სომხეთის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა დღეს, 2 მაისს, დილიდან დაიწყეს ერევნის ცენტრალური ქუჩების გადაკეტვა. ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს.
საპროტესტო აქციები აპრილიდან მიმდინარეობს. 1 მაისს, ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა ერევანში, საფრანგეთის მოედანზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ 2 მაისიდან დაუმორჩილებლობის აქციებს იწყებენ.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ადანაშაულებს აზერბაიჯანთან პოზიციების დათმობასა და განზრახვაში, ბაქოსთან ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლითაც მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტს აღიარებს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სომხეთისგან ელოდება მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ მოთხოვნების თამასის დაწევას.
ასევე ნახეთ ფაშინიან, გადადექი! რა შანსი აქვს სომხეთის ოპოზიციის მოთხოვნას?ოპოზიციისთვის მიუღებელია აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყარაბაღის ნებისმიერი პოლიტიკური სტატუსი. ფაშინიანის ოპონენტები აცხადებენ, რომ სომხეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა უახლოეს ხანში გამოიწვევს მთავრობის დამხობას. თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას მოსახლეობის ფართო მხარდაჭერა აქვს.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე 2020 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი დაიბრუნა ყარაბაღის არაერთ რაიონზე.