16 მარტს რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ მარიუპოლის დრამატულ თეატრში 600-მდე ადამიანი დაიღუპა. ეს ქალაქის ხელისუფლების შეფასებით დასახელებულ მონაცემზე დაახლოებით ორჯერ მეტია. დაბომბვის დროს, შენობაში ათასამდე ადამიანი იმალებოდა - ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.
ჟურნალისტებმა გამოკითხეს 23 გადარჩენილი - მაშველები და ხალხი, რომლებიც კარგად იცნობენ თეატრის შენობაში არსებულ თავშესაფარს, ასევე გაანალიზეს იატაკის გეგმები, ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია თავდასხმამდე და მის შემდეგ. ეს ინფორმაცია გამოყენებული იყო თეატრის 3D-მოდელის შესაქმნელად. მასზე თვითმხილველებმა ჟურნალისტებს მიანიშნეს ის ადგილები, სადაც ხალხი იმალებოდა.
16-მა მოწმემ სააგენტოს განუცხადა, რომ იერიშის დროს შენობა გადატვირთული იყო – ყოველ სამ კვადრატულ მეტრზე, გადარჩენილების თქმით, ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ხალხი თავს აფარებდა ოთახებსა და დერეფნებს. ყველა რესპონდენტი მიუთითებდა, რომ შენობის მახლობლად, სამზარეულოსთან დაახლოებით 100 ადამიანი იყო. დაბომბვის შედეგად ყველანი დაიღუპნენ.
ორმა გადარჩენილმა აღნიშნა, რომ დაახლოებით 300 ადამიანი დაიღუპა, როგორც ეს ქალაქის ხელისუფლების მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ცნობაში იყო ნათქვამი. მაგრამ მარიუპოლის პოლიციისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლების ვარაუდით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. Associated Press-ი ვარაუდობს, რომ ზოგიერთი დაღუპულის ცხედარი რუსეთის არმიის მიერ იქნა წაღებული.
სააგენტოს გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ ომის პირობებში შეუძლებელია დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა.
- სატელიტურ სურათებზე, რომლებიც იერიშამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული, შენობის წინ ჩანს წარწერა "ბავშვები", რომელიც სიმაღლიდანაც შესამჩნევია;
- მარიუპოლის თეატრზე განხორციელებულ იერიშს ეუთომ ჰუმანიტარული სამართლის ხელყოფა და ომის დანაშაული უწოდა;
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრი შენობაში დამალულმა უკრაინელმა სამხედროებმა ააფეთქეს. მაგრამ რუსეთს შესაბამისი მტკიცებულება არ წარუდგენია.