აშშ-ის ელჩი: გსურს ვიხილოთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა განწყობაა ამერიკაში საქართველოში, როგორც პარტნიორ ქვეყანაში, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თქვა, რომ მათ სურთ საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობა იხილონ. შეკითხვის კონტექსტი ასევე მოიცავდა შინაარსს, უნდა გაძლიერდეს თუ არა საქართველოს ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"აშშ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ახლოდან აკვირდება, საქართველო არის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში მუშაობენ, ეს არის ის პროგრესი და ცვლილება, რაც უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვსურს პარლამენტში მეტი მოქმედების ნახვა, მეტი ჩართულობა საკანონმდებლო ცვლილებების და სტრატეგიის განხორციელებისას. გვსურს, ვიხილოთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მუშაობა პარლამენტში საქართველოს ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის, განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, გზების, წყლის საკითხები. ქვეყნის წინაშე მრავალი გამოწვევაა და საუკეთესო ადგილი ამის გადასაჭრელად პარლამენტია, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი მუშაობით და არა ჩხუბით. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, დროა საქართველოს პოლიტიკოსები გაერთიანდნენ, მთელი საქართველო იყოს ერთიანი. შეწყდეს ერთმანეთის შეტევა და დაიწყოს ერთად მუშაობა ამ ქვეყნის მომავლისთვის, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ხალხისადმი, ასევე ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისა და სხვებისთვის, ვინც ცდილობს საქართველოს გაყოფას და დაბნეულობის შემოტანას. ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი არის, დადგნენ ერთად და იმუშაონ საქართველოს ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, აქეთკენ უნდა იყო მიმართული ახლა ენერგია", - განაცხადა კელი დეგნანმა, რომელიც ოზურგეთში იმყოფებოდა, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში. მან ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მიიღეს, რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, "შარლ მიშელის შეთანხმების" სახელით ცნობილი დოკუმენტი გააფორმეს და ვალდებულებები აიღეს. ეს შეთანხმება ხელმოწერიდან 100 დღის თავზე დატოვა სახელისუფლებო პარტიამ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა ის, რომ მას არ შეუერთდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია. "შარლ მიშელის შეთანხმებას" "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ამბიდან დაახლოებით ერთ თვეში მოაწერა ხელი.