მუშა ქალი მშობიარობის დროს არა ნაკლებ ორი თვისა თავისუფალია მუშაობისაგან ჯამაგირის მოუსპობლად.
- საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 126
ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ, საქართველოში ქალებს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების აღების უფლებას კონსტიტუცია ანიჭებდა.
დღეს, საქართველოში ათიათასობით ქალი ვერ სარგებლობს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის ანაზღაურებადი შვებულებით. თუმცა მასწავლებელთა მოთხოვნამ და საკონსტიტუციო სარჩელმა, შესაძლოა, სიტუაცია ქალების სასარგებლოდ შეცვალოს.
***
საჯარო სკოლის პედაგოგმა, თამარ ცანავამ მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, კანონით გარანტირებული 6-თვიანი დეკრეტული შვებულება 2 თვით ადრე შეწყვიტა. ჩვილი ბავშვი დედასთან დატოვა და სამსახურში დაბრუნდა.
„ერთი შვილი როცა გყავს, კიდევ გაიჭირვებ. პირველზე მაინც კიდევ სხვანაირ ემოციებში ხარ. როცა მეორეც გყავს - ფიზიკურად ვეღარ დაჯდები სახლში“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.
საქართველოში ქალები სარგებლობენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის შვებულების აღების უფლებით, თუმცა ხელფასი 6 თვით მხოლოდ საჯარო მოხელეებს უნარჩუნდებათ.
ქალი თუ ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, მაგრამ საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს, მაგალითად, პედაგოგია, დეკრეტული შვებულების დროს ხელფასი არ უნარჩუნდება. მათ, ასევე, კერძო სექტორში დასაქმებულებს, სახელმწიფო მხოლოდ ერთჯერადად გადაუხდის 1000 ლარს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ერთობლივი კვლევის თანახმად, საქართველოში დასაქმებული ქალების მხოლოდ 3% სარგებლობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით.
„მეორეს რომ ვაჩენდი, მაშინ გამიჩნდა პროტესტის შეგრძნება. 4 წელი გავიდა [პირველი მშობიარობის შემდეგ] და კიდევ არაფერი შეცვლილა?! არსებობაც უფრო გართულებულია, ლარი გაუფასურებული…“, - ამბობს ის.
თამარს უნდა, რომ მესამე შვილიც გააჩინოს, 6 თვე მასთან სახლში დარჩეს და კუთვნილი ხელფასიც მიიღოს.
„პირველი თვეები ბავშვისთვის იმდენად მნიშვნელოვანია და დედისთვისაც, სულ იმაზე ფიქრობ, შენი შვილი რას აკეთებს და გაკვეთილის ჩატარება არც გამოგდის“, - ამბობს ის.
თამარ ცანავას პეტიციას დეკრეტული ანაზღაურების მოთხოვნით 5 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს.
„მოვითხოვთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება გახდეს ნამდვილად ანაზღაურებადი და კანონში მუხლი - „დირექტორის კეთილი ნება“ შეიცვალოს აუცილებლად ანაზღაურებით. მხოლოდ სახელმწიფოსგან გაცემული ერთჯერადი 1000 ლარით შეუძლებელია 6 თვე შვილ(ებ)ის რჩენა, ამიტომ მასწავლებლები იძულებულები არიან დატოვონ ჩვილი ბავშვები (უმეტეს შემთხვევაში შეუწყვიტონ ძუძუთი კვება) და გავიდნენ სამსახურში“, - ასე იწყება ორაბზაციანი, პეტიცია რომელიც პედაგოგმა პარლამენტს, პრეზიდენტსა და განათლების სამინისტროს გაუგზავნა. პედაგოგი მიუთითებს, რომ 60 000-ზე მეტი მასწავლებლიდან ნახევარი მაინც არის პოტენციური ან უკვე დედა.
საკონსტიტუციო სარჩელი
2020 წელს შრომის კოდექსი მცირედით უკეთესობისკენ შეიცვალა,
დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა უცვლელი დარჩა - ანაზღაურებადი 183 დღე. აქედან 126 დღე დედისაა, დანარჩენი დედ-მამას შეუძლიათ გაიყონ. მამებს შვებულების უფლება მანამდე არ ჰქონდათ.
ახლა საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვს შრომის კოდექსის 39-ე მუხლის იმ ნორმების გაუქმებას, რომლებიც მხოლოდ ერთჯერადი 1000 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
გიორგი ბურჯანაძე, ომბუდსმენის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელშიც სახელმწიფო გასცემს ერთჯერად თანხას.
მისივე თქმით, არსებობს არაერთი სქემა, რომლის შემოღებაც შეიძლება. ასეთი შეიძლება იყოს დაგროვებითი პენსიის მსგავსი ფონდი, სადაც ფული გროვდება და როცა ქალი დეკრეტულ შვებულებაში გადის, გარკვეულ თანხას ამ ფონდიდან იღებს, ნაწილს კი დამსაქმებელი ამატებს.
სახალხო დამცველის ოფისი ამტკიცებს, რომ არსებული რეგულაციით, თანასწორობის მუხლი ირღვევა.
„მაგალითად, სახელმწიფო აძლევს კერძო სექტორში დასაქმებულებს დასვენების, შვებულების უფლებას ისე, რომ დამსაქმებელს ავალდებულებს ამ პერიოდშიც გადაგიხადოთ ხელფასი. ქალს, რომელსაც ბავშვის გაჩენის გენდერული საჭიროება შეიძლება ჰქონდეს, და კაცს, რომელსაც ასეთი საჭიროება არ აქვს, ერთნაირად ეპყრობა შრომის კოდექსი. ამიტომ, ეს ნორმა არის დისკრიმინაციული“, - განმარტავს ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ირღვევა შრომის თავისუფლებაც, რადგან „ქალს, რომელიც რეპროდუქციულ ასაკშია, უწევს არჩევანის გაკეთება, ან იშრომოს, ან ბავშვი გააჩინოს“.
ლადო კახაძე, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ანაზღაურებადი შვებულება მნიშვნელოვანია შობადობის ზრდისთვის.
„პირდაპირ ვლობირებ მაგ თემას“, - ამბობს კახაძე და ამატებს: „ორსული ქალისკენ და დედისკენ უნდა მოტრიალდეს სახელმწიფო“.
კახაძე ამბობს, რომ დეკრეტული შვებულებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს კერძო სექტორში დასაქმებულთათვისაც, თუმცა არა სახელმწიფოს ხარჯზე.
„სახელმწიფო ვერ დაავალდებულებს ბიზნესს, უნდა მოვძებნოთ გზები, ბიზნესი სადამდე წამოვა, ჩვენ რა რესურსი გაგვაჩნია, რა საერთაშორისო გამოცდილება არსებობს“, - ამბობს კახაძე და ამატებს, რომ მუშაობა მიმდინარეობს.