"შემთხვევით არაფერი ხდება" - უბედური შემთხვევები რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე
რუსეთი დასავლეთს აფრთხილებს, რომ მკაცრი პასუხი მოჰყვება რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ თავდასხმას. ბოლო დღეებში რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მისი სიტყვებით, არის უკრაინული ძალების რიგი თავდასხმები რუსულ რეგიონებზე, რომლებიც უკრაინას ესაზღვრება, და განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მნიშვნელოვანი ესკალაციის საფრთხეს წარმოადგენს.
უკრაინას პირდაპირ არ აუღია პასუხისმგებლობა: „გაურკვეველია, რა ხდება რუსეთში. უსურიისკში სამხედრო ბაზა იწვის, სამხედრო კომისარიატები იწვიან, სამხედრო უმაღლესი სასწავლებლები იწვიან, რაღაც საწყობები, გუბერნატორების სახლები. მაქვს განცდა, რომ რუსეთში პარტიზანული ომი დაიწყო“, - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გააკეთა რუსეთის ბრიანსკის ოლქში ნავთობის საცავში გაჩენილი ხანძრის კომენტირებისას.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ასევე მოიმატა ავარიების რაოდენობამ რუსეთისა და ბელარუსის რკინიგზებზე. მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, სახელდებოდა სტანდარტული „ნიადაგის გამორეცხვა“, თუმცა, როგორც 27 აპრილს, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობიდან ირკვევა, რკინიგზაზეც დივერსანტები მოქმედებენ.
წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
ასევე ნახეთ რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან, ორი დიდი აფეთქება მოხდა
სააკაშვილის ოჯახი მთავრობას ვადას 2 მაისამდე აძლევს
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებმა - დედამ, მამამ და ძმებმა რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საზოგადოებას მიმართვა გააცნეს. ისინი მოითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას და მთავრობას ვადას 2 მაისს, 18:00 საათამდე აძლევენ.
„გუშინ გამოქვეყნდა სახალხო დამცველის, კვალიფიციური ექიმების ანგარიში მიშას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და აშკარად ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს კარგად გათვითცნობიერებული, თუ რა რისკებთან და ზოგადად, რა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მე, როგორც მესამე პრეზიდენტის ძმა და მთელი ოჯახი, მიშას სიკვდილს არ დავუშვებთ, ეს არის ცალსახა.... მიშა ამ შემთხვევაში არის პუტინის მძევალი საქართველოში. არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, ქვეყნის ღირსების საკითხია, მიშას შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობა და მივცეთ უფლება იცხოვროს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებით და ყველაფერი წარიმართოს ისე, როგორც პირველ რიგში, ქართველ ხალხს სურს“, - მიმართვის ტექსტი წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, დავით სააკაშვილმა.
კინოაკადემიამ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებები გააუქმა - მიზეზი ფილმის შინაარსია
საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, გაუქმებულია სალომე ჯაშის ფილმ "მოთვინიერების" ჩვენებები თბილისში. ჩვენებები კინოს სახლში იყო დაგეგმილი და, როგორც რეჟისორი ამბობს, მათი გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსია:
კინოაკადემიის ხელმძღვანელი, კონსტანტინე (მინდია) ესაძე რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რა გახდა სალომე ჯაშის ფილმის ჩვენებების გაუქმების მიზეზი, გვახსენებს, რომ "მოთვინიერების" ორი ჩვენება უკვე გაიმართა კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში და ადასტურებს იმას, რომ ჩვენებების გაუქმების მიზეზი ფილმის შინაარსი გახდა.
"მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად", - გვითხრა კონსტანტინე (მინდია) ესაძემ.
ფილმის ბოლო ჩვენება "კინოს სახლში" 28 აპრილს 20:00 საათზე გაიმართა. მასზე დასწრების გარდა, აქ მოსულმა ადამიანებმა კინოაკადემიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ვითარება უკრაინაში: რუსეთის სარაკეტო იერიში კიევზე
გუშინ საღამოს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონზე რუსეთის არმიამ სარაკეტო იერიში განახორციელა. ინფორმაცია ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. იერიში მაშინ მოხდა, როცა უკრაინის დედაქალაქში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში იმყოფებოდა.
„ერთი დღით ადრე ის [ანტონიუ გუტერეში] კრემლში, გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? კვლავ რატომ იკავებს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს?“ - დაწერა ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
უკრაინის ომის 65-ე დღეს მარიუპოლში ისევ არ ნებდება პოლკი „აზოვი“. მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი სააგენტო "როიტერსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მათ 500-ზე მეტი დაჭრილი მებრძოლი ჰყავთ და ნაწილის მდგომარეობა სერიოზულია.
ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების დაჩქარებულ მიწოდებას
ხუთშაბათს გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც მთავრობას უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების გაფართოებისა და დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ევროპეისკა პრავდა" იუწყება, გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით.
მიღებული დოკუმენტი სახელწოდებით "მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა ევროპაში – უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა", ოპოზიციური CDU/CSU ბლოკისა და კოალიციური პარტიების ერთობლივ წინადადებას წარმოადგენს.
უკრაინისათვის მძიმე შეიარაღების გადაცემის შესახებ დოკუმენტს მხარი დაუჭირა 586-მა გერმანელმა დეპუტატმა, 100-მა თავი შეიკავა, 7 წინააღმდეგი იყო.
ფაშინიან, გადადექი! რა შანსი აქვს სომხეთის ოპოზიციის მოთხოვნას?
სომხეთის ოპოზიციის ნაწილმა კვირის დასაწყისში კვლავ წამოიწყო საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომაა.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ, თითქოს, ხელისუფლებას განზრახული ჰქონდეს აზერბაიჯანთან ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ცნობს ბაქოს სუვერენიტეტს მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე.
აქციების დაწყების ფორმალურ საბაბად იქცა მოსკოვში ვიზიტის წინ, 13 აპრილს ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მთიანი ყარაბაღის საკითხში „თამასის დაწევის“ აუცილებლობაზე გაამახვილა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას დაკარგავს.
არის თუ არა მოსკოვის კვალი სომხეთის მოვლენებში? წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.
“ნადირობა კატებსა” და ქუჩის მხატვრებზე
თბილისის ერთ-ერთი სკოლის ფასადზე 10 დღის წინ წითელი საღებავით დახატული სამკუთხედთავიანი კატა გაჩნდა, გვერდით გაურკვეველი წარწერით. დღეს კატა, რომელიც შეიძლება ვინმეს მელადაც აღექვა, გადაღებილია და მის ადგილას საქართველოს დროშაა დახატული. კატების ნახატები ბოლო დღეებში ბევრგან გადაღებეს ისე, რომ მისი კვალი აღარ იკითხება.
ქუჩებში განთავსებული სხვა უამრავი სიმბოლოს მსგავსად, არც ამ კატაზე იცის ვინმემ დაზუსტებით, ვინ არის მათი ავტორი ან რა შინაარსის მატარებელია ეს გრაფიკული გამოსახულებები. ვიცით მხოლოდ ის, რომ საზოგადოებაში მღელვარება კედლებზე ნახატი კატების რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა და 21 აპრილს მოქალაქეების ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა სამსახურსაც კი მიმართა განცხადებით, მოეკვლიათ, რას ემსახურება წახნაგოვანი გრაფიტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კედლებზე დახატულ კატებზე გამოძიება არ დაუწყია, 23 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც კედლებზე კატებს ხატავდა და ასევე მეორე ადამიანი, რომელიც მის ნახატებს აფერადებდა.
რას ამბობს საგამოძიებო უწყება და როგორ უყურებენ ამ ფაქტს სტრიტ არტისტები? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.