აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად კონგრესს დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. აქედან 20 მილიარდი უშუალოდ სამხედრო დახმარებისთვის იქნება განკუთვნილი. რა იარაღს უნდა ელოდოს უკრაინა? „ნასტოიაშჩეე ვრემია“ სამხედრო ექსპერტს სერგეი გრაბსკის ესაუბრა.
- ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადადის. რა ფაზაა ეს?
- ომი ახალ ფაზაში გადადის ანუ უკრაინამ თავდაცვითი ბრძოლების შედეგად მტერს არა მარტო გაუძლო, ის გაასავათა კიდეც. ახლა უკრაინა მიიღებს იარაღს, რომელსაც ვერც ხარისხობრივად და ვერც გამოყენების თვალსაზრისითაც ვერ შეადარებ იმას, რასაც ორივე მხარე აქამდე იყენებდა.
ჩვენ ვსაუბრობთ დაზვერვისა და ზემოქმედების, დაზვერვისა და დარტყმის კომპლექსებზე, რომელიც მოიცავს როგორც მძლავრ არტილერიას, ასევე მიზნის აღმომჩენ და მიზნის მაკორექტირებელ სისტემებს. აქ ლაპარაკია რაკეტებზე, რომლებიც გაცილებით შორს მიფრინავენ, მათ შორის ისეთებზე, როგორიცაა „ჰარპუნი“. ისინი შესაძლებლობას მოგვცემს, შავ ზღვაზე ვითარება შევცვალოთ. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თუნდაც ის, რომ პორტებმა გადაზიდვებზე იმუშაონ და ეკონომიკა არ ჩავარდეს.
ასევე საუბარია საჰაერო თავდაცვის გაცილებით ხარისხიან სისტემაზე. მას შეუძლია აღმოფხვრას ის უპირატესობა, რომელიც რუსულ ავიაციას აქვს. ის ახლაც ძალიან შეზღუდულია, რადგან მფრინავებს უბრალოდ ეშინიათ 7 კილომეტრზე დაბლა დაშვების, შეიძლება ააფეთქონ.
ასევე აქ საუბარია კავშირის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, კომუნიკაციის დახურულ სისტემაზე.
უკვე წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია თუნდაც ისეთი ელემენტარული რამ, როგორიცაა ამერიკული ტყვიამფრქვევის „Browning“-ისა და გერმანული „MG4“-ის უკრაინისთვის გადაცემა. ეს გაცილებით ეფექტიანი იარაღებია, ვიდრე ის, რაც დღეს უკრაინას ან რუსეთს აქვთ. უბრალო მაგალითს მოვიყვან, თითქოს მხოლოდ 3 მილიმეტრის სხვაობაა, მაგრამ თუ საბჭოთა იარაღი 20-30 კილომეტრის მანძილზე ისვრის, „Archer“-ი ისვრის 70 კილომეტრის მანძილზე.
ასევე ნახეთ თავდაცვიდან თავდასხმაზე? - აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას ახალ შესაძლებლობებს აძლევს
- 20 მილიარდი ბევრია თუ ცოტა? უფრო გასაგები საზომებით თუ ვისაუბრებთ, მაგალითად, ტანკებით და „ჯაველინებით“?
- არ მინდა შევადარო, ყველაფერს „ჯაველინებამდე“ ვერ დაიყვან. დღეს უკრაინას საკმარისი რაოდენობის „ჯაველინები“ და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები აქვს იმისთვის, რომ რუსეთის ჯარის მთელი ის ჯავშანტექნიკა გაანადგუროს, რომელიც ახლა ომშია ჩართული.
რთულია ისაუბრო სხვა ელემენტებზეც, მაგალითად, გერმანული საზენიტო სისტემა ეფექტიანია, მაგრამ ნაკლებად გამოსადეგი, თუკი მას სხვა სახის საბრძოლო იარაღისგან დამოუკიდებლად აამოქმედებ. იგივე ეხება მცირე იარაღსაც, ის უფრო ძვირია, ვიდრე ავტომატი „კალაშნიკოვი“.
მაგრამ ეფექტიანობის თვალსაზრისით, 20 მილიარდი საკმაოზე მეტიცაა. ეს ძალიან ბევრია.
- ბუნდესტაგში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, დეპუტატებმა ხმა მისცეს უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებას. რა შეიძლება ეს იყოს?
- ეს ალბათ ის იარაღია, რომელშიც გერმანია არის ძლიერი: ტანკები, საზენიტო სისტემები, ჯავშანტექნიკა, მაღალკალიბრიანი მცირე იარაღი, ანუ დაახლოებით 12,7 კალიბრის. აქვე შეიძლება ვიგულისხმოთ თავდაცვის საშულებები: ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები - ყველაფერი, რაც გერმანიას ბლომად აქვს.
- ბაიდენი „ახალ ფაზაზე“ საუბრობს. ზოგი ექსპერტი ამბობს, რომ „გარდამტეხი მომენტი“ დადგება. თქვენი პროგნოზი როგორია?
- გარდამტეხი მომენტის დადგომა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როდის დასრულდება უკრაინის ჯარის თავდაცვითი ოპერაცია დონბასში და თან როგორ დასრულდება. უკვე ახლა ვხედავთ, რომ რუსულმა ჯარმა ვერ მიაღწია იმ საზღვრებსა და ამოცანებს, რომელიც მიზნად ჰქონდა დასახული. ახლა უბრალოდ პირველ ხაზზე იბრძვიან. ამას პირველი ხაზიც არ ჰქვია. სასოწარკვეთილები ცდილობენ წინ წაიწიონ, რაღაცას მაინც მიაღწიონ, მაგრამ არ გამოსდით.
ზოგადად, თავდაცვისას ჯარის ამოცანა არის მოწინააღმდეგის გასავათება და იმ პოზიციებზე შენარჩუნება, რომლებიც მისთვის [ამ შემთხვევაში უკრაინული ჯარისთვის] არის მომგებიანი. ამ ამოცანებს უკრაინა ეფექტიანად ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში უკრაინულ ჯარზე საკმაოდ სერიოზულ ზეწოლას უნდა ველოდოთ, დღეს ფრთხილი ოპტიმიზმით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი, რუსეთმა რაღაც შედეგებს რომც მიაღწიოს, ის თავდასხმას ვეღარ შეძლებს. მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, 2015 წელს დებალცევოში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რომელიც რუსული იარაღის ზეიმად მონათლეს, რამდენიმე წელი რუსულ ჯარს დონბასისკენ აღარ გაუწევია.