რუსეთის მთავარმა რაბინმა, ბერლ ლაზარმა "შოკისმომგვრელი" უწოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს იმის თაობაზე, რომ "ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა", ხოლო "ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან" და სერგეი ლავროვს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ამის შესახებ სააგენტო каJewish Telegraphic Agency იუწყება.
"მე არ ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება, რჩევა მივცე რუსეთის დიპლომატიის თავკაცს, მაგრამ ცუდი არ იქნებოდა, თუ ის ბოდიშს მოიხდის ებრაელების წინაშე და უბრალოდ აღიარებს საკუთარ შეცდომას", - მოჰყავს სააგენტოს რაბინის სიტყვები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მაისის დასაწყისში, იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰიტლერს, რომლის ხელმძღვანელობითაც 6 მილიონი ებრაელი დახოცეს, „ებრაული სისხლი“ ჰქონდა.
ასევე ნახეთ
ლავროვმა ზელენსკის კრიტიკისას თქვა, რომ "ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი"
ბერლ ლაზარმა კომენტარი გააკეთა სერგეი ლავროვის იმ განცხადებაზე, რომელშიც ისრაელი დაადანაშაულა კიევის "ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში. რუსეთის მთავარი რაბინი მიიჩნევს, რომ "უადგილოა ნებისმიერ შედარება ჰოლოკოსტსა და უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს შორის".
ჰიტლერი სერგეი ლავროვმა ახსენა უკრაინის დენაციფიკაციის კონტექსტში, რასაც, რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ცდილობს მოსკოვი. უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას ლავროვმა თქვა: „ის არგუმენტებს იგონებს: როგორი დენაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან, თუკი ის ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ა. ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“ (ციტატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის მიხედვით).
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ-ებრაული ოჯახიდანაა და არაერთხელ აღუნიშნავს თავისი წარმომავლობა, ამავე დროს ლაპარაკობს ხოლმე ნაციზმის მიმართ თავის შეუწყნარებლობაზე. ჰიპოთეზა, რომ ჰიტლერს ებრაელი წინაპრებიც ჰყავდა, მეცნიერულად არ დასტურდება. ყველა შემთხვევაში, ფიურერი თავს აიგივებდა არიულ რასასთან და ებრაელი ხალხის განადგურებას ცდილობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ისრაელში. საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ ეს სიტყვები „არა მხოლოდ უპატიებელი და აღმაშფოთებელია, ისინი ასევე საშინელ ისტორიულ შეცდომას წარმოადგენს. ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს“. ლაპიდის თქმით, ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში, ესაა „რასიზმის ყველაზე დაბალი დონე“.