რუსეთი საპასუხო სანქციებს უწესებს ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთი მოაქციეს ფინანსური და ეკონომიკური სანქციების ქვეშ.
პრეზიდენტმა პუტინმა დღეს, 3 მაისს ხელი მოაწერა „განკარგულებას საპასუხო სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ უცხოეთის ზოგიერთი სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციის არამეგობრულ მოქმედებებთან დაკავშირებით“.
პუტინის განკარგულებაში საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების და მასთან „მიკედლებული“ უცხოეთის სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების „არამეგობრულ და საერთაშორისო სამართალთან წინააღმდეგობაში მყოფ მოქმედებებზე“, რომლებიც მიმართულია „რუსეთის ფედერაციისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისთვის საკუთრების უფლების უკანონოდ ჩამორთმევისა და შეზღუდვისკენ“.
ასევე ნახეთ დაბრუნება მომავალში: უკრაინის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ცივი ომის ეპოქის ტერმინები ბრუნდებაპრეზიდენტი პუტინი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ პირებს აძლევს განკარგულებას, რომ საქმიანობის წარმართვისას გაითვალისწინონ ამოქმედებული „სპეციალური ეკონომიკური ზომები“. კერძოდ, ამ დოკუმენტით იკრძალება ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია და გარიგება, მათ შორის სავაჭრო კონტრაქტების გაფორმება იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, რომელთა მიმართ გამოყენებულია „სპეციალური ეკონომიკური ზომები“. ასევე, იკრძალება რუსეთიდან ნედლეულის და პროდუქციის გატანა სანქცირებული პირების სასარგებლოდ.
პუტინის განკარგულებაში არ არის ნათქვამი, კონკრეტულად რომელ ქვეყნებზე და ორგანიზაციებზე გავრცელდება სანქციები, რადგან ამ დოკუმენტის თანახმად, მათი ჩამონათვალი რუსეთის მთავრობამ 10 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა.