ხაზარაძე: სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ბორჯომის" აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე

პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკაა ხაზარაძე

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის დროებით გაჩერების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარტია „ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში. მიზეზი - კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული „ალფა ჯგუფის" აქციონერობაა.

„ალფა ჯგუფს" კომპანია „ბორჯომის" საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ „იმედის" დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს, - წერს „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე მამუკა ხაზარაძე და საქართველოს მთავრობას გამოსავლის გზას სთავაზობს, - სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან" „ბორჯომის" კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა".

კომპანიამ „IDS ბორჯომი საქართველოს" განცხადებით, „უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა“.

ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა 29 აპრილიდან დროებით აჩერებს მუშაობას, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნებში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ დამსაქმებელმა თანამშრომლებს გარკვეული პირობები შესთავაზა, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ შემდგარა.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.