„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუმათში შემაჯამებელი აქციით დაასრულეს კარვებში მიმდინარე 550-დღიანი პროტესტი, ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიოინის ხეობის დატოვების შემდეგ.
ვარლამ გოლეთიანმა, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ–ერთი ლიდერმა აქციაზე შეკრებილებს უთხრა, რომ კარვებში ყოფნას აზრი აღარ აქვს, თუმცა დაამატა, რომ ხელისუფლებას ჰესის მშენებლობის შესახებ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და პროტესტი შესაძლოა სხვა ფორმით გაგრძელდეს.
„დღეს შემაჯამებელი აქციაა, რომ დასრულდეს პროტესტის ეს ეტაპი, თუმცა, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ნება არაჯანსაღია და გაუარესებულია დამოკიდებულება იმასთან შედარებით, ვიდრე ჩვენი პროტესტის დასაწყისში. ხელისუფლება ცდილობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებით შეიმუშაოს დოკუმენტები, რომლებიც პროცესს არ გააჯანსაღებს. საუბარია სამ დიდ ჰიდროპროექტზე, ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის ჰესების აშენებაზე ისევ, და არ არსებობს დასაბუთება ამ პროექტების სარგებლიანობაზე, რაც არის ჩვენი პროტესტის საგანი ამ დრომდე, ჯერჯერობით არ ვიცით, რა იქნება ჩვენი შემდგომი ქმედება“, – განაცხადა გოლეთიანმა.
„რიონის ხეობის მცველები“ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოითხოვდნენ:
- ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ 2019 წელს დადებული ხელშეკრულების გაუქმებას;
- კომპანია „ენკასთვის“ უძრავი ქონების გადაცემის განკარგულების გაუქმებას;
- ჰესების კასკადის აშენებაზე გაცემული სამშენებლო ნებართვების გაუქმებას;
- პროექტში მონაწილე თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დაყენებას.
წყალტუბოს მუნიციალიტეტ სოფელ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა აქციები 2020 წლის ოქტომბერში დაიწყეს.
პოლიციის წინააღმდეგობის გამო, მოძრაობამ კარვები ნამოხვანიდან სოფელ გუმათში გადაიტანა. პოლიციამ მიმდებარე გზა რკინის ჯებირით გადაკეტა, აკონტროლებდა მსუბუქი ავტომანქანებისა და ტრანსპორტის მგზავრებს, რათა აქციის ორგანიზატორები და მათი მხარდამჭერები ხეობაში არ შესულიყვნენ.
ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ 2021 წლის სექტემბერში უარი თქვა ჰესის აშენებაზე და საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.
„ენკამ“ გაიყვანა მძიმე ტექნიკა და დაშალა საცხოვრებელი კორპუსები და ბაზები.
ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მთავრობა ფორსმაჟორისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია, კომპანიას ზარალი აუნაზღაუროს. „ენკამ” რიონის ხეობაში იყიდა არაერთი მიწის ნაკვეთი, დაიწყო გვირაბის მშენებლობა, გადახდილი აქვს საფლავებიდან მიცვალებულების გადასვენების ხარჯები. ეს ყველაფერი, როგორც დამდგარი ზარალი, სახელმწიფოს გადასახდელი იქნება. ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა სხვადასხვაგვარად გამოითვლება და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეტაპზე შეწყდა გარიგება. 2020 წელს მთავრობამ „ენკას” 121 ნაკვეთი, 325 ჰექტარი [მათ შორის, 296 ჰექტარი სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია] გადასცა. იმის მიუხედავად, რომ „ენკამ” ამ მიწებში სიმბოლური ფასი, 121 ლარი გადაიხადა, მას შეუძლია, სახელმწიფოს ეს მიწა უკან საბაზრო ფასად მიჰყიდოს.