ფაშინიან, გადადექი! რა შანსი აქვს სომხეთის ოპოზიციის მოთხოვნას?

საპროტესტო მსვლელობა "სტოპ ნიკოლ". ერევანი. 28 აპრილი, 2022 წ.

სომხეთის ოპოზიციის ნაწილმა კვირის დასაწყისში კვლავ წამოიწყო საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომაა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ, თითქოს, ხელისუფლებას განზრახული ჰქონდეს აზერბაიჯანთან ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ცნობს ბაქოს სუვერენიტეტს მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე.

ასევე ნახეთ ერევანში გრძელდება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქციები

აქციების დაწყების ფორმალურ საბაბად იქცა მოსკოვში ვიზიტის წინ, 13 აპრილს ნიკოლ ფაშინიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მთიანი ყარაბაღის საკითხში „თამასის დაწევის“ აუცილებლობაზე გაამახვილა და საზოგადოება გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სომხეთი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას დაკარგავს.

ოპოზიცია ბოლომდე ბრძოლას აპირებს

ეს ბრძოლა არ შეწყდება, რადგან ჩვენ გვესმის, რომ თუ შედეგს არ მივაღწევთ, ჩემი შვილიშვილები მე გამიხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც არაფერი გააკეთა თავისი სამშობლოს გადასარჩენად...
გეგამ მანუკიანი

ბოლო ორი დღის განმავლობაში სომხეთის პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილე 14 ადამიანი დააკავა ხულიგნობის ბრალდებით, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება სომხეთის პარლამენტის წევრ გეგამ მანუკიანზე დაყრდნობით, რომელმაც დაკავებულები იზოