რა შეიძლება მოხდეს 9 მაისს „წითელ მოედანზე“?
2022 წლის 9 მაისს, ვლადიმირ პუტინს ე.წ. სამამულო ომის გარდა, სხვა, გამოუცხადებელ ომზეც მოუწევს საუბარი; ომზე, რომელიც მისი გადაწყვეტილებითა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრით, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
კრემლმა პირველად „გამარჯვების დღის“ აღნიშვნის ისტორიაში მოსკოვში არ მიიწვია არცერთი უცხოელი (მათ შორის, ყოფილი საკავშირო რესპუბლიკის) ლიდერი, გარდა ამისა, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, წელს შედარებით მოკრძალებული იქნება სამხედრო აღლუმის მასშტაბიც.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 11 000 სამხედრო მოსამსახურე; შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 131 ერთეული, ასევე 77 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მტკიცებით, 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრით დაიწყო არა ომი, არამედ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, სწორედ 9 მაისს გამოაცხადებს პუტინი, რომ ვითარება შეიცვალა და რუსეთს უწევს გაუმკლავდეს არა მხოლოდ უკრაინიდან მომავალ რისკებს, არამედ მთელ დასავლურ სამყაროს.
რას ნიშნავს ომის გამოცხადება და მობილიზაცია რუსულად? შეგიძლია წაიკითხო ვრცლად, ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში
აშშ- ის და კანადის ახალი სანქციები რუსეთს
8 მაისს, აშშ-მა გამოაცხადა სანქციები რუსეთის სამი სატელევიზიო სადგურის და გაზპრომბანკის აღმასრულებელი პირების მიმართ, ასევე, ამერიკელებს აუკრძალა რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების გაწევა.
სანქციები, რომლებიც შეეხო რუსეთის პირველ არხს, რასია 1-ს და NTV-ს, ამერიკის კომპანიებს უკრძალავს ამ არხების დაფინანსებას რეკლამის მიწოდების გზით, ან მათთვის აღჭურვილობის მიყიდვას.
სანქციები ქვეშაა გაზპრომბანკის აღმასრულებლების ნაწილიც.
"ეს არ არის სრული ბლოკირება. ჩვენ არ ვყინავთ გაზპრომბანკის ქონებას და არ ვკრძალავთ გაზპრომბანკთან ყველა ტრანზაქციას", - თქვა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა და დასძინა: "ჩვენ ვგზავნით სიგნალს, რომ გაზპრომბანკი არ არის უსაფრთხო თავშესაფარი, და ამდენად სანქციებს ვუწესებთ მათი უმაღლესი აღმასრულებლების ნაწილს ... გამყინავი ეფექტის შესაქმნელად".
ამასთან, სანქციების სიას დაემატა რუსეთის სბერბანკის რვა აღმასრულებელი პირი, ისევე, როგორც მოსკოვის ინდუსტრიული ბანკი და მისი 10 განშტოება.
სანქციათა პაკეტი ასევე მოიცავს ექსპორტის კონტროლის ახალ ზომებს, რომლებიც მიმართულია საომარი ძალისხმევის დასუსტებაზე და მიემართება მათ შორის სამრწეველო ძრავების, ბულდოზერების, სატყეო პროდუქტების კონტროლს.
მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ 8 მაისს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა, მან გამოაცხადა, რომ უკრაინას ახალ იარაღს და აღჭურვილობას მიაწვდის.
ამასთან, ახალ სანქციებს დაუწესებს რუს ინდივიდებსა და უწყებებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოსკოვის უკრაინაში შეჭრასთან.
"და ჩვენ ვაწესებთ ახალ სანქციებს რუსეთის 40 ინდივიდისთვის და ხუთი უწყებისთვის, ოლიგარქებისთვის და თავდაცვის სექტორში რეჟიმის ახლო მოკავშირეებისთვის, რომელთაგან ყველას აქვს კავშირი პუტინის ომთან", - დასძინა მან.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
"აზოვის" დანაყოფი რუსული სამხედრო ძალის პირისპირ
დანაყოფ "აზოვის" დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელმა, ილია სამოილენკომ ინტერნეტით გავრცელებულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის სახელმწიფომ ვერ შეძლო მარიუპოლის დაცვა და ისინი მარტო დარჩნენ ომის ფონზე.
აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის შენობაში დარჩენილმა უკრაინელმა სამხედროებმა 8 მაისს განაცხადეს, რომ უკან არ დაიხევენ და ბოლომდე იბრძოლებენ, როცა მათ გააფთრებული ბრძოლა ელით რუსეთის ძალებთან, ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის შემდეგ.
