დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური რეჟიმის მოქმედებებს უტოლდება, პასუხისმგებლობა რუსეთის სარდლობასა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აკისრია.
უოლესი ლონდონში არმიის ეროვნულ მუზეუმში გამოვიდა სიტყვით.
„უკრაინაში შეჭრით პუტინი, მისი გარემოცვა და გენერლები აკოპირებენ ფაშიზმს და 77 წლის წინანდელ ტირანიას, გასული საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების შეცდომების გამეორებით, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მიმართვაში, - მათივე ბედიც ანალოგიური იქნება“, - დასძენს ის.
უოლესის სიტყვებით, როგორც თავად უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული აგრესია, ასევე მისი მიმდინარეობის დროს ჩადენილი სიმხეცეც - ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის ჩათვლით - ზიანს აყენებს რუსეთის მიერ წარსულში გაღებულ მსხვერპლს და „მსოფლიოში მის რეპუტაციას“, რომლითაც ოდესღაც შეეძლო ეამაყა.
ბრიტანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინმა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის „მოიპარა რუსი ხალხის ნაციზმთან ბრძოლის“ ისტორია.
"რუსეთის არმიის ქცევამ უნდა აღაშფოთოს ყველა პროფესიონალი სამხედრო და რუსეთის არმიის მეთაურობა ტრიბუნალზე უნდა წარდგეს", - ამბობს ის.
დასავლეთის ქვეყნების ბევრი ლიდერი, ნაციზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ გამოსვლაში, შეეხო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომსაც და პირდაპირი და ირიბი პარალელები გაავლო მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის გერმანიის ქმედებებსა და რუსეთის დღევანდელ მოქმედებებს შორის.
პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი
რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.