მარშალ გელოვანის ქუჩა დაიტბორა. სავარაუდოდ წყალმომარაგების მილის დაზიანების გამო

თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია წყლის დიდი ნაკადით გამოწველი დატბორვის გამო.

სოციალურ ქსელებში მომხმარებლები მომხდარის ამსახველ ვიდეოებს ავრცელებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიიდან. კადრებში ჩანს, რომ წყლის ძლიერი ნაკადი გამოედინება სამინისტროს ეზოდან.

სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, სავარაუდოდ, წყლის მილი გასკდა, თუმცა არა სამინისტროს ტერიტორიაზე.

თბილისის წყლით მომარაგების კომპანია GWP-მა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდებათ."მარშალ გელოვანის გამზ. #6-თან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 29/04 09:30-დან 30/04 02:00-მდე. ბოდიში შეფერხებისთვის."

რადიო თავისუფლება ელოდება GWP-სგან დამატებით ინფორმაციას.