ნეთანიაჰუს ექსმრჩეველი: „შეუძლებლად ჩანს რუსეთსა და ისრაელს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება“

ისრაელის ყოფილი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი არიელ ბულშტეინი.

„პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ლავროვის სიტყვები იმის შესახებ, თითქოსდა, ჰიტლერი წარმოშობით ებრაელი იყო, სხვა არაფერია, თუ არა უსინდისო მონაჩმახი. შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ლავროვს ბოდიში მოეხადა და საკუთარი სიტყვები უკან წაეღო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი ნაციზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, მიუღებელი და მცდარი რემარკების ეს ჯაჭვი კი სპიკერმა ზახაროვამ „დააგვირგვინა“, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინაში ებრაელი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან. ვფიქრობ, ქალბატონ ზახაროვას უბრალოდ არ გაეგება, რა განსხვავებაა დაქირავებულ მებრძოლსა და მოხალისეს შორის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისრაელის ყოფილი პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველი არიელ ბულშტეინი.

[ისრაელისთვის] რუსეთთან უკან დასაბრუნებელი გზები მოჭრილია, რუსეთისვე ინიციატივით.

წარმოშობით მოლდოვიდან, კიშინიოვში დაბადებული ბულშტეინი ისრაელში 1990 წლიდან ცხოვრობს. პარტია „ლიკუდს” 1992 წლიდან შეუერთდა. განათლებით იურისტი, 2019 წლიდან იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი პოსტსაბჭოთა სივრცის ემიგრანტების საკითხებში.

არიელ ბულშტეინი: მთლიანობაში საქმე გვაქვს სამი ყაიდის სიყალბესთან რუსეთის მხრიდან:

პირველი - თქმა, რომ ჰიტლერი ებრაელი იყო, იმის ტოლფასია, რომ ებრაელი ხალხი თურმე ერთმანეთს ანადგურებდა ჰოლოკოსტის დროს, რომ ჩვენ თურმე ერთმანეთს ვხოცავდით.

მეორე - რუსეთის მცდელობა, რომ ზელენსკის, მის მთავრობას და ზოგადად უკრაინას ნაციზმის იარლიყი მიაკერონ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, უკრაინაში ნაციზმი არ არის. კრემლი კი, რომელიც თავისი თავის ბოროტებასთან მებრძოლ ძალად წარმოჩენას ცდილობს, თავად გახდა უპირობო ბოროტება იმით, რომ ყოვლად გაუმართლებელი აგრესია წამოიწყო მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

და მესამე - ესაა ნამდვილი ნაცისტების „გათეთრების“ მცდელობა. იმ ხალხის, რომელიც 80 წლის წინ ცდილობდა, ებრაელი ხალხი აღეგავა პირისაგან მიწისა.

რუსეთის მცდელობა, რომ ზელენსკის, მის მთავრობას და ზოგადად უკრაინას ნაციზმის იარლიყი მიაკეროს - ეს უტიფარი ტყუილია.

რადიო თავისუფლება: ლავროვს ბევრი რამ შეიძლება „დააბრალო“, მაგრამ აქამდე „დიპლომატიურ თვითმკვლელად“ არ ვიცნობდით - რა იყო ეს? იაღლიში თუ წინასწარი განზრახვა?

არიელ ბულშტეინი: ძნელია თქმა, იყო თუ არა ეს წინასწარ მომზადებული საინფორმაციო დარტყმა ისრაელზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას: შედეგი იქნება პრაქტიკულად სრული ცივილიზაციური გახლეჩა რუსეთსა და დანარჩენ, ცივილიზებულ სამყაროს შორის, რომლის ნაწილიცაა ისრაელიც. ბევრი რამის მიტევება შეიძლება, მაგრამ მიუღებელია მცდელობა, გააყალბონ ებრაელი ხალხისთვის ტრაგიკული მნიშვნელობის ისტორიული სიმართლე ჰოლოკოსტზე. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლავროვი ამ განცხადებით უბრალოდ ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე წავიდა. ვგულისხმობ არა მხოლოდ დიპლომატიურ ურთიერთობებს, არამედ ყველაფერ დადებითს, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობდა ბოლო წლების განმავლობაში.

რადიო თავისუფლება: კი მაგრამ, რატომ? რაში აწყობთ ეს?

არიელ ბულშტეინი: რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ დელეგაციის დემონსტრაციულ მიღებას მოსკოვში - როდესაც მოსკოვში ამ ტერორისტებს ასე იღებენ, ესეც ღია გზავნილია რუსეთის მხრიდან. რაში დასჭირდა რუსეთს ისრაელთან ურთიერთობის გაფუჭება, რატომ აირჩია მან პარია-სახელმწიფოს გეზი - არა მგონია, დღეს ვინმემ [კრემლის გარეთ] ამაზე პასუხის გაცემა შეძლოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსეთის მთელი მმართველი ელიტა თავს ვეღარ აკონტროლებს და სულ უფრო და უფრო ღრმად შეტოპეს იმ გზაზე, რომელიც მათ მხოლოდ ჩიხამდე მიიყვანს. რას მივაღწევთ ამით - უსვამენ კი ისინი ამ კითხვას თავიანთ თავს? თუ უსვამენ და ამ პრინციპით ხელმძღვანელობენ, მაშინ რატომ აგრძელებენ ამ ყოვლად აბსურდულ ომს უკრაინაში? როგორც ჩანს, ეს „ვირუსი“ რუსულ დიპლომატიასაც გადაედო, ამის შედეგი კი, ვფიქრობ, ერთობ სავალალო იქნება, რადგან როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ტყუილს უპასუხოდ „ვერ გავატარებთ“, საჭიროა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიაზროს, რომ ამას გარკვეული შედეგები მოჰყვება.

ლავროვი ამ განცხადებით უბრალოდ ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე წავიდა.

[ინტერვიუს ჩაწერიდან მალევე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის პრესსამსახურის განცხადება, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინმა, ბენეტთან სატელეფონო საუბრისას, ბოდიში მოიხადა ლავროვის სიტყვების გამო, რომ ადოლფ ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა. კრემლის საიტზე რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ბოდიშის თაობაზე ინფორმაცია არ არის. იქ ნათქვამია, რომ პუტინმა ბენეტს მიულოცა ისრაელის დამოუკიდებლობის დღე და ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე - რედ.]

რადიო თავისუფლება: მოხდებოდა თუ არა მსგავსი რამ თქვენი ყოფილი ბოსის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობისას? ითვლებოდა, რომ ნეთანიაჰუ ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა პუტინთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა, რამდენადაც კი შესაძლებელია მეგობრობა დიპლომატიასა და მსოფლიო პოლიტიკაში. 2018 წელს, მაგალითად, ერთად ეწვივნენ ებრაულ მუზეუმს მოსკოვში, 2019 წელს კი თელ-ავივში ალბათ ყველას ახსოვს უზარმაზარი, მრავალსართულიანი სარეკლამო პლაკატი, რომელზეც პუტინი და ისრაელის ყოფილი პრემიერი ერთმანეთს ხელს ართმევდნენ სლოგანის ქვეშ: „ნეთანიაჰუ - ცალკე [თავის] ლიგაში“ (Netanyahu – In League of His Own). დღესაც ამ „ლიგაშია“ ნეთანიაჰუ?

არიელ ბულშტეინი: ბენიამინ ნეთანიაჰუ მსოფლიო მასშტაბის დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწეა. 2015 წლიდან, როდესაც რუსეთი, ბევრისთვის მოულოდნელად, სამხედრო მოქმედებებს შეუერთდა სირიაში, ნეთანიაჰუმ ეს აღიქვა, როგორც ახალი პრობლემა, რომელიც უნდა მოეგვარებინა. პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: სამხედრო გადმოსახედიდან, რუსეთი დე ფაქტო იქცა ისრაელის მეზობლად, რომელსაც პერსპექტივაში შეეძლო დაემძიმებინა ისრაელის სტრატეგიული მდგომარეობა იმით, რომ შესაძლებლობას მისცემდა მიმდებარე ტერიტორიებზე მობინადრე ტერორისტებს, ისრაელის საზღვარი გადმოეკვეთათ და მას თავს დასხმოდნენ, ან კიდევ იმით, რომ შესაძლებლობას მისცემდა ირანს, ისრაელს ფაქტობრივად საზღვართან „ჩასაფრებოდა“. ამ სცენარის თავიდან ასაცილებლად ნეთანიაჰუმ გააცნობიერა, რომ აუცილებელი იყო პირადი კონტაქტი ჰქონოდა პუტინთან, რომ პუტინთან ახლო ურთიერთობას შეეძლო ისრაელი ამ ერთობ ნეგატიური სცენარისგან ეხსნა. და ასეც მოიქცა - მან შეძლო ამ შანსის რეალიზება, რაც, ვფიქრობ, იმ ეტაპზე ერთობ მნიშვნელოვანი იყო ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის. მაგრამ - და ეს არის ძალიან დიდი მაგრამ, რომელსაც ხაზი უნდა გავუსვათ - მსოფლიო პოლიტიკა დინამიკური პროცესია. დღეს ისრაელის ინტერესები აბსოლუტურად სხვა მიდგომას მოითხოვს და ვგონებ, ნეთანიაჰუ, დღეს რომ პრემიერი ყოფილიყო, დამეთანხმებოდა. წარსულის წარმატებებზე ჩაბღაუჭების ნაცვლად, მომავლის გამოწვევებს უნდა გავუსწოროთ თვალი და მათთვის სწორი მიდგომები შევარჩიოთ. დღევანდელ სიტუაციაში - ანუ 24 თებერვლის შემდეგ - ისრაელს უკვე სჭირდება მკაფიოდ გამოხატული პოზიციის დაფიქსირება, რომელიც აგრესიის მსხვერპლს დაუჭერს მხარს და არა აგრესორს, და მოთხოვნა, რომ ეს უაზრო ომი შეწყდეს.

როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ტყუილს უპასუხოდ „ვერ გავატარებთ“... ამას მრავალმხრივი შედეგები მოჰყვება.

რადიო თავისუფლება: ფაქტია, რომ ისრაელი მსგავსი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს, ყოველ შემთხვევაში, არ ჩქარობდა ამ დიპლომატიურ ინციდენტებამდე. ის, როგორც იტყვიან, გამყოფ ხაზთან იდგა.

არიელ ბულშტეინი: ასეა. ისრაელის პოზიცია, განსაკუთრებით ომის დაწყების პირველ დღეებში, ორაზროვანი იყო: ერთი მხრივ, ებრაული საზოგადოება თითქმის ერთსულოვნად უჭერს მხარს უკრაინას, რაც აბსოლუტურად გასაგებია - იმიტომ რომ ყველა ხედავს, ვინაა მართალი და ვინ მტყუანი ამ ომში. აი, რაც შეეხება ისრაელის მთავრობას, ის, შეიძლება ინერციით, ნებისმიერ ფასად ცდილობდა ძველი სტატუს-კვოს შენარჩუნებას, იმ პლუსების შენარჩუნებას, რაც, თავის დროზე, რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობას მოჰქონდა ისრაელისთვის. მაგრამ აქ უნდა ითქვას ისიც, რომ ტანგოს ცეკვას ორი სჭირდება და, როგორც ვხედავთ, რუსეთს არანაირი სურვილი არ აქვს ამის, პირიქით. ამ ომზე წასვლით, მათ არა მარტო უკრაინა გამოიწვიეს, არამედ მთელი ცივილიზებული სამყარო, ისრაელის ჩათვლით. ამ კონტექსტში კი შეუძლებლად მეჩვენება რუსეთსა და ისრაელს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. ისრაელს შეიძლება, გულწრფელადაც სურდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ ჩანს, რომ მოსკოვი აღარაა დაინტერესებული ამით... ასე რომ, ვინც არ უნდა იდგეს დღეს ისრაელის სახელმწიფოს საჭესთან, თუნდაც ნეთანიაჰუ რომ დაბრუნდეს, მოუწევს ახალი რეალობის გათვალისწინება - ახალი რეალობა კი ისაა, რომ რუსეთთან, რუსეთისვე ინიციატივით, უკან დასაბრუნებელი გზები მოჭრილია.

რადიო თავისუფლება: ამ ლოგიკით, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ისრაელი შეიცვლის პოზიციას უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზეც?

არიელ ბულშტეინი: როდესაც გითხარით, რომ ამ ტყუილს შედეგები მოჰყვება, ვგულისხმობდი, რომ ეს შედეგები ყველა შესაძლო მიმართულებით შეიძლება დადგეს. თუ რუსული ოფიციოზი თვლის, რომ შეუძლიათ ასე უტიფრად იცრუონ ისრაელისთვის ყველაზე მტკივნეულ თემაზე, და ამას სათანადო პასუხი არ მოჰყვება [ისრეალისგან], ისინი ცდებიან. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ თავად უკრაინა ცდილობს გარკვეულ საკითხებზე ისრაელთან დაახლოებას - მაგალითად, გაეროში ისრაელისთვის მნიშვნელოვან რიგ საკითხებზე კენჭისყრისას თუ ადრე თავს იკავებდნენ, ახლა ისრაელის პოზიციას იზიარებენ. რუსეთი კი ამავე საკითხებზე დღემდე ღიად ანტიებრაულ პოზიციას ინარჩუნებს. შესაბამისად, სათანადო დასკვნების გაკეთებაა საჭირო.

ვერ გავაკეთებთ შედარებებს სხვა კონფლიქტებთან, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა: დიახ, ორივე მათგანმა იწვნია რუსეთის აგრესია - დიახ, უკრაინაში ომია, რაც საშინელებაა, მაგრამ რაც ირანს სურს, არის ის, რომ ისრაელი აღგავოს პირისაგან მიწისა.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს - 2019 წელს, „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ამბობდით, რომ რუსეთმა ანგარიში გაუწია ისრაელის თხოვნას და „მტრულ რეჟიმებს“, როგორიცაა ირანი, იარაღს აღარ მიჰყიდის. ამის სანაცვლოდ კი, თქვენივე თქმით, „მინიმუმ ორჯერ, თუ მეტჯერ არა“ ისრაელმა გააუქმა იარაღის მიყიდვის გარიგებები, რომლებიც რუსეთს აღიზიანებდა, მათ შორის უკრაინისთვის. დღევანდელი გადმოსახედიდან - იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ხდება - ბრძნული ნაბიჯი იყო ეს, ეთიკურ და მორალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ?

არიელ ბულშტეინი: უნდა გესმოდეთ, რომ ისრაელი უნიკალურ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია - ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელსაც მეორე ქვეყანა - ირანი, სრული, ტოტალური ფიზიკური განადგურებით ემუქრება. აქ ვერ გავაკეთებთ შედარებებს სხვა კონფლიქტებთან, იქნება ეს საქართველო თუ უკრაინა: დიახ, ორივე მათგანმა იწვნია რუსეთის აგრესია - დიახ, უკრაინაში ომია, რაც საშინელებაა, მაგრამ რაც ირანს სურს, არის ის, რომ ისრაელი აღგავოს პირისაგან მიწისა, რომ აღარ არსებობდეს არც სახელმწიფო და არც ხალხი. ვფიქრობ, რუსეთში არ აქვთ განზრახული არც ქართველების და არც უკრაინელების ბოლო ადამიანამდე განადგურება, ირანს კი სურს, სწორედ ეს დამართოს ისრაელს, მათ შორის, ბირთვული დარტყმის მეშვეობით. ამ რეალობიდან გამომდინარე, ნებისმიერი ებრაელი ლიდერის ვალია, პირველ რიგში სწორედ ისრაელის უსაფრთხოებაზე იფიქროს და იზრუნოს. ამ კონტექსტში, დიახ, ვიტყოდი, რომ ომამდე ეს ჭკვიანური ნაბიჯი იყო - ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ არ მოვლაპარაკებოდით მხარეს, რომელსაც შეეძლო ირანი შეეიარაღებინა. რუსეთი სწორედ ასეთი მხარე იყო. იდეალურ სამყაროში, რა თქმა უნდა, ირანთან არავინ უნდა ვაჭრობდეს იარაღით, მაგრამ, სამწუხაროდ, იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, გვიწევს ავტორიტარულ რეჟიმებთან მოლაპარაკებები და კომპრომისზე წასვლაც, ვცხოვრობთ რეალპოლიტიკის სამყაროში, ამიტომ ამ ნაბიჯს გამართლებულად მივიჩნევ.