კახეთში 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარს ეძებენ

სოფელი შალაური

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკვე რამდენიმე საათია საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები. ისინი კომენტარს არ აკეთებენ. ეზო შემოსაზღვრული აქვთ გამაფრთხილებელი ე.წ ყვითელი ლენტით და ჟურნალისტებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქმე ეხება 2020 წლის ივლისში, ამავე სოფლიდან ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული 68 წლის მზია ბედმანიკაშვილის საქმეში ახალი დეტალების გამოკვეთას.

დაკარგული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ საქმე მკვლელობას უკავშირდებოდეს. როგორც გაუჩინარებული ქალის შვილმა ლალი ბედმანიკაშვილმა თქვა, ეჭვი დედის სავარაუდო მკვლელობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა ახლობელმა აცნობა, რომ ამავე სოფელში მცხოვრებმა ქალმა მკვლელობის დეტალების შესახებ ახლობელს უამბო.

"ასე უთქვამ, მზია სამი დღე მყავდა სახლში დამწყვდეული, ვასმევდი და ვაჭმევდიო. თუმცა, ერთ დღესაც სახლში რომ შევედი, მკვდარი დამხვდაო. ალბათ, გული გაუსკდაო. ეზოში მიდგას კაკალი და შემდეგ ხის ძირში დავმარხეო. ფსიქიკური პრობლემების მქონე ქალს, ეს ამბავი ზუსტად ამ სიტყვებით მოუყოლია თავისი ახლობლისთვის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჩვენ კი პოლიციას მივმართეთ. ამის გაკეთების დროს, რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა, არ ვიცი. დედა, როდესაც სახლიდან გავიდა, თან ჰქონდა გარკვეული რაოდენობის ფული და შესაძლოა, მიზეზი ეს იყოს“, - განაცხადა ლალი ბედმანიკაშვილმა.

რადიო თავისუფლება დაკარგული ქალის მეუღლეს, ედიკ ბედმანიკაშვილსაც ესაუბრა. როგორც ის ჰყვება, ცოლს პერიოდულად მეხსიერების პრობლემები ჰქონდა და ვარაუდობს, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ მან უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.

„დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ მომხდარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება ფული იყო. სახლიდან გასვლის დროს, ჩემ ცოლს მინიმუმ 300 ლარი ჰქონდა ჯიბეში“, - ამბობს ედიკ ბედმანიკაშვილი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დღეს მთელი დღის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები ჰკითხავენ დაკარგულის ოჯახის წევრებს და მეზობლებს. დაკითხვაზე გადაიყვანეს შალაურში მცხოვრები ქალი, რომლის ეზოშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რადიო თავისუფლებამ მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. ქალი მხოლოდ იმას ამბობს, რომ მზია ბედმანიკაშვილს არ იცნობს და არც არასდროს უნახავს.

„მაბრალებენ, რომ მზია მოვკალი, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში დეტალებზე არ ლაპარაკობენ, თუმცა ამბობენ, რომ სოფელ შალაურში ამჟამად საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს და დეტალებზე ინფორმაცია მოგვიანებით ექნებათ.

2020 წლის 16 ივლისს გაუჩინარებული მზია ბედმანიკაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.