9 მაისი ანუ „გამარჯვების დღე“ რუსეთში ყველაზე დიდ პატრიოტულ დღესასწაულად ითვლება. როგორც წესი, ამ დღეს წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადიმირ პუტინი იბარებს და პუტინივე მიმართავს სიტყვით ქვეყნის მოსახლეობას. უკრაინაში წარუმატებელი ომის ფონზე, ბევრი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ სწორედ ამ მიმართვაში ჩამოაყალიბებს რუსეთის პრეზიდენტი თავის ხედვას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს უკრაინისთვის ომის ოფიციალურ გამოცხადებასა და საყოველთაო მობილიზაციის დაწყებას.
გამარჯვების აღლუმებიდან დამარცხების აღლუმამდე
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შარშან, 2021 წლის 9 მაისს, როცა წითელ მოედანზე მორიგი აღლუმი ჩაიბარა, განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომმა იმდენი აუტანელი განსაცდელი, მწუხარება და ცრემლი მოიტანა, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია და არ არსებობს პატიება ან გამართლება მათთვის, ვინც კვლავ აგრესიულ გეგმებს სახავსო.
ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის 9 მაისს, ვლადიმირ პუტინს ე.წ. სამამულო ომის გარდა, სხვა, გამოუცხადებელ ომზეც მოუწევს საუბარი; ომზე, რომელიც მისი გადაწყვეტილებითა და რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრით 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და, რომელიც დღემდე იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. შარშანდლისგან განსხვავებით, წელს ომზე წარსულ დროში ლაპარაკი აღარ გამოვა, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი განსხვავება 2021 წლის 9 მაისსა და 2022 წლის 9 მაისს შორის. კრემლმა პირველად „გამარჯვების დღის“ აღნიშვნის ისტორიაში მოსკოვში არ მიიწვია არცერთი უცხოელი (მათ შორის, ყოფილი საკავშირო რესპუბლიკის) ლიდერი, გარდა ამისა, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, წელს შედარებით მოკრძალებული იქნება სამხედრო აღლუმის მასშტაბიც.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმში მონაწილეობას მიიღებს 11 000 სამხედრო მოსამსახურე; შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის 131 ერთეული, ასევე 77 თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
პესკოვმა არაფერი თქვა აღლუმის მონაწილეთა შემადგენლობაზე, კერძოდ იმაზე, მიიღებენ თუ არა მასში მონაწილეობას როგორც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები, ასევე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ.
„არ ვიცი, ვინ ჩაივლის წითელ მოედანზე. გადაწყვეტილებას თავდაცვის სამინისტრო იღებს“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
ერთი წლის წინ გამართულ „გამარჯვების აღლუმში“, წითელ მოედანზე 12 ათასზე მეტმა რუსმა სამხედრო მოსამსახურემ და ტექნიკის 190 ერთეულით დაკომპლექტებულმა მექანიზებულმა კოლონებმა ჩაიარეს, მათ შორის, მეორე მსოფლიო ომის დროინდელმა T-34 ტანკებმა. ასევე აჩვენეს რუსეთის ჯარის შეიარაღებაში არსებული სარაკეტო-საზენიტო კომპლექსები („Искандер-М“, „Бук-М3“, „Тор-М2“, „Панцирь-С“, „Триумф“), რომლებითაც დღეს უკრაინის ქალაქები და სოფლები იბომბება.
აღლუმი დასრულდა ავიაციის გადაფრენით, რომელშიც ჩართული იყო 76 თვითმფრინავი და შვეულმფრენი.
თუმცა, როგორც რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა შენიშნა, 2022 წლის 9 მაისი ისტორიაში შევა არა მონაწილეებისა და სტუმრების სიმცირის, არამედ ყველა აღლუმისგან თვისებრივი განსხვავების გამო. მისი თქმით, ეს იქნება პირველი „დამარცხების აღლუმი“ მსოფლიოს ისტორიაში.
„თუ 9 მაისის აღლუმი გაიმართება, ის იქნება ყველაზე ორაზროვანი და სამარცხვინო აღლუმი მსოფლიო აღლუმების ისტორიაში. აღლუმის ჩატარება მაშინ, როცა რუსეთის არმია სამარცხვინო მარცხს განიცდის, უკიდურესად უცნაური აზრია იმის გათვალისწინებით, რომ მას ამარცხებს უკრაინის, მართალია მამაცი, მაგრამ 10-ჯერ უფრო პატარა არმია. რა უნდა განასახიეროს პუტინმა ტრიბუნაზე? რუსული იარაღის კრახი, სირცხვილი, ქვეყნის გაქურდვა და გაღატაკება? თავისი უცნაური და ბოდვითი ბრძანებებით მან ათობით ათასი რუსი ყმაწვილი უკვე აქცია მიტოვებულ და გახრწნილ გვამად. ამ ომის მოგება შეუძლებელია. ამიტომ ჩვეული ფორმულირება - „გამარჯვების აღლუმი“ წელს ძალიან უადგილო იქნება“, - განაცხადა ალექსანდრ ნევზოროვმა.
პუტინი 9 მაისს გამოაცხადებს... რას?
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მტკიცებით, 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრით დაიწყო არა რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში. სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდით, სწორედ 9 მაისს გამოაცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, რომ ვითარება შეიცვალა და, რომ რუსეთს უწევს გაუმკლავდეს არა მხოლოდ უკრაინიდან მომავალ რისკებს, არამედ მთელ დასავლურ სამყაროს.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, პუტინი აპირებს ისარგებლოს 9 მაისის სიმბოლური მნიშვნელობით და გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა.
„ომის ოფიციალურმა გამოცხადებამ შეიძლება გააძლიეროს რუსული საზოგადოების მხარდაჭერა უკრაინაში მიმდინარე ომისადმი, ასევე საშუალება მისცეს რუსეთის ხელისუფლებას გამოაცხადოს მობილიზაცია, რაც რუსეთს ახლა ძალიან სჭირდება“, - იუწყება ამერიკული ტელეკომპანია.
„არ გამიკვირდება, რომ ის [პუტინი], ალბათ, აპირებს გამოაცხადოს, რომ „ჩვენ ახლა ჩართული ვართ ომში მთელი მსოფლიოს ნაცისტებთან და გვჭირდება რუსი ხალხის მასიური მობილიზაცია“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
ომის პირველი და მეორე წარუმატებელი ფაზების შემდეგ პუტინი მართლაც იძულებულია რამე გააკეთოს. არმიის კვლევის ცენტრის დირექტორი, მიხაილო სამუსის თქმით, რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი და უშიშროების ყველა სხვა წარმომადგენელი პუტინს 9 მაისამდე წარმატებას და გამარჯვებას დაჰპირდნენ, მაგრამ სინამდვილეში ვერაფერს მიაღწიეს:
„ამიტომ პუტინს შეუძლია ემოციურად, ფორმალურად გამოუცხადოს ომი უკრაინას, გამოაცხადოს მობილიზაცია ისე, რომ ფაქტობრივად არაფერი შეცვალოს“.
მიხაილო სამუსი არ ელოდება, რომ პუტინი არსებითად შეცვლის რამეს. მისი თქმით, საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის არა ფორმალური, არამედ ნამდვილი გამოცხადება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, ძლიერ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც ისედაც ცუდ მდგომარეობაშია სანქციების გამო.
რას ნიშნავს ომის გამოცხადება და მობილიზაცია რუსულად?
ვლადიმირ პუტინმა ერთხელ უკვე თქვა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი წინაპირობა ომის გამოცხადებისა და საომარი მდგომარეობის შემოღებისთვის, რადგან, რუსეთის კანონმდებლობით, ომი ცხადდება მხოლოდ გარე აგრესიის შემთხვევაში.
რუსეთის კანონმდებლობით (კანონი "საომარი მდგომარეობის შესახებ") გარე აგრესიად შეიძლება მიჩნეულ იქნას:
- უცხო სახელმწიფოს არმიის თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სამხედრო ოკუპაცია, ტერიტორიის ან მისი ნაწილის ნებისმიერი ანექსია
- რუსეთის წინააღმდეგ იარაღის გამოყენება, მაგალითად, ტერიტორიის დაბომბვა
- პორტების ან სანაპიროების ბლოკადა
- უცხო არმიის თავდასხმა რუსეთის ჯარებზე, განურჩევლად მათი მდებარეობისა
- სახელმწიფოს მიერ თავისი ტერიტორის დათმობა რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად
- უცხო სახელმწიფოს მიერ შეიარაღებული ჯგუფების, არარეგულარული ძალების ან დაქირავებული ჯარისკაცების შეგზავნა რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენების მიზნით
საომარი მდგომარეობა ეხება ყველა სფეროს - საზოგადოებრივ ცხოვრებას, ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკას, ბიზნესს, პრესას, პოლიტიკურ რეგულირებას და სხვა.
საომარ ვითარებაში პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს. პოლიტიკური პარტიების საქმიანობა შეიძლება შეწყდეს; აკრძალულია მიტინგები, შეკრებები და პიკეტები; შემოღებულია ცენზურა; შეზღუდულია ხალხის გადაადგილება (მათ შორის, ქვეყნიდან გასვლა), საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; ცხადდება კომენდანტის საათი; თავდაცვის საჭიროებისთვის განკუთვნილი ქონება ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოერთვას მეპატრონეს და ა.შ.
მობილიზაცია: საომარი მდგომარეობის პირობებში შესაძლებელია მობილიზაციის გამოცხადება. მობილიზაცია შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, ანუ შეიძლება შემოიღონ ქვეყნის მასშტაბით ან მის ცალკეულ ნაწილებში. მობილიზაცია არ არის დაკავშირებული საომარი მდგომარეობის შემოღებასთან. ის შეიძლება გამოცხადდეს ომის გარეშეც. მობილიზაცია აქტუალურია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯარში გაიწვევენ. მობილიზაცია ეხება ხელისუფლებას, მრეწველობას და ზოგადად მთელ ეკონომიკას.
ეკონომიკა: საომარი მდგომარეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ფირმებს მოეთხოვებათ დათმონ თავიანთი ქონება თავდაცვის მიზნით. ამავდროულად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ქონების ღირებულება. ამავე პრინციპით, შესაძლებელია მოქალაქეებისთვის ქონების ჩამორთმევა იმ ტერიტორიაზე, სადაც საომარი მდგომარეობაა შემოღებული. ორგანიზაციები ასევე ვალდებულნი არიან შეასრულონ ბრძანებები და ამოცანები თავდაცვის მიზნით - დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად. მოქალაქეები ვალდებული არიან ჩაერთონ თავდაცვისთვის საჭირო სამუშაოებში. მათ მოუწევთ მონაწილეობა მიიღონ ომის შედეგების აღმოფხვრაში, ეკონომიკური და სამხედრო ობიექტების აღდგენაში, ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ა.შ.
„სამხედრო მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, საომარი მდგომარეობის პერიოდში გაატაროს პრაქტიკულად ნებისმიერი ღონისძიება, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ეკონომიკურ საქმიანობაზე - კერძოდ, შეიძლება დააწესოს დროებითი შეზღუდვები ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის განხორციელებაზე, ქონების მიმოქცევაზე, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსური რესურსების თავისუფალ ბრუნვაზე, გაკოტრების პროცედურის პირობებსა და შრომითი საქმიანობის რეჟიმზე.
რას მოუტანს საყოველთაო მობილიზაცია რუსეთს?
უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, მიხაილო სამუსი ამბობს, რომ 100-200 ათასი ადამიანის მოსაკრებად რუსეთის მთავრობას მობილიზაციის გამოცხადება არ დასჭირდება:
„რუსეთი დიდია, დეპრესიულ რაიონებში კი იმდენი ხალხია, ვინც რაღაც თანხის სანაცვლოდ ომში წავა, რომ, ვფიქრობ, ჯარის შევსების პრობლემა არ ექნებათ. რეკრუტირების ელემენტარული კამპანიის ჩატარებით შესაძლებელია მორიგი საზარბაზნე ხორცის მიღება. რატომ ხორცი? პუტინს რომ გამოეცხადებინა მობილიზაცია დეკემბერში ან იანვარში - თავისი ეგრეთ წოდებული ოპერაციის დაწყებამდე - მაშინ ამ დროისთვის უკვე მიიღებდა მომზადებულ სპეციალისტებს. თუ ის 9 მაისს გამოაცხადებს მობილიზაციას, მაშინ ახალი ნაკადი მზად იქნება ივნისის ბოლოსთვის, მაგრამ თუ უბრალოდ ხალხს შეაგროვებს და ბრძოლაში შეყრის, არანაირი შედეგი ამას არ ექნება, სამხედრო მდგომარეობა არ შეიცვლება“.
მიხაილო სამუსი მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიის მთავარი პრობლემა, ცოცხალ ძალაზე მეტად, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების დეფიციტია:
„ახალი ტანკები არ აქვთ. საცავებიდან იღებენ კარგა ხანია. ეცდებიან მწყობრში მოიყვანონ ისინი, რაც არ არის ადვილი. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა გაძარცვული და დაშლილია, 10 ტანკიდან მაქსიმუმ 2-3-ის აწყობა თუ მოხერხდება. ამიტომ არ მგონია, პუტინმა ეს გააკეთოს. მას შეუძლია გამოაცხადოს, რომ რუსეთი ებრძვის მსოფლიო ნაციზმს, ამიტომ ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, ყველამ ჩვენს ადგილზე უნდა გამოვიჩინოთ მეტი მონდომება, მეტი კონცენტრაცია და ვიმუშაოთ გამარჯვებისთვის. ამავდროულად, შეუძლია თქვას, რომ ვისაც სურს ბრძოლა და ჯარისთვის დახმარება, შეუძლია მივიდეს სამხედრო კომისარიატში და ჩაირიცხოს მოხალისეთა ნაწილებში".
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის სამხედრო მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩიც ირონიით უყურებს რუსეთის არმიის ცოცხალი ძალითა და საბრძოლო ტექნიკით შევსების პერსპექტივას. არესტოვიჩი დარწმუნებულია, რომ ომისა და მობილიზაციის გამოცხადება, კიდევ უფრო მეტად გაზრდის უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობას.
„არის ნიშნები, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს გაჩერება. აპირებს რაღაც ასეთის გაკეთებას - „Вставай, страна огромная“, პარადოქსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მოხალისეები მართლა სამყოფად ჰყავს, მაგრამ დაკონსერვებული ტექნიკა, რომლის გამოყვანაც დაჩქარებული ტემპით ხდება, გასული საუკუნის 60-იან წლებშია გაკეთებული და, მათი გადასროლა უნდათ უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ძალიან სასაცილოა. ეს იქნება Zerg rush ანუ კორეის ომის დროს ჩინეთის შეტევის მსგავსი რამ, როცა ძველი ППШ ავტომატებით შეიარაღებული ხალხის გროვა შეუტევს ჩვენს პოზიციებს. OK, თუ ჩვენ აქ დავმარხეთ ელიტური დივიზიები, დავმარხავთ სხვებსაც. არაფერი სხვა არ იქნება გარდა იმისა, რომ დაიხოცება 20 ათასამდე რუსი ჯარისკაცი. სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ, მაგრამ თუ დავაკვირდებით ტენდენციას, სწორედ ამისთვის ემზადება რუსეთის ხელმძღვანელობა. ეს იქნება მესამე დიდი შეტევა, ოღონდ ახლა უკვე სრულიად მოუმზადებელი ჯარით, რომელსაც არ აქვს არც საბრძოლო მომზადება, არც სათანადო კოორდინაცია, უბრალოდ ავტომატიანი ბომჟები იქნებიან. მოკლედ, ამგვარ Zerg rush-ს ველოდებით, მაგრამ ვიდრე ისინი აგროვებენ ხალხს Zerg rush-ისთვის, ჩვენ ვაგროვებთ იარაღს. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა დასავლეთის იარაღი ამუშავდება ამ ჩინური ტალღების წინააღმდეგ“, - განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.
Zerg rush - ეს არის იერიშის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მოწინააღმდეგის დამარცხებას დიდი რიცხობრივი უპირატესობით. ტერმინი ნასესხებია 1998 წლის ვიდეოთამაშიდან Blizzard StarCraft, სადაც ზერგები - უცხოპლანეტელი მწერები, სწრაფად მრავლდებიან, რაც საშუალებას აძლევთ, ალყაში მოაქციონ ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგე და უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობის ხარჯზე დაამარცხონ იგი.
გამოაცხადებს თუ არა პუტინი მობილიზაციას?
ალექსანდრ ნევზოროვის თქმით, მობილიზაცია შესაძლებელია, თუკი ქვეყნის, ომისა და არმიის ხელმძღვანელობა სრულიად უტვინოა.
„ეს კი იმას ნიშნავს, რომ მობილიზაციის ალბათობა ძალიან მაღალია. რუსეთი სუნთქვაშეკრული ელოდება, რომ პირდაპირ 9 მაისის აღლუმზე პუტინი გამოაცხადებს მობილიზაციას“, - ამბობს რუსი ჟურნალისტი.