რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა ემხრობა კურსს, რომელიც მიმართულია „კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდასაჭერისკენ“. გუშინ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს. ლაპიდის ამ განცხადებას მოსკოვმა „ანტიისტორიული“ უწოდა. ცნობა გამოქვეყნებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე ტვიტერში.
ასევე ნახეთ ლავროვმა ზელენსკის კრიტიკისას თქვა, რომ "ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი"რუსეთის სამინისტროს ცნობაში ჩამოთვლილია მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან ებრაელების თანამშრომლობის ორი შემთხვევა. აქედან კეთდება დასკვნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი შეიძლება იყოს ნეონაცისტური ქვეყნის პრეზიდენტი. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ ფაქტობრივად ნაციზმში დასდო ბრალი ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, რომელსაც ასევე ებრაული ძირები აქვს.
ორშაბათს ისრაელის პოლიტიკოსები, მოხელეები და საზოგადო მოღვაწეები გამოვიდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამონათქვამების წინააღმდეგ. ლავროვმა თქვა, რომ ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შესაძლოა ებრაელი წინაპრები ჰყავდა (ეს ჰიპოთეზა არ დასტურდება სამეცნიერო მონაცემებით). ლავროვმა ასევე თქვა, რომ ბევრი თავგამოდებული ანტისემიტი შეიძლება ებრაელი იყოს. ისრაელში მის ამ გამონათქვამს აღშფოთებით შეხვდნენ და მას ანტისემიტიზმისა და რასიზმის მაგალითი უწოდეს.
რუსეთი უკრაინაში ნეონაციზმის წინააღმდეგ ბრძოლას პროპაგანდისტულ ილეთად იყენებს ამ ქვეყნის წინააღმდეგ ომში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ-ებრაული წარმომავლობის ოჯახიდანაა და მას არაერთხელ ულაპარაკია თავის ძირებზე, ასევე ნაციზმის მიუღებლობაზეც.