რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კვირას საღამოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელიც იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-ს მისცა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნაცისტური გერმანიის ფიურერს, ადოლფ ჰიტლერს შეადარა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰიტლერს, რომლის ხელმძღვანელობითაც 6 მილიონი ებრაელი დახოცეს, „ებრაული სისხლი“ ჰქონდა.
ჰიტლერი მან ახსენა უკრაინის დენაციფიკაციის კონტექსტში, რასაც, რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ცდილობს მოსკოვი. უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას ლავროვმა თქვა: „ის არგუმენტებს იგონებს: როგორი დენაციფიკაცია შეიძლება იყოს მათთან, თუკი ის ებრაელია. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ა. ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ეს სრულიად არაფერს არ ნიშნავს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავგამოდებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელები არიან“ (ციტატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტის მიხედვით).
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ-ებრაული ოჯახიდანაა და არაერთხელ აღუნიშნავს თავისი წარმომავლობა, ამავე დროს ლაპარაკობს ხოლმე ნაციზმის მიმართ თავის შეუწყნარებლობაზე. ჰიპოთეზა, რომ ჰიტლერს ებრაელი წინაპრებიც ჰყავდა, მეცნიერულად არ დასტურდება. ყველა შემთხვევაში, ფიურერი თავს აიგივებდა არიულ რასასთან და ებრაელი ხალხის განადგურებას ცდილობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ისრაელში. საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ ეს სიტყვები „არა მხოლოდ უპატიებელი და აღმაშფოთებელია - ისინი ასევე საშინელ ისტორიულ შეცდომას წარმოადგენს. ებრაელები საკუთარ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს“. ლაპიდის თქმით, ებრაელების დადანაშაულება ანტისემიტიზმში ესაა „რასიზმის ყველაზე დაბალი დონე“.
ამავე ინტერვიუში ლავროვმა შეკითხვას, მოითხოვს თუ არა რუსეთი უკრაინის პრეზიდენტისგან დანებებას, უპასუხა, რომ ზელენსკი კი არ უნდა დანებდეს, არამედ განკარგულება გასცეს წინააღმდეგობის შეწყვეტის შესახებ. რით განსხვავდება ეს დანებებისგან, ლავროვს არ დაუკონკრეტებია. ამასთან, მან თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიზანია არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ დონბასის ე.წ. რესპუბლიკებისა და რუსეთის უსაფრთხოება.
ასევე მან თქვა, რომ რუსეთის ჯარების წინაშე არ დგას 9 მაისამდე სამხედრო მოქმედების შეწყვეტის ამოცანა.