უკრაინაში კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მეომრები რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან

რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. ტელეგრამის არხის ცხინვალელმა მომხმარებლებმა 36 წლის ალიმ ლოხოვის გარდაცვალების შესახებ ცნობა 4 მაისს გაავრცელეს. მანამდე ცხინვალიდან უკრაინის ომში წასული ინალ კორტიევი, მე-4 საოკუპაციო-სამხედრო ბაზის ოცმეთაური დაიღუპა. უფრო ადრე კი სერჟანტი ანდრეი ბაკაევი, მოხალისეები რუსლან ბესაევი, რუსლან კაზიევი და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო არტისტი რობერტ ყულუმბეგოვი დაიხოცნენ.

ოსური საზოგადოების დამოკიდებულება უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად წასული ჯარისკაცების მიმართ ორაზროვანია: ზოგი მათ გმირებად მიიჩნევს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭების ომში გაგზავნა პატარა ხალხის განადგურებას უტოლდება.

ოსური მედიის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დავალებით, უკრაინაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ვლადიმირ ფუხაევიც, გაემგზავრა. მანამდე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლები, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში ორ ეტაპად გაამგზავრეს. 16 მარტს სოციალური ქსელებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრებიც გავრცელდა. მოგვიანებით 300 ცხინვალელი ჯარისკაცი უკრაინიდან დაბრუნდა და იქ არსებულ საშინელ პირობებზე ალაპარაკდა. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი აცხადებდნენ, რომ აღჭურვილობისა და ნორმალური ტექნიკის გარეშე, პირდაპირ ბრძოლის ველზე გააგზავნეს და მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებდნენ.

უკრაინაში, რუსეთის არმიის შეჭრიდან დღემდე, ომში ცხინვალის რეგიონის 7 მცხოვრები დაიღუპა, ნაწილი რუსეთის არმიის მე-4 სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობიდან იყო, ნაწილი კი ე.წ დონბასის რესპუბლიკებში მოხალისედ წავიდა.