გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის პრეზიდენტი ბაერბელ ბასი 8 მაისს კიევში ჩავიდა, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად და უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკების გასამართად - იუწყება გერმანიის პარლამენტის პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელი ენრიკო ბრისა ტვიტერით.
ბრისა ტვიტერზე აქვეყნებს ბაერბელ ბასის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის სხვა ოფიციალური პირების შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. ბასი უკრაინაში ავტობუსით ჩავიდა და მას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი შეეგება.
ვიზიტის ფონია მნიშვნელოვანი ცვლილება გერმანიის პოლიტიკაში, რომელიც ეხება უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გაგზავნას. კანცლერ ოლაფ შოლცს მზარდი კრიტიკა დაატყდა თავს იმის გამო, რომ გერმანია არასაკმარის ძალისხმევას იჩენს უკრაინის დასახმარებლად, იქ რუსეთის შეჭრის ფონზე. შოლცის მთავრობამ გასულ თვეში კურსი შეცვალა და პირობა დადო, რომ კიევში მძიმე შეიარაღების ექსპორტს განახორციელებს.
5 მაისს შედგა სატელეფონო საუბარი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რათა მოგვარებულიყო დიპლომატიური დაძაბულობა, რომელიც მოჰყვა უკრაინის მხრიდან შტაინმაიერის კიევში ვიზიტის დაბლოკვას. შტაინმაიერს უკრაინა ბრალს სდებს რუსეთის მიმართ დათმობებზე წასვლაში, მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს.