დენის პროკოპენკო: გავაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად

ფოტო არქივიდან. პოლკ „აზოვის" მეთაური დენის პროკოპენკო

პოლკ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ უკვე მეორე დღეა მოწინააღმდეგე შეიჭრა ქარხნა "აზოვსტალის" ტერიტორიაზე და მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა.

„დიდება უკრაინას! მარიუპოლის გარნიზონი უკვე 70-ე დღეა მარტო უწევს წინააღმდეგობას უპირატესი ძალის მქონე მტერს. 25 აპრილიდან ვახორციელებთ სისხლისმღვრელ თავდაცვას "აზოვსტალის" ქარხანაში. უკვე მეორე დღეა, მოწინააღმდეგე შემოიჭრა ქარხნის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლა. ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც სწევენ არაადამიანურ ძალისხმევას მოწინააღმდეგის შეტევის შესაკავებლად. მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოს მარიუპოლის გარნიზონის კოლოსალური დახმარებისთვის. ჩვენი ჯარისკაცები ამას იმსახურებენ. ვითარება უკიდურესად რთულია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, გავაგრძელებთ ბრძანების შესრულებას დაცვის შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ვიდეომიმართვაში პროკოპენკო.

ოთხშაბათს რუსმა სამხედროებმა შეაღწიეს ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც ბომბავდნენ და ცეცხლს უშენდნენ. "აზოვსტალის" ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გააფთრებული ბრძოლები. იმ დროისთვის უკრაინელ მებრძოლებთან კავშირი დაკარგული იყო.

რუსეთი აცხადებს, რომ ხუთშაბათს დილით კვლავ გახსნის ჰუმანიტარულ დერეფანს "აზოვსტალის" ტერიტორიიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციისთვის, მაგრამ განცხადებაში სამხედროებზე არაფერია ნათქვამი. მანამდე რუსეთის სარდლობამ მარიუპოლის დამცველებს იარაღის დაყრა და ჩაბარება მოსთხოვა, რაზეც უკრაინელმა სამხედროებმა უარი განაცხადეს.