ოსტაპ ბენდერი, პორნოვარსკვლავის როლში

"წითელი რაკეტა" (2021, აშშ, რეჟისორი შონ ბეიკერი)

მაიკ სეიბერა, დაახლოებით 50 წლის გაკოტრებული პორნომსახიობი (ცნობილი კომიკოსის და ასევე პორნოვარსკვლავის, საიმონ რექსის შესრულებით), პორნოინდუსტრიას თავს ანებებს და ტეხასის შტატში, მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. ჯიბეში 25 დოლარი აქვს. მას აქ არავინ ელის. ყოფილი ცოლი მასპინძლობაზე უარს ეუბნება, თუმცა ქალს მაინც დაიყოლიებს, ბინის ქირის გადახდას ჰპირდება და დროდადრო "ახალგაზრდობის" გახსენებასაც სთავაზობს ლოგინში. წარსული ხელს უშლის ახალი ცხოვრების დაწყებაში. და არა იმდენად იმიტომ, რომ ცოდვებს ახსენებს ვინმე; ეს ამერიკული პროვინციაც ტყუილით და ანგარებით ცხოვრობს.

ფილმი პანდემიის დროსაა გადაღებული 16-მილიმეტრიან ფირზე, რაც უკვე თავისთავად აახლოებს "წითელ რაკეტას" დამოუკიდებელი ამერიკული კინოს სტილს. მკრთალი გამოსახულება, ზოგჯერ უბრალოდ დარღვეული ფოკუსით, ხან დისტანციას ქმნის ფილმის გმირებთან, ხანაც პირიქით, ფარული კამერით გადაღებული სინამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ასეთი სტილი ავტორის პოლიტიკურ პოზიციასაც გამოხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მითითებულია მოქმედების კონკრეტული თარიღი, 2016 წელი (როცა შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს), კანის კინოფესტივალზე, სადაც შონ ბეიკერი პრიზის გარეშე დარჩა, "წითელმა რაკეტამ" თითქმის ყველა კრიტიკოსს სწორედ ტრამპის ამერიკა გაახსენა - მასკულინურობის რეაბილიტაციის ცდა (მაიკის, როგორც პორნოინდუსტრიაში დასაქმებული არტისტის წარმატებას ხომ ფაქტობრივად მხოლოდ მისი... პენისი, ანდა, როგორც საიმონ რექსი ამბობს, "მისი ატრიბუტი" განსაზღვრავს), ლიბერალიზმზე ქილიკი და სიცოცხლის, როგორც ბიზნესის კულტი, "ამერიკული ოცნებისთვის" დამახასიათებელი თითქმის ყველა სტერეოტიპით. მერე რა, რომ ჰოლივუდის კონსერვატორული კინოს მთავარი კლიშე - "თუ მოინდომებ, არა მარტო კინოვარსკვლავი, არამედ ამერიკის პრეზიდენტიც გახდები"... ცხოვრების ეს ხავსმოკიდებული დევიზი ფილმში "უკუღმა" მკვიდრდება; სურათის გმირი სახლს კი არ ტოვებს ბედნიერი მომავლის საძიებლად, არამედ პირიქით, უკან მიემართება - ყველაფრისგან დაღლილი და გაღატაკებული. კი, მშობლიურ კერას უბრუნდება, თუმცა არა სიყვარულისთვის, არა სითბოსთვის, არა მართლაც რომ ახალი ცხოვრებისთვის. მისთვის სიცოცხლე პროვინციაშიც ბიზნესია. ეგ არის, რომ არც არაფერი შეუძლია ქალების მოტყუების და მათი აღგზნების გარდა. მოგვიანებით კი გაირკვევა, რომ ასაკში შესულს, ესეც კი უჭირს უკვე... ტოქსიკური მასკულინობის სახე, რომელსაც შესანიშნავად ქმნის საიმონ რექსი (დროდადრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსახიობი საკუთარ ბიოგრაფიას განასახიერებს. თუმცა ზოგიერთმა კრიტიკოსმა ამ გმირში ტრამპის კარიკატურა დაინახა), უკვე ყველა მხრიდანაა დამუშავებული კლასიკურ ამერიკულ კინოში. მაგრამ დისტანცია, რომელსაც ქმნის ავტორი ეკრანზე გამოხატულ ამბავთან, თავად საიმონ რექსის თამაშის სტილი - ამ "კაცურობის" მსუბუქი უტრირება, ირონიით ამდიდრებს და, რაც მთავარია, აღრმავებს ბეიკერის ფილმს. ჩვენ ყველანი ერთად, მაყურებელიც, რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელიც, დავცინით ტეხასელი ოსტაპ ბენდერის სექსუალურ თავგადასავალს ერთ, თითქოს ღმერთის მიერ მიტოვებულ, დაბინძურებულ (გარშემო თითქმის მხოლოდ ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნებია) ქალაქში, სადაც გართობის ერთადერთი საშუალება ტელევიზორია, სადაც ყველა, თეთრკანიანიც და შავკანიანიც, ერთნაირადაა მიჯაჭვული ნარკოტიკებს, რათა წარმოუდგენლად მოსაწყენი ცხოვრებისგან დროებით მაინც დაიხსნას თავი.

ავტორის ასეთი სარკასტული დამოკიდებულება არა მარტო სინამდვილისადმი, არამედ ფილმის მთავარი გმირისადმი, იშვიათია ამერიკულ კინოში (თავისი სტილით "წითელი რაკეტა" ხანდახან კასავეტესის შედევრებს გაგახსენებთ). საკმაოდ სარისკოც. მაყურებელმა ორი საათი უნდა ადევნოს თვალი ცინიკოსის, მატყუარა ნარცისის თავგადასავალს. ძნელია, ამ დროს არ გაღიზიანდე. უპირველესად საკუთარმა თავმა არ გაგაღიზიანოს, როცა მიხვდები, რომ შენ სულაც არ ელოდები მაიკ სეიბერას დამარცხებას. უფრო პირიქით, ცოტა გეცოდება კიდეც და თანაუგრძნობ მას. მაგრამ საყოველთაო ცინიზმის არსს თუ გინდა ჩასწვდე, სხვაგვარად არ გამოვა - ბოლომდე უნდა გაჰყვე ცბიერი მაქინატორის ქმედებას, უფრო სწორად - მის დაცემას.

შონ ბეიკერი დღეს ამერიკული კინოს ერთ-ერთი ლიდერია. ფილმის წყვეტილი მონტაჟი, მოცახცახე კამერა, შორი და საშუალო ხედების თამამი გამოყენება (იშვიათობა რომ გახდა მცირებიუჯეტიან ფილმებში), კარგად მოფიქრებული, დრამატურგიულად მნიშვნელოვანი საუნდტრეკი ამ რეჟისორის უნიკალური ხელწერაა. კი, ზოგჯერ წრეზე იწყებს ტრიალს, ხანდახან რიტმს აგდებს (განსაკუთრებით ეროტიკულ სცენებში), მაგრამ ყველა ვერ შეძლებდა 1-მილიონიანი ბიუჯეტით გამოეხატა თანამედროვე ამერიკის ასეთი დაუვიწყარი სურათი.

"წითელი რაკეტა" შესანიშნავი სოციალური სატირაა, რომელიც გარიყულ, უიმედო და, ამავე დროს, ილუზიებით სავსე ამერიკას გაგვაცნობს. ოღონდ აქ ძლიერები და მდიდრები კი არ ჩაგრავენ სუსტებს, როგორც სხვა სოციალურ ფილმებში. აქ სუსტი ჩაგრავს მასზე უფრო სუსტს! და ეს ჩაგვრა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როცა მაყურებელი აცნობიერებს - იმ მჩაგვრელს საერთოდ არაფერი აბადია ერთი, უკვე ღონემიხდილი "ატრიბუტის" გარდა. პორნოინდუსტრიაში ხომ "წითელი რაკეტა" ნიშნავს მამრს, რომელიც "კარგად ისვრის".