ბრიტანეთი იუწყება პუტინისტი "ტროლების" კიბერთავდასხმაზე პოლიტიკოსების წინააღმდეგ

აქცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ვენა, 2014 წელი

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ რუსი "ინტერნეტტროლები" თავს ესხმიან რამდენიმე ქვეყნის პოლიტიკოსების პროფილებს სოციალურ ქსელებში და, ასევე, იყენებენ Telegram-ის მესინჯერს ახალი თანამშრომლების გადაბირების და კოორდინირების მიზნით.

"კიბერჯარისკაცები თავზეხელაღებულად იღებენ მიზანში პოლიტიკოსებს და აუდიტორიებს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში და ინდოეთში", - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამ კვირას, 1 მაისს და დასძინა, რომ ტროლების ოპერაციების ბაზაა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ყოფილი ქარხანა. მთავრობა ამ განცხადებაში ეყრდნობა გამოკვლევას, რომელიც ხელისუფლების მიერაა დაფინანსებული და არ გამოქვეყნებულა.

"ეს სრულად შეესაბამება იმას, რასაც ვაკვირდებოდი [კრემლის] საინტერნეტო კვლევების სააგენტოს მოქმედებაში", - ამბობს ამერიკელი მკვლევარი დარენ ლინვილი, რომლის სიტყვებსაც ავრცელებს ბრიტანეთში გამომავალი Guardian-ი. ლინვილი 2017 წლიდან შეისწავლის კრემლთან დაკავშირებული ორგანიზაციის, საინტერნეტო კვლევების სააგენტოს (IRA) "ტროლების ფაბრიკის" მუშაობას და აცხადებს, რომ ფაბრიკა ამჟამად ახერხებს შექმნას უფრო ავთენტური შეფერილობის პოსტები.

ლინვილის თქმით, რუსეთის 'ტროლები' სოციალურ ქსელებში სულ უფრო დეცენტრალიზებულად მოქმედებენ და სულ უფრო მეტი გავლენით სარგებლობენ TikTok-ზე, დეზინფორმაციით, რომლის მიზანია ეჭვის გავრცელება უკრაინის მოვლენების გარშემო.

ანალიტიკოსების თქმით, 'ტროლების' პოსტები ამჟამად ყველა პოპულარულ სოციალურ ქსელში გვხვდება. უწინ, იმისთვის რომ შეემჩნიათ, 'ტროლები' კომენტარებს ტოვებდნენ პოპულარული ბლოგერების პოსტებზე, ახლა კი ისინი აქტიურად აწარმოებენ საკუთარ ანგარიშებსაც.

'ტროლების' სტრატეგიას, მკვლევრების თქმით, წარმოადგენს არა ის, რომ ადამიანები რაღაც ახალში დააჯერონ, არამედ ის, რომ ეჭვი გაავრცელონ და უნდობლობა გაზარდონ ინფორმაციის ხარისხიანი წყაროების მისამართით.