომ 10 მაისს უნდა წარადგინოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

დეპუტატის აზრით, საქართველოს სტატუსის მისაღებად სხვა ქვეყნებზე მეტი შანსი აქვს.

„დაანონსდა, რომ კითხვარის მეორე ნაწილი ხვალ, 10 მაისს იქნება გადაცემული. მე ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი“, - განაცხადა მდინარაძემ. როგორც ის ამბობს, საქართველო ყოველთვის აღიქმებოდა ლიდერად რეფორმების მიმართულებით და ამას ყოველთვის აღნიშნავდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ პარტნიორები.

მამუკა მდინარაძის თქმით, NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, როდესაც რეფორმების გატარებაზე იყო საუბარი, საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც ლიდერ ქვეყანას. „ბევრი განცხადება მოგვისმენია, გახსოვთ ესეც ალბათ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და NATO-სთან, როგორც ეს არის დღეს. რა თქმა უნდა, ამას საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან ასკვნიდნენ", - თქვა პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.

მდინარაძის განცხადებით, „ბუნებრივია, პერსპექტივა არის რეალური, ხელშესახები და თუკი ვინმე დღეს იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ეს არის ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სამშობლო“.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს გააგზავნა, 11 აპრილს კი ევროკომისიისგან კანდიდატის წევრობის კითხვარი მიიღო. 15 აპრილს, "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით", ხელისუფლებამ ის გაასაჯაროვა.

დოკუმენტის პირველი ნაწილი 369 კითხვისგან შედგებოდა. იგი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმებით აფასებდა საქართველოს მზაობას, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

საქართველოსთან ერთად, 3 მარტს, წევრობის განაცხადი გააგზავნა მოლდოვამ. მანამდე, 28 თებერვალს - უკრაინამ. სამივე ქვეყანამ კითხვარების პირველ ნაწილზე პასუხები ევროკავშირს უკვე ჩააბარა.

29 აპრილს ხელისუფლებამ გაასაჯაროვა დოკუმენტის მეორე ნაწილი. მასში თითქმის 2300 კითხვაა. იგი არკვევს, რამდენად მორგებულია საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს, რამდენად მოხერხდება მასში ცვლილებების შეტანა და რამდენად მზადაა საქართველო, შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა დააკისრებს.

დოკუმენტის ორივე ნაწილში ევროკომისია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაასაბუთოს პასუხები კონკრეტული მაგალითებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები 2 მაისს გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა 6 მაისს განაცხადა, რომ კითხვარის მეორე, შევსებულ ნაწილს ევროკომისიას 10 მაისს გადასცემენ.