მზადაა საქართველო იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს? სწორედ ამაში გასარკვევად სთხოვს ევროკომისია საქართველოს კითხვარის შევსებას.
დოკუმენტის პირველი ნაწილი, ხელისუფლებას 11 აპრილს გადაეცა, მეორე კი - აპრილის ბოლოს.
ევროპელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობა ვერ შეაფასებს ხელისუფლების პასუხებს. 29 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო შევსებულ კითხვარს არ გაასაჯაროებს.
2 მაისს 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება. ან გაასაჯაროვეთ პასუხები, ან დაასაბუთეთ, რატომ არ აკეთებთ ამას, - მოუწოდებენ ისინი ხელისუფლებას.
ფონდი „ღია საზოგადოება“ ამ განცხადებაზე ხელმომწერთაგან ერთ-ერთია. მისი წარმომადგენელი, ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პასუხები ევროკომიის კითხვარზე - საჯარო ინფორმაციაა. კანონის თანახმად, საჯარო ინფორმაციის დაფარვა ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის შეიცავს პროფესიულ, პირად, კომერციულ ან სახელმწიფო საიდუმლოებას.
ვანო ჩხიკვაძეს ეჭვი ეპარება, რომ ხელისუფლების პასუხებში ამ ოთხი საიდუმლოებიდან რომელიმე ეწეროს. მაგრამ გამოსავალი არსებობს ასეთ შემთხვევაშიც - ინფორმაციის ეს ნაწილი შეიძლება დაიფაროს, დანარჩენი კი უნდა გამოქვეყნდეს.
„ხელისუფლება ვალდებულია ეს გააკეთოს, რადგან ახლა წარმოადგენს იმ 88 პროცენტს, რომელიც ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას”, - ამბობს იგი.
88 პროცენტი IRI-ს უკანასკნელი გამოკითხვის შედეგია. 74 პროცენტი „სრულად” ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას, 14 კი „ნაწილობრივ”.
ვანო ჩხიკვაძე იმედგაცრუებულია. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, რომელიც ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს და აუცილებელია, ხელისუფლებამ ითანმშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მოქალაქეებმა კი აუცილებლად უნდა შეძლონ იმის შეფასება, როგორ ასრულებს მთავრობა მათ დაკვეთას.
ან გადაიფიქრებს, ან სასამართლო
ევროკავშირის კითხვარზე პასუხების გამოქვეყნებაში უჩვეულო არაფერია. მათ იპოვით კანდიდატი ქვეყნების სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე. მაგალითად, სერბეთის ევროინტეგრაციის სამინისტროს საიტზე.
2010 წელს, მონტენეგროში საქართველოს მსგავსი ამბავი მოხდა. ხელისუფლებამ მიიღო კითხვარი, თუმცა პასუხების გამოქვეყნებას არ აპირებდა. ამის გამო ორმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღო. ბოლოს მონტენეგროს ხელისუფლებამ პასუხები გამოაქვეყნა თავების მიხედვით.
ხომ არა გეგმავენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც სასამართლო დავის დაწყებას? შესაძლოა, - ამბობს ვანო ჩხიკვაძე. თუმცა, მისივე თქმით, ჯერაც იმედი აქვს, რომ ხელისუფლებამ შეიძლება გადაიფიქროს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ უკვე ორჯერ შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება 1 დღის მანძილზე. იმედია, ახლაც ასე მოხდება”, - თქვა მან.
ორი გადაფიქრება
რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 28 თებერვალს, უკრაინამ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე.
1 მარტს, „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო არ იჩქარებს და განაცხადს გააკეთებს 2024 წელს. კობახიძის მტკიცებით, საქართველოს წევრობის კიდევ ბევრი ვალდებულება ჰქონდა შეუსრულებელი. თანაც „ევროკავშირის წარმომადგენლებმა” უთხრეს, რომ „ეს შეთავაზება რელევანტურია ომში მყოფი უკრაინის მიმართ, მაგრამ არ არის რელევანტური საქართველოსა და მოლდოვის მიმართ”.
მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. 3 მარტს კი დოკუმენტი ევროკომისიას გადასცა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეს იმით ახსნა, რომ „ევროპიდან რაღაც სიგნალები“ მიიღეს.
კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ 11 აპრილს მიიღო. თავდაპირველი უარისა და ყოყმანის შემდეგ, ხელისუფლებამ იგი 15 აპრილს გაასაჯაროვა. 29 აპრილს გამოქვეყნდა კითხვარის მეორე ნაწილი.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს პირველი 369 პასუხი 2 მაისს გადასცა. როდესაც ჟურნალისტებმა პასუხების გასაჯაროებაზე ჰკითხეს, ელჩმა განაცხადა, რომ „თამაშის წესების” მიხედვით, ევროკავშირი ამ საკითხში არ ერევა და ის ხელისუფლების გადასაწყვეტია.
„მივესალმები მთავრობის გადაწყვეტილებას კითხვარის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ახლა მათზეა დამოკიდებული, გასაჯაროებენ თუ არა პასუხებს“, - თქვა კარლ ჰარცელმა.
შეუსრულებელი ვალდებულებები
ორივეში ათეულობით კითხვაა, რომელიც შეეხება ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, დისკრიმინაციისგან მათ დაცვას და ხელისუფლების სხვა ვალდებულებებს.
სამოქალაქო ორგანიზაცია Generation i-ს დირექტორი და აქტივისტი, მარი მიქოიანი ამბობს, რომ პასუხები საჯარო უნდა იყოს. მათზე მსჯელობის შესაძლებლობა კი უნდა მიეცეს ყველას, ვისაც ეს პასუხები ეხება. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რადგან ისინი კვლავაც სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან. მათ შორის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
„ქვემო ქართლში ხშირად ასეთი ვითარებაა - ექიმი არის ქართულენოვანი, პაციენტი კი აზერბაიჯანულენოვანი. პაციენტი ვერ უხსნის ექიმს, რა პრობლემა აქვს… - ამბობს მარი მიქოიანი, - ვერ ვხვდები, რატომ უნდა ხდებოდეს ეს [კითხვარის გასაჯაროება] საყოველთაო განხილვის საგანი. ის რაც შეიძლება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი, უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი”.
ხელისუფლებამ კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხი 13 მაისამდე უნდა გასცეს. ივნისში გავიგებთ იმას, თუ როგორ შეაფასებს ევროკავშირი საქართველოს პასუხებს.