რატომ ირჩევენ ქალები საკეისროს - შიში თუ „მოდა“

სალომე სიხარულიძეს სამი შვილი ჰყავს. სამივე საკეისრო კვეთითაა დაბადებული. რამდენიმე წლის წინ, როცა სალომემ პირველი შვილის გაჩენა საკეისროთი გადაწყვიტა, მეან-გინეკოლოგმა ოპერაციის გაკეთებაზე მტკიცე უარი უთხრა - ის ჯანმრთელი იყო, არ ჰქონდა საკეისრო ოპერაციისთვის აუცილებელი ჩვენება და ექიმი დარწმუნებული იყო, რომ ბუნებრივ, ფიზიოლოგიურ მშობიარობას გართულებების გარეშე შეძლებდა.

სალომე იხსენებს, რომ მეანმა მისთვის აზრის შეცვლა სხვადასხვა არგუმენტით სცადა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ნაყოფმა მდგომარეობა შეიცვალა და სალომესთვის საკეისრო კვეთის ჩატარება უკვე აუცილებელი გახდა:

„სასტიკი წინააღმდეგი იყო. მიხსნიდა, რომ თუკი არ მექნებოდა საკეისროს ჩვენება, ოპერაციას არ გამიკეთებდა, რადგან აკრძალული იყო. მეუბნებოდა, რომ მსოფლიო გაიდლაინებით, მაშინ, როცა საკეისროს ჩვენება არ არის, ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება. მეუბნებოდა, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები არიან მოდუნებულები, რომ ქალის რეაბილიტაცია რთულია. თუმცა, ისე მოხდა, რომ რამდენიმე თვეში ნაყოფმა ჯდომით პოზიციაში გადაინაცვლა და საბოლოოდ მაინც საკეისროს გაკეთება გახდა საჭირო“.

მიუხედავად იმისა, რომ სამი საკეისრო კვეთის შემდეგ, განსაკუთრებით კი მესამე ოპერაციის შემდეგ, სალომესთვის სარეაბილიტაციო პროცესი არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, ამბობს, რომ დღეს რომ შვილს აჩენდეს, ისევ საკეისრო კვეთას აირჩევდა:

„ერთი მხრივ, მაქვს მშობიარობის, ტკივილის შიში, მაგრამ ამის გარდა, უფრო მეტად მოულოდნელობის შიში მაქვს. როდესაც პირველი შვილის გაჩენა გადავწყვიტე, საშინლად მთრგუნავდა გაურკვევლობის განცდა, რომ არ მეცოდინებოდა, როდის დამეწყებოდა მშობიარობა. მინდოდა, რომ ამ კონკრეტული დღისთვის მზად ვყოფილიყავი, მოვწესრიგებულიყავი. ბევრი წვრილმანია, რომელიც ასეთ დროს მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ქალის არჩევანი უნდა იყოს, რა ფორმით გააჩენს შვილს. საკეისრო კვეთით, ფიზიოლოგიურად, წყალში იმშობიარებს თუ სხვა გზით. უბრალოდ, ექიმის მოვალეობაა, რომ მშობიარობის ყველა მეთოდის, რისკებისა თუ სარგებლის შესახებ მიაწოდოს ქალს ინფორმაცია და ამის შემდეგ, ქალმა უკვე თვითონ უნდა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების დროს ის არ უნდა წააწყდეს ბარიერებს ექიმების მხრიდან“.

საკეისრო კვეთის სტატისტიკა - სად დგას საქართველო?

უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, ისევე როგორც არაერთ სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც რადიკალურად იმატა საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობის წილმა.

საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტის“ მონაცემებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, მსოფლიოში გაორმაგდა საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. საქართველოში ეს მონაცემი კიდევ უფრო დიდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, საქართველოში, 2000 წლიდან, 4.3-ჯერ გაიზარდა საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. თუკი 2020 წელს ორსულთა 40,6%-მა შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა, 2021 წელს მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და შეადგინა 42,8%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთის ოპერაციების ხვედრითი წილი 10-15 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. თუმცა, სულ სხვა რეალობაზე მეტყველებს სტატისტიკა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 30%-ზე მეტია. განსაკუთრებით მაღალია საკეისრო კვეთის მაჩვენებელი ბრაზილიაში, ეგვიპტესა და თურქეთში და ის 50%-ს სცილდება. მაღალია ეს მაჩვენებელი ლათინურ ამერიკაში, სადაც ორსულთა 44% სწორედ საკეისრო კვეთის გზით აჩენს შვილს.

საკეისრო კვეთის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი აქვს სკანდინავიურ ქვეყნებს, მათ შორის, ფინეთსა და შვედეთს და ის 16%-ს შეადგენს. 19%-ია საკეისრო კვეთით მშობიარე ორსულთა რიცხვი საფრანგეთში.

საკეისრო კვეთა - ჩვენება, რისკი და სარგებელი

საკეისრო კვეთა არის ქირურგიული პროცედურა, როდესაც ექიმს ნაყოფი ამოჰყავს დედის მუცლის წინა კედლისა და საშვილოსნოს გაკვეთის საშუალებით. სპეციალისტთა თქმით, საკეისრო კვეთა არ არის მშობიარობის გამარტივების გზა.

უკანასკნელ წლებში ჩატარებული არაერთი საერთაშორისო რანდომიზებული კვლევის მეტა-ანალიზით, რომელშიც ერთმანეთს შედარდა დედისა და ახალშობილის მოსალოდნელი გართულებები საკეისრო კვეთისა და ბუნებრივი გზით მშობიარობის დროს, გამოვლინდა, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო მაღალია ისეთი გართულებების რისკი, როგორიცაა, მაგალითად, შარდის ბუშტის და საშვილოსნოს დაზიანება, ჰისტერექტომია, პერიტონიტი, ინტენსიური თერაპიის აუცილებლობა, თრომბოემბოლური გართულებები, კლინიკაში ხელმეორედ მოთავსება. მცირედით, მაგრამ საკეისრო კვეთისას მაინც მეტია დედის სიკვდილის მაჩვენებელი.

როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში მოქმედი საკეისრო კვეთის გაიდლაინის თანახმად, უმჯობესია, საკეისრო კვეთა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას ფიზიოლოგიურმა, ანუ საშოსმხრივ მშობიარობამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.

საკეისრო კვეთის ძირითად ჩვენებების ჩამონათვალი კი ასეთია:

  • კლინიკურად ვიწრო მენჯი;
  • ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა;
  • ნაყოფის არასწორი მდებარეობა;
  • პლაცენტის წინმდებარეობა;
  • პლაცენტის მიხორცება;
  • დედის ინფექცია;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • სამშობიარო გზების პრობლემები;
  • დიდი ზომის ნაყოფი;
  • ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა;
  • ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენოგინეკოლოგიური ანამნეზით.

საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით - ორსულის უფლება

ორსულთა მნიშვნელოვანი ნაწილი (საქართველოში 15%), საკუთარი სურვილით, ჩვენების გარეშე ითხოვს საკეისრო კვეთის ჩატარებას.

საკეისრო კვეთა ჩვენების გარეშე აკრძალული არ არის. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოში მოქმედი საკეისრო კვეთის გაიდლაინის თანახმად, ექიმი ვალდებულია, დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის მოსალოდნელი გართულებები.

თუკი ქალი მშობიარობის შიშის გამო ითხოვს საკეისრო კვეთას, მაშინ ექიმმა მას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს ეფექტური გაუტკივარების შესახებ და ამასთანავე, მიაწოდოს რჩევები კოგნიტური ქცევითი თერაპიის შესახებ, რომლებიც ქალს, სავარაუდოდ, დაეხმარება შიშთან გამკლავებაში.

თუკი განხილვისა და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერის შეთავაზების შემდეგ, ორსული კვლავ უარს ამბობს ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შესთავაზოს მას ექიმმა გეგმიური საკეისრო კვეთა.

თუმცა, საქართველოში მოქმედი გაიდლაინის თანახმად, მეანს აქვს უფლება უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებაზე. ასეთ დროს, ექიმმა ორსული ქალი უნდა გადაამისამართოს სხვა მეანთან, რომელიც ოპერაციას ჩაატარებს.

რატომ ირჩევენ ქალები საკეისრო კვეთას?

მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში, რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც საფრანგეთში, კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო კლინიკის მეან-გინეკოლოგია, სხვადასხვა მიზეზი სმენია, რის გამოც ქალები საკეისრო კვეთას ითხოვენ. მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მშობიარობის შიშია.

თუმცა, როგორც რევაზ ბოჭორიშვილი გვეუბნება, ზოგიერთ ქვეყანაში, ეს ფენომენი სხვა ფაქტორებითაცაა განპირობებული:

რევაზ ბოჭორიშვილი

„ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საკეისრო კვეთებისა ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება. ბრაზილიის ზოგიერთ კლინიკაში ის 83%-საც კი აღწევს. ჩემმა კოლეგამ, ბრაზილიელმა ექიმმა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი ჩვენება საკეისრო კვეთისთვის, ორივე მშობიარობა საკეისრო კვეთით დაგეგმა და ბრაზილიაში გაფრინდა სამშობიარონ. ზოგიერთ კულტურაში ეს ფენომენი გავრცელებულია სხვადასხვა მიზეზის გამოც. ითვლება და ამას გარკვეული საფუძველიც აქვს, რომ საკეისრო კვეთა ნაკლებად აზიანებს ქალების ფიზიოლოგიას, ანატომიას. მაგალითად, ნაკლებად ზიანდება შორისი, ნაკლებად აწუხებთ შარდის შეუკავებლობა, პროლაფსის - ანუ საშვილოსნოს და საშოს დაწევა, გამოვარდნა. არის ამ ყველაფერში რაციონალური ელემენტი, მაგრამ მეორე მხრივ, საკეისრო კვეთა ოპერაციაა და ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს გარკვეული გართულებები. მათ შორის, არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომ საკეისრო კვეთის დროს უფრო მაღალია სისხლდენის რისკი, ორგანოთა დაზიანების, მათ შორის, შარდის ბუშტის, რადგან საშვილოსნოს რომ მიუდგე, შარდის ბუშტი გვერდზე უნდა ჩაწიო. ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ შარდის ბუშტი და საშვილოსნო სიამის ტყუპები არიან და მათი დაცილება ზოგჯერ იწვევს შარდის ბუშტის დაზიანებას. ასევე შეიძლება დაზიანდეს ნაწლავი. ნებისმიერი ოპერაციის შემდეგ, შესაძლოა განვითარდეს შეხორცებები, რის გამოც შეიძლება წარმოიქმნას ნაწლავის გაუვალობა და რაც მთავარია, ნებისმიერი ოპერაციის დროს, როგორი პროფილაქტიკაც არ უნდა ჩატარდეს ის, იზრდება ე.წ. თრომბოემბოლიური გართულებების რისკი“.

რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის დაგეგმვისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მეან-გინეკოლოგმა სიღრმისეულად შეისწავლოს ამ მოთხოვნის საფუძველი:

„საფრანგეთსა და ზოგადად ევროპაში, საკეისრო კვეთის დაგეგმვისას, მეტი ყურადღება ეთმობა სამედიცინო ჩვენებას და ქალის თხოვნით და ე.წ. კომფორტისთვის ნაკლებად გეგმავენ საკეისრო კვეთას, მაგრამ როდესაც ქალი დაჟინებით ითხოვს საკეისროს, კარგად უნდა გავარკვიოთ, რის გამო ითხოვს ამას. ფაქტია და სამედიცინო ლიტერატურაშიც ცნობილია, რომ ქალების უმეტესობა, საკეისრო კვეთას ითხოვს მშობიარობის შიშის, ტკივილის შიშის გამო. ამ სიტუაციაში ექიმის როლს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორ აუხსნის, ფიზიოლოგიური და საკეისრო კვეთით მშობიარობის განსხვავებებს, რისკებსა და სარგებელს, როგორ მოამზადებს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ხშირად, ქალებს სურთ, რომ საკუთარი კომფორტის გამო დაგეგმონ საკეისრო, კონკრეტულ დღეს, მშვიდად, წყნარად, მაგრამ სწორად მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ, როგორც წესი, ისინი იცვლიან ხოლმე აზრს. ასე ვერავის მოვუწოდებ, რომ ფიზიოლოგიურად იმშობიაროს. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება სამედიცინო ჩვენებებს და თუ სამედიცინო ჩვენება არ აქვს ქალს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, უნდა ეცადოს, რომ ფიზიოლოგიურად იმშობიაროს, მაგრამ ის, რომ დავაძალოთ ფიზიოლოგიური მშობიარობა, ეს არ არის სწორი მიდგომა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საკეისრო მოდაშია. კარგი იქნება, თუკი ამ მოდას ნაკლებად ავყვებით. ყოველ შემთხვევაში, ის უნდა ვიცოდეთ, რომ საკეისროს გარკვეულწილად ახლავს გართულებები და მაინც და მაინც, საუკეთესო გამოსავალი არ არის“.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არაერთ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც მოიმატა საკეისრო კვეთის მაჩვენებელმა, რევაზ ბოჭორიშვილის აზრით, ეს შესაძლოა იყოს ექიმის თვითდაცვის მექანიზმი, როდესაც ის თავს იზღვევს ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს წარმოქმნილი შესაძლო გართულებებისგან.

ამას გარდა, საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა უკავშირდებოდეს როგორც მშობიარეთა გაზრდილ ასაკს, ისე მაგალითად, ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების განვითარებასაც:

„ეს დასავლეთშიც ასეა და საქართველოშიც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ამგვარი ტენდენცია - გაიზარდა ორსულების ასაკი. რაც უფრო ასაკშია ორსული, მით უფრო მაღალია საკეისრო კვეთის ჩვენება, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით, ასაკში ორსულობისას მეტია გართულების რისკი. ამასთანავე, განვითარდა ხელოვნური განაყოფიერების სხვადასხვა ტექნიკები, რაც საშუალებას აძლევს 40-45 წელს გადაცილებულ ქალებს დაორსულდნენ. ამას ჰქვია „ძვირფასი ორსულობა“ და ცხადია, რომ ასეთ დროს, შესაძლოა, პირდაპირ იყოს საკეისროს ჩვენება“.

რევაზ ბოჭორიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა უკავშირდებოდეს უფრო ძვირადღირებულ პროცედურას, რაც კლინიკებისთვის ხელსაყრელი შეიძლება იყოს:

„ბევრგან და ალბათ საქართველოშიც არის ერთი საჩოთირო მომენტი, საკეისრო კვეთა უფრო ძვირი ღირს ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობა. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ შესაძლოა, ექიმს წაუცდეს ხელი და საკეისრო კვეთა დანიშნოს უფრო მარტივად, რადგან ამით უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს. ეს იმდენად ცნობილი ფაქტია მაგალითად, ლათინურ ამერიკაში, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციების თანახმად, საკეისრო კვეთის შემცირების ერთ-ერთ გზად განიხილება ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფის გათანაბრება".

საქართველოში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ორსულთათვის 800 ლარით ფარავს საკეისრო კვეთას, ხოლო 500 ლარით ფიზიოლოგიურ მშობიარობას. საკეისრო კვეთის ღირებულება სხვადასხვა კლინიკაში 1090 ლარიდან 3900 ლარამდე მერყეობს.

ტოკოფობია - მშობიარობის შიში - გზა საკეისრომდე

ბავშვობაში მოსმენილი მშობიარობის ისტორია, ელენეს (სახელი შეცვლილია) დროთა განმავლობაში დაუძლეველ შიშად ექცა. თავიდან ვერ ხვდებოდა, რა ტიპის შიშთან ჰქონდა საქმე. „თითქოს უსიამოვნო განცდა მქონდა ხოლმე, ორსულს რომ ვხედავდი“, - ყვება ის. მოგვიანებით კი, როცა თვითონ დაორსულდა და მშობიარობის დრო მოახლოვდა, „სიკვდილის შიშმა“ აიტანა:

„მაშინ არც ვიცოდი, რომ ამ შიშს თავისი კონკრეტული სახელი ჰქონდა. იმ პერიოდში, ფსიქოლოგთან სიარულიც რაღაც უცხო ხილი იყო. გინეკოლოგს ვუხსნიდი, რომ მშობიარობის ტკივილს ვერ გავუძლებდი და მოვკვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არასერიოზულად აღიქვამდა ჩემს სიტყვებს. საკეისრო კვეთის უფლება არც ოჯახმა მომცა და ექიმმაც მხარზე ხელი წამომარტყა, ჯანმრთელი გოგო ხარ, ნუ გეშინია, შენითაც მშვენივრად გააჩენ ბავშვსო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მესიზმრება მშობიარობის კადრები. არ ვიცი, შიშმა და ტკივილმა განაპირობა, თუ სხვა რამ, მაგრამ ბავშვი რომ გავაჩინე, დიდხანს მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი. თვეების შემდეგ მოვიდა, ე.წ. დედობრივი ინსტიქტი. მეორე შვილის გაჩენა აღარც კი მიფიქრია“.

ორსულობისა და მშობიარობის შიშს ტოკოფობია ჰქვია. სპეციალისტთა დაკვირვებით, ტოკოფობია ქალების 2,5%-დან 14%-ს უვითარდება.

ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი ამბობს, რომ ისევე როგორც სხვა ტიპის ფობიების, მშობიარობის ფობიის დაძლევაში ქალებს ფსიქოთერაპია ეხმარება. თუმცა, აუცილებელია მისი დროული ამოცნობა, რადგან ის ხანგრძლივ თერაპიას მოიცავს და ორსულობის პერიოდში შესაძლოა უკვე დაგვიანებულიც იყოს:

„ცალკეული მოვლენის თუ საგნის შიში მიეკუთვნება ე.წ. იზოლირებულ ფობიებს და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რაიმეს შიში, მაგალითად, ბუმბულის, ობობის, ქუხილის და მათ შორის, მშობიარობის. ეს არის შიში ისეთი მოვლენის ან საგნის მიმართ, რომელიც არ წარმოადგენს რეალურ საშიშროებას, თუმცა, ადამიანს მისი ეშინია. ზოგადად მშობიარობა, შესაძლოა, გარკვეულ რისკებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ეს ბუნებრივი, ბიოლოგიური პროცესია და თავისთავად არ არის საშიში. იზოლირებულ ფობიებს ფსიქოთერაპიით მკურნალობენ. მედიკამენტები იშვიათად გამოიყენება. მკურნალობის პროცესში ხდება საშიშ მოვლენასთან ან ნივთთან ნელ-ნელა შეგუება და მის მიმართ შიშის ჩაქრობა. თუკი მეან-გინეკოლოგი ხედავს, რომ ორსულს უბრალოდ მშობიარობის შიში კი არა, არამედ ფობია აქვს, მაშინ, ასეთ დროს, ცხადია, უმჯობესია მიღებულ იქნას საკეისრო კვეთის გადაწყვეტილება. თუმცა, თუკი ქალს სურს, რომ ეს ფობია დაძლიოს, მაშინ სწორად დაგეგმილი ფსიქოთერაპიის საშუალებით, მისი დაძლევა შესაძლებელია. ეს გარკვეულ პერიოდს მოითხოვს და უმჯობესია, ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა დროულად დაიწყოს“.

საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი და სანქციები კლინიკებს

2018 წელს, საქართველოს მთავრობამ საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებლის შესამცირებლად სანქციები აამოქმედა. კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ინდივიდუალურად განსაზღვრა საკეისრო კვეთის ოპერაციების პროცენტული მაჩვენებელი და გადაჭარბების შემთხვევაში, კლინიკებს ჯარიმების გადახდა დაეკისრა.

ასე დაჯარიმდა 2018 წელს ქვეყნის მასშტაბით 17 სამშობიარო დაწესებულება; 2019 წელს კი 6 კლინიკა. ჯარიმების რაოდენობა 40 ათასიდან 150 ათას ლარამდე მერყეობდა.

ასევე ნახეთ საკეისრო კვეთისთვის კლინიკები დაჯარიმდნენ

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, დღევანდელი მდგომარეობით, საკეისრო კვეთებთან დაკავშირებით გამოცხადებულია მორატორიუმი და ამ ეტაპზე, კლინიკებისთვის სანქციების დაწესება აღარ ხდება. თუმცა, როგორც სამინისტროში გვითხრეს, საკეისრო კვეთის ოპერაციების შესამცირებლად მუშავდება ალტერნატიული მეთოდი. სამწუხაროდ, რადიო თავისუფლებამ დამატებითი განმარტებები ამ საკითხზე ვერ მოისმინა. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ სამინისტროს ბაზაზე შექმნილია დედათა და ბავშვთა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც განიხილავს არსებულ სიტუაციასა და რეკომენდაციებს.

გიორგი ბიჭიაშვილი, გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საკეისრო კვეთის ოპერაციებისთვის დაწესებულმა ჩარჩოებმა გასულ წლებში გარკვეული შედეგი გამოიღო და მცირედით, მაგრამ მაინც აისახა საკეისრო კვეთის სტატისტიკაზე, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ საკეისრო კვეთის ოპერაციების რეალური შემცირება საკმაოდ ხანგრძლივი და დროში გაწელილი პროცესია:

„2018 წელს შემოღებული დადგენილებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, მაგალითად, თუკი კლინიკაში საკეისრო კვეთაზე მოდიოდა მშობიარობის 40%, ის უნდა შემცირებულიყო 35%-მდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლინიკა ჯარიმდებოდა. საკეისროების რაოდენობას ასე უცებ ვერ დაწევ. ამას სჭირდება დიდი დრო, რადგან ერთი პერიოდი, საქართველოში ძალიან ბევრი საკეისრო გაკეთდა. ეს ქალები აჩენენ მეორე, მესამე, რიგ შემთხვევაში, მეოთხე ბავშვებს, რომლებიც ასევე საკეისრო კვეთით ჩნდებიან. ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული პერიოდი, სწორი მენეჯმენტი და შესაძლოა, 10 წლის შემდეგ დავინახოთ რეალური შედეგი და დავიდეთ იმ მაჩვენებლამდე, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა რეკომენდებული“.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, გიორგი ბიჭიაშვილი ფიქრობს, რომ ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ იმიტომ იღებს საკეისრო კვეთის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომ მათ არ აქვთ სრულყოფილი ცოდნა როგორც საკეისრო კვეთის რისკებზე, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის თანამედროვე მეთოდებზე:

„თუკი ორსული მოდის კლინიკაში და გინეკოლოგს სთხოვს საკეისრო კვეთას, პირველ რიგში, გინეკოლოგი აწვდის ინფორმაციას მშობიარობის გზებთან დაკავშირებით. თუკი ის ვერ ახერხებს ქალის გადარწმუნებას, მაშინ ორსული გასაუბრებას გადის უკვე ან განყოფილების ან კლინიკის ხელმძღვანელთან და მხოლოდ ამის შემდგომ ვთანხმდებით მოთხოვნით საკეისრო კვეთას. ეს რა თქმა უნდა, ქალის უფლებაა, მას აქვს უფლება მოითხოვოს საკეისრო კვეთა, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ერთი ხელის მოსმით მიღებული გადაწყვეტილება“.

ფიზიოლოგიური მშობიარობის შიშის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ინფორმაციის ნაკლებობა ჰგონია ექიმ-ანესთეზიოლოგ ქეთევან ჭაბაშვილსაც:

„ჩვენი დაკვირვებით, ქალები საკეისრო კვეთას უმეტესწილად ითხოვენ მშობიარობის შიშის გამო. მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, მაგალითად, თუნდაც ეპიდურული ანესთეზიის შესახებ. მშობიარობის გაუტკივარება, ანუ ეპიდურული ანესთეზია კეთდება ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს, რომელიც საშუალებას აძლევს ქალს, რომ მტანჯველი ტკივილების გარეშე იმშობიაროს. სამწუხაროდ, ქალებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ ხოლმე მშობიარობის მეთოდების შესახებ. ორსულებთან აქტიური შეხება მაქვს და ბოლო მომენტამდე, უარს ამბობენ ხოლმე გაუტკივარებაზე. ბოლოს მაინც შიშით თანხმდებიან, რაიმეს ხომ არ დამიზიანებს, სიარულს ხომ შევძლებ. ეს ინფორმაცია მათ თავიდანვე უნდა ჰქონდეთ. მათ ასევე უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საკეისრო კვეთა მშობიარობის მარტივი გამოსავალი არ არის“.

საკეისროს ბავშვები

ნინო უტიაშვილი-გაბუნია სამი შვილის დედაა. სამივე შვილი საკეისრო კვეთით ჰყავს გაჩენილი. ხშირად აწყდება სოციალურ ქსელში მოსაზრებებს, რომ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვები სუსტები არიან და აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, ამბობს, რომ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, შვილებისთვის სხვა ბავშვებისგან განსხვავებული პრობლემები არასდროს შეუმჩნევია:

„უამრავ ბავშვთან მიწევს ურთიერთობა. პროფესიით პედაგოგი ვარ. ხშირად ამბობენ, რომ საკეისროთი გაჩენილ ბავშვებს სუსტი იმუნიტეტი აქვთ და თითქოს ავადაც უფრო ხშირად ხდებიან. არასდროს შემიმჩნევია, რომ ჩემი შვილები სხვა ბავშვებზე უფრო მეტად ავადმყოფობენ ან უფრო ხშირად ხვდებათ ვირუსები. 2005 წლიდან დედა ვარ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩემს შვილებს არ ჰქონიათ“.

ჯეინ სანდალი, ლონდონის სამეფო კოლეჯის საზოგადოებრივი მეცნიერებისა და ქალთა ჯანმრთელობის პროფესორი ამბობს, რომ საკეისრო კვეთამ შესაძლოა, იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს ბავშვებში მოკლე ან გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკეისრო კვეთის გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები ახლდეს თან:

„საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებული ბავშვების გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემები საკმარისად შესწავლილი არ არის, თუმცა, მოკლევადიან პრობლემებად შეიძლება მოვიაზროთ იმუნური სისტემის განვითარების პრობლემები, რაც ზრდის ალერგიებისა და ასთმის რისკს“.

რევაზ ბოჭორიშვილის თქმით, საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებში შესაძლო იმუნური პრობლემები მარტივი ასახსნელია:

„ფიზიოლოგიური მშობიარობისას ბავშვი იბადება სამშობიარო გზებით, ანუ საშოს გავლით. დედის საშოში არსებობს მიკრობული ბანალური ფლორა და ბავშვის ორგანიზმში პირველად სწორედ ასე ხვდება მიკრობები და ბავშვის გარემოსთან პირველი კონტაქტები სწორედ მშობიარობის, დაბადების დროს იწყება და ირთვება ბავშვის იმუნური სისტემა. ამიტომ არსებობს არაერთი საერთაშორისო კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ საკეისრო კვეთის შედეგად დაბადებულ ბავშვს, რომელსაც არ ჰქონია კონტაქტი დედის მიკრობებთან, შესაძლოა, ჰქონდეს იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს მითები არ არის, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საკეისრო კვეთით გაჩენილი ბავშვი აპრიორი იმუნური პრობლემებით იბადება, არის აბსურდი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის აბსოლუტურ ჭეშმარიტებად წარმოჩენა“.

საქართველოში, 2020 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების 64% გეგმიურად ჩატარდა. 15% კი დედის მოთხოვნით.