მაღლა და ხმამაღლა

"კასაბლანკა. რიტმები" (2021, "Casablanca beats", ფრანგული სახელწოდება "Haut et fort". საფრანგეთი - მაროკო, რეჟისორი ნაბილ აიუში)

სიამოვნებით წარმოგიდგენთ ამ ფილმს - ერთ-ერთ საუკეთესოს ყველა იმ სურათს შორის, რომლის პრემიერა გასულ წელს გაიმართა. გული მწყდება, რომ კანის კინოფესტივალის ჟიურიმ "კასაბლანკა. რიტმები" არ დააფასა (აიუშის ფილმი ოფიციალურ კონკურსში იყო ჩართული"). მას მერე, რაც ეს დრამატული მიუზიკლი ცივად მიიღო პრესამ, არც ველოდი, რომ მას ქართულ ინტერნეტსაიტებზე გადავეყრებოდი - რუსულად გახმოვანებული სიმღერებით (როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ აქ სიმღერის ტექსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მუსიკა). არადა, აღმოსავლური რეპი, რომელიც თითქმის მთელი ფილმის ბოლომდე უწყვეტად გვესმის, იმხელა ენერგიას იძლევა, რომ ზოგჯერ გგონია, ამ მუსიკით მთებსაც კი დაძრავ, ყველა მოძალადეს დაამარცხებ და სხვებთან ერთად სამართლიანობას დაუბრუნებ წყვდიადით მოცულ ქვეყანას.

"კასაბლანკა. რიტმები" გვიამბობს ყოფილ მაროკოელ რეპერზე, რომელიც ადგილობრივ კონსერვატორთა წინააღმდეგობის მიუხედავად კასაბლანკაში ჰიპ-ჰოპის წრეს ხსნის (თავის დროზე მთავარი როლის შემსრულებელმა, ანას ბასბუსიმ თავად გახსნა ეს სკოლა მაროკოში სახელწოდებით "პოზიტიური ჰიპ-ჰოპი"). კი, რაღაცნაირი გადაჭმული თემაა თითქოს. ჩვენში მთლად გასული საუკუნის 60-იან წლებშიც იღებდნენ ფილმებს "ბნელ ხალხზე", პატრიარქატსა და დრომოჭმულ ტრადიციებზე, რომლებიც ხელს უშლიან პროგრესს ("ხევსურული ბალადა" გავიხსენოთ თუნდაც), მაგრამ "კასაბლანკა" არანაირად არ შეურაცხყოფს იმ ადამიანთა ღირსებას, ვისაც დასავლეთიდან შემოსული ცეკვა-სიმღერა "ეშმაკისეულად" ეჩვენება. შემთხვევით არ შეჩერდა სიუშის არჩევანი ჰიპ-ჰოპზე, როგორც პირველ რიგში პოლიტიკურად მწვავე მუსიკალურ ჟანრზე, რომელიც თავის მხრივ ამ ახალგაზრდებს, სიღარიბესა და უპერსპექტივობაში რომ ცხოვრობენ, საშუალებას აძლევს, ჯერ ერთი, ხმამაღლა გამოთქვან სატკივარი და მეორეც, შეიძლება მთავარი, ერთმანეთთან იურთიერთონ. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი სთხოვს ახალგაზრდებს არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ სიმღერების პროვოკაციული ტექსტებით. "სული უნდა ჩადოთ სიმღერასა და ცეკვაშიო", ეუბნება ის თავის მოწაფეებს... ეგ კი კარგად იცის, რომ ამ გარემოში, ერთადერთი, რაც ხალხს სიხარულს მოუტანს, სხეულის გათავისუფლება და შემოქმედებაა.

მაყურებელი, ვისაც სჯერა, რომ კულტურა ემანსიპაციის მძლავრი საშუალებაა, ამ ფილმს თავისებურ მანიფესტად აღიქვამს. ფრანგებისთვის (აიუში კარგა ხანია საფრანგეთში მოღვაწეობს) ეს სურათი მეტისმეტად მარტივია, „ლიბერალური კლიშეებით“ სავსე და დრამატურგიულად ცოტა მოძველებულიც. მაგრამ ჩვენთვის იმას, რომ სადღაც ფილმის მეათე წუთზე უკვე ხვდები, როგორ განვითარდება მოქმედება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. პირიქით, ამბის "ნაცნობობა" უფრო გაახლოებს ფილმის გმირებთან.

ისე მოხდა, რომ "კასაბლანკას" პრემიერა კანის კინოფესტივალზე შარშანდელ, 5 ივლისის მოვლენებს დაემთხვა. ფილმის მსვლელობისას ზოგჯერ გვეგონა, რომ აიუშის გმირები, სიმღერით და ცეკვით ცოტა ხნით მაინც ბედნიერი ახალგაზრდები, იმ ძალადობის წინააღმდეგაც გამოდიან, რომელიც აქ, თბილისში დაფიქსირდა. მას მერე თითქმის ერთი წელი გავიდა. დგება მაისი, ბოლო წლების საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე და, მე თუ მკითხავ, უსიხარულო. რასაც ახლა დაემატა რეპრესიები კულტურის წინააღმდეგ და სალომე ჯაშის ფილმის სრულიად სამარცხვინო "დაცენზურება"... ამ სიტუაციაში მეტისმეტად პრეტენზიულად აღიქმება "კასაბლანკა. რიტმების" მონათვლა "ლიბერალიზმის პროპაგანდად". ნაბილ აიუშმა გადაიღო ქართული მანიფესტიც, რომელმაც ყველა ცენზორი და პროგრესის მტერი უნდა შეაშინოს - როგორც არ უნდა ებრძოდეთ თავისუფალ სიტყვას და შემოქმედებას, მაინც დამარცხდებით, რადგანაც თავისუფლება თქვენს ხმას გადაფარავს, თავისუფლება თქვენზე მაღლაა. გაგახსენებთ, რომ საფრანგეთის ეკრანებზე ფილმი გავიდა ასეთი სათაურით - "მაღლა და ხმამაღლა".