პლაგიატით მოგებული (წმინდა) ომი?

9 მაისი, როგორც რუსეთში უწოდებენ, „გამარჯვების დღე“, წარმოუდგენელია სიმღერის „წმინდა ომის“ („Вставай страна огромная...“) გარეშე, სიმღერისა, რომელიც, ირაკლი თოიძის პლაკატთან („დედა სამშობლო გიხმობს“) ერთად, მეორე მსოფლიო ომის ხატად იქცა მრავალი მილიონი საბჭოთა ადამიანისთვის, თუმცა, როგორც ირკვევა, სიმღერის არც მუსიკა და არც ტექსტი ორიგინალური არ არის: კომპოზიტორმა, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის მოქმედი ჰიმნის ავტორმა, ალექსანდრ ალექსანდროვმა სავარაუდოდ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (1917-1920 წწ.) დამცველთა ჰიმნის მელოდია აიღო, პოეტი ვასილი ლებედევ-კუმაჩი კი უფროს კოლეგას, ალექსანდრ ბოდეს „დაესესხა“.

ფაშისტური გერმანია საბჭოთა კავშირს თავს დაესხა 1941 წლის 22 ივნისს. მომდევნო 12 დღის განმავლობაში, 1941 წლის 3 ივლისამდე, სტალინი საჯაროდ არ გამოჩენილა. საბჭოთა მთავრობის სახელით პირველი განცხადება ვიაჩესლავ მოლოტოვმა გააკეთა. ვაჭრობის სახალხო კომისრისა და სტალინის გარემოცვის წევრის, ანასტას მიქოიანის მემუარების მიხედვით, სტალინი ომის პირველ დღეებში დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც (არაერთი თხოვნის მიუხედავად), ომის დაწყების პირველ დღეებში, უარი თქვა ხალხისთვის საჯარო მიმართვაზე.

რუსი მწერალი, ანდრეი მალგინი ამბობს, რომ დეპრესიაში ჩავარდნილი სტალინი სწორედაც რომ ალექსანდროვის გუნდის მიერ შესრულებულმა „წმინდა ომმა“ მოიყვანა ხასიათზე. სწორედ ამ სიმღერამ შთააგონა მას 3 ივლისს წარმოთქმული თავისი ცნობილი მიმართვის „ძმებო და დებო“-ს ტექსტი და, სწორედ ამ სიმღერამ უკარნახა, თუ რა მიმართულებით უნდა მიემართა პროპაგანდა ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შემდეგო.

1941 წლის 24 ივნისს, გაზეთებში „იზვესტიასა“ და „კრასნაია ზვეზდაში“ ერთდროულად გამოქვეყნდა ცნობილი საბჭოთა პოეტისა და სტალინის პრემიის ლაურეატის ვასილი ლებედევ-კუმაჩის ხელმოწერილი ლექსი „წმინდა ომი“, რომელზეც კომპოზიტორმა ალექსანდრ ალექსანდროვმა მალევე დაწერა მუსიკა.

საბჭოთა ოფიციალური ვერსიის თანახმად, ტექსტისა და ნოტების დაბეჭდვისთვის დრო არ იყო. ამიტომ ალექსანდროვმაც ცარცით და დაფით ისარგებლა, საიდანაც მომღერლებმა და მუსიკოსებმა თავიანთ რვეულებში გადაიწერეს.

სიმღერის პირველი შესრულების თარიღად 1941 წლის 26 ივნისი მიიჩნევა. მოგვიანებით მოსკოვის ბელორუსის სადგურში, სადაც პირველად შესრულდა სიმღერა, მემორიალური დაფაც დაიდგა, კომპოზიტორი და პოეტი კი სტალინური პრემიებით დააჯილდოვეს, თუმცა დღეს ორივეს ავტორობა ეჭვის ქვეშ დგას, უფრო ზუსტად, კომპოზიტორიც და პოეტიც პლაგიატში არიან ეჭვმიტანილი.

2022 წლის 24 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე, ცნობილმა უკრაინელმა მწერალმა, იური ანდრუხოვიჩმა და ივან ფრანკოს სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა, მათივე თქმით, ისტორიული სამართლიანობა აღადგინეს. სცენაზე ასული მწერალი მოჰყვა უკრაინელ მეამბოხეთა სიმღერის „Повстань, народе мій“-ის შექმნისა და მიტაცების ისტორიას.

იური ანდრუხოვიჩი

„სიმღერა, რომელსაც ახლა მოისმენთ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, - თქვა იური ანდრუხოვიჩმა, - ის, თითქოსდა, დაიბადა 1941 წელს ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის პირველივე დღეებში. მისი ტექსტი თითქოსდა რუსმა პოეტმა ვასილი ლებედევ-კუმაჩმა დაწერა. შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, შესაძლოა მან მართლა დაწერა ეს სიტყვები, მაგრამ მელოდია მოპარულია. მელოდია გაცილებით ადრე დაიბადა 1919 წელს უკრაინის სახალხო რესპუბლიკის კრივოი-როგის მეამბოხეების რიგებში და ამ სიმღერას ჰქვია „Повстань, народе мій“. დაე, ამ სიმღერამ კვლავ შთაგვაგონოს ჩვენ, უკრაინელებს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ წმინდა ბრძოლა. ჩვენ გავიმარჯვებთ“.

ივან ფრანკოს სახელობის დრამატული თეატრის გუნდის მიერ შესრულებულ სიმღერას „Повстань, народе мій“, რომლის დაბრუნების შესახებ, იური ანდრუხოვიჩის გარდა, უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომაც ილაპარაკა, უკრაინელი მეამბოხეების მუსიკალურ მემკვიდრეობაში მიაკვლია ცნობილმა უკრაინელმა კობზარმა, ტარას სილენკომ, რომლის თქმითაც, „ამ სიმღერას მღეროდნენ უკრაინის საველე დივიზიის ამბოხებული კაზაკები, რომლებმაც 1920 წლის მაისში კრივოი-როგი გაათავისუფლეს ბოლშევიკებისგან“.

ტარას სილენკომ შეისწავლა იური სტეპნოის, ამბოხებული კაზაკების ატამანის, კოსტია პესტუშკოს ძმის მოგონებები, სადაც მისი ყურადღება მიიპყრო ავტორის მიერ მოტანილი სიმღერის ტექსტმა.

საკუთრივ სიმღერის ძებნაში, ტარას სილენკომ შეისწავლა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პერიოდის პუბლიკაციები, მოგონებები, დოკუმენტები, მუსიკალური ჩანაწერები და ა.შ. ხანგრძლივი ძიების შემდეგ „უკრაინის მეამბოხეთა არმიის (УПА) მატიანის“ 25-ე ტომში (ძირითადად, შედგება УПА-სადმი მიძღვნილი სიმღერებისგან), მიაკვლია აღნიშნული სიმღერის ტექსტსა და ნოტებს, რომელიც ძალიან ჰგავდა საბჭოთა სიმღერისას.

„მელოდია ძალიან ჰგავს, მაგრამ ზუსტი ასლი არ არის. ხალხურ სიმღერას მაინც მეტად ახასიათებს განსაზღვრული ვარიატიულობა“, - განაცხადა ტარას სილენკომ.

„წმინდა ომი“ - შეგნებული პლაგიატი თუ ქვეცნობიერი სესხება?

ცნობილმა უკრაინელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ანდრეი ბონდარენკომ, შედარებითი ანალიზის ჩატარების შემდეგ აღნიშნა, რომ საბჭოთა სიმღერის მელოდია უფრო აკადემიურია.

„კონსერვატორიის წარმატებული კურსდამთავრებულისთვის ნორმალიზება, აკადემიზირება ჩვეულებრივი რამ არის, - განმარტა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა, - აი, პირიქით - დაქუცმაცება, ფოლკლორიზაცია კი... ვერ წარმომიდგენია, ვის შეეძლო ამის გაკეთება XX საუკუნის პირველ ნახევარში“.

მუსიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტალინურ ეპოქაში შექმნილი კომპოზიციის „წმინდა ომის“ მუსიკალური საფუძველი, რომლის ავტორობაც ოფიციალურად მიეწერებათ ვასილი ლებედევ-კუმაჩს (ტექსტი) და ალექსანდრ ალექსანდროვს (მელოდია), უკრაინელი ამბოხებულების ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაბადებული სიმღერაა.

მუსიკათმცოდნე ლიუბოვ მოროზოვა მიიჩნევს, რომ ამ მელოდიის გავრცელება უკრაინელ მეამბოხეებში შეიძლება აიხსნას ტექსტის ავტორის ვინაობით. პოეტ ალექსანდრ ბოდეს მომღერალი მეუღლის მეშვეობით სიმღერა თავისუფლად შეიძლებოდა გავრცელებულიყო ხალხში და ასევე თავისუფლად შეიძლებოდა შეჰყვარებოდათ უკრაინელებს კობზაზე ან ლირაზე შესრულების ტრადიციასთან სიახლოვის გამო, მაშინ როცა კომპოზიტორ ალექსანდროვისგან უცნაური იქნებოდა, საბჭოთა მარშებისთვის უკიდურესად არადამახასიათებელი 3/4 ზომის ნაწარმოების შექმნა.

მაინც, ვინ არის „წმინდა ომის“ ტექსტის ავტორი - ალექსანდრ ბოდე თუ ვასილი ლებედევ-კუმაჩი?

„სიმღერა "წმინდა ომის" ტექსტი დაწერა რუსეთში მცხოვრებმა, წარმოშობით გერმანელმა ალექსანდრ ბოდემ (1865-1939)“, - გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან ამტკიცებს რუსი მწერალი და ჟურნალისტი, ანდრეი მალგინი, რომელმაც ლებედევ-კუმაჩის შემოქმედების საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ „ვასილი ივანოვიჩ ლებედევ-კუმაჩი იყო პათოლოგიური პლაგიატორი და არა მხოლოდ ცნობილ სიმღერებთან ("წმინდა ომთან", "სამოვართან, მე და ჩემი მაშა" და ა.შ.) მიმართებით“.

ანდრეი მალგინი

ლებედევ-კუმაჩის პლაგიატორობის შესახებ ცნობას ინახავს იური ოლეშას ჩანაწერებიც:

„გუშინ მწერალთა კლუბში ფადეევმა გაანადგურა ლებედევ-კუმაჩი. სენსაციური განწყობა იყო დარბაზში. ფადეევმა მოიყვანა სტრიქონები, რომლებიც პლაგიატზე მეტყველებდნენ... დარბაზიდან შეძახილები: სირცხვილი! სირცხვილი!“ (იუ. ოლეშა. გამოსამშვიდობებელი წიგნი. „ვაგრიუსი“, 1999, გვ. 156).

თუმცა 1916 წელს ბოდეს დაწერილსა და 1941 წელს ლებედევ-კუმაჩის დაწერილ ტექსტებს შორის იმდენად უმნიშვნელო განსხვავებაა, რომ არც სპეციალისტების შეწუხება და არც სპეციალური ცოდნა არ არის საჭირო იმის დასადგენად, ვინ არის ორიგინალის ავტორი და ვინ პლაგიატორი.