ლევან გოფოძე "რესპუბლიკური საავადმყოფოს" დირექტორი აღარ არის

ლევან გოფოძე, "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ყოფილი დირექტორი

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას, რომელიც საზოგადოებაში "რესპუბლიკური საავადმყოფოს" სახელით არის ცნობილი, ლევან გოფოძე აღარ უხელმძღვანელებს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თანამდებობას საკუთარი სურვილით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

"რესპუბლიკური საავადმყოფო" კოვიდ-კლინიკებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ცენტრი იყო. ლევან გოფოძემ თანამდებობიდან წასვლა არ დაუკავშირა ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას, რომელშიც ის კოვიდის მართვის დროს საწოლების რაოდენობის ხელოვნურ ზრდაზე და ცარიელ საწოლებში გადახდილ თანხებზე საუბრობდა.

"ვერავინ მსგავსი დარღვევა ჩვენთან ვერ აღმოაჩინა. მე ვთვლი, რომ არ უკავშირდება", - თქვა გოფოძემ.

კითხვას, ხომ არ შეუქმნეს ისეთი პირობები, რომ საკუთარი სურვილით დაეტოვებინა თანამდებობა, კლინიკის ყოფილი მმართველი ასე პასუხობს:

"არა, მსგავსი ზეწოლა არ ყოფილა. ჩემ მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულების გარდა, არაფერი ყოფილა ნამდვილად. ეს კლინიკა ჩემთვის მშობლიურია, აქ გავიზარდე და ვხელმძღვანელობდი წლების განმავლობაში. პირიქით, იყო შემოთავაზება, რომ ქირურგიული დეპარტამენტისთვის მეხელმძღვანელა".

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ცვლილებაზე განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც - კლინიკის დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე, ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ყოფილი საოპერაციო დირექტორი იქნება.

"ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფისა და სტრუქტურულ-ფუნქციური ოპტიმიზაციის მიზნით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია... ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.