აზოვსტალის ქარხანამ, რომლის გვირაბებსა და ბუნკერებში 2000-მდე უკრაინელი მცველია გამაგრებული, ომში მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთის ძალებს გამარჯვების მოპოვება სჭირდებათ 9 მაისის, ანუ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის წინ.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, კიევში კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი უკრაინის მცველების განცხადებებზე,
"ქალაქ მარიუპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია. ეს არაა მოსაზრებები, ეს არის დასკვნები, რომლებთანაც ჩვენი არმიის ხელმძღვანელობა მივიდა. რუსეთი ცვლის მეომრებს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი ტყვეები არიან - ასეთსავე ტყვეებზე. აი, ამგვარი ვითარებაა ახლა. ეს არის რუსეთის ფედერაციისგან მიღებული პასუხი. სხვა პასუხები არ გვაქვს", - განაცხადა ზელენსკიმ.
თვალი ადევნე სიახლეებს მიმდინარე მოვლენებზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.
არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში - ბიბილოვმა დამარცხება აღიარა.
„ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მან ოპოზიციური პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა.
ბიბილოვმა დე ფაქტო რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ალან გაგლოევმა, რომელმაც ცხინვალის თეატრალურ მოედანზე მომხრეებთან ერთად გამარჯვება აღნიშნა.
მისი თქმით, ინაუგურაციამდე პრეზიდენტის მოვალაობას ბიბილოვი შეასრულებს და ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს ის ჩაიბარებს.
კვირას საღამოს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის მიმდინარეობის შესახებ პირველი მონაცემები გამოაქვეყნა. ოქმების 18%-ის დათვლის წინასწარი შედეგებით ალან გაგლოევი იმარჯვებს: ანატოლი ბიბილოვი - 2274 ხმა (37%), ალან გაგლოევი - 3686 ხმა (59,22%), ყველას წინააღმდეგ - 236 ხმა (3,79%), - ამის შესახებ ცესკოს ხელმძღვანელმა ემილია გაგიევამ ცესკოს პრესცენტრში განაცხადა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ცნობით, წინასწარი შედეგები 23 საათის შემდეგ გამოცხადდება.
პენიტენციური სამსახურის განცხადება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე
სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას სტაბილურად აფასებს და 8 მაისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა და „სათანადო სამედიცინო შემოწმება ჩატარდა შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ“.
პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდება და ასევე მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც, საქართველოში.
„მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“, - ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა "მნიშვნელოვნად გაუარესებულია". მათ მესამე პრეზიდენტი საპატიმროში 22 აპრილს, ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მოინახულეს.
ხოლო 27 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმი საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს მოიხმარს.
სააკაშვილის ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.
"IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლების საპროტესტო აქცია
კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ხელი არ მოაწერეს კომპანიის მიერ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვადა კომპანიამ 3 მაისის 12 საათამდე მისცა.
კომპანია თანამშრომლებს საწარმოს ამუშავებამდე საათობრივ ანაზღაურებას და, მათი თქმით, გაუარესებულ საკონტრაქტო პირობებს სთავაზობს. კომპანია "ბორჯომის" თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ.
კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია დღეს, 8 მაისს ბორჯომში ჩავიდა და ქარხნის თანამშრომლებს შეხვდეა. მოგვიანებით კი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს მოლაპარაკებას. სამსონიას თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.
„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ჩამომსხმელმა ორივე ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.
29 აპრილს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა და წარსულში ბორჯომის ჩამომსხმელი საწარმოს ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლებას მიმართა წინადადებით, რომ სახელმწიფომ გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის“ კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე. მისი თქმით, „მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და, ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა“.
მტერზე უარესი მოყვარე - ვინ რჩება მსოფლიოში პუტინთან
კრემლს ნამდვილი მოკავშირეები თითქმის აღარ დარჩა, თუ არ ჩავთვლით „გარიყულ“ ქვეყნებს და შეუმდგარ სახელმწიფოებს. ვინ შეიძლება მიიჩნიოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოკავშირედ?
2 მარტს, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმეს, შესაბამის ტექსტს გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან მხარი 141-მა დაუჭირა, თავი შეიკავა 35-მა. გარდა თავად რუსეთისა, ტექსტს მხარი არ დაუჭირა ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთმა კორეამ და ერიტრეამ. ამასთან, კენჭისყრაში ყველა ქვეყანა არ მონაწილეობდა, ზოგიერთ მათგანს ამის უფლება გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
რადიო თავისუფლებამ შეადგინა იმ ქვეყნებისა და ლიდერების ნუსხა, რომლებსაც პუტინი ჯერ კიდევ შეიძლება დაეყრდნოს.
"მოყვარეების" სია შეგიძლია ნახო ალექსანდრ გოსტევის სტატიაში
Your browser doesn’t support HTML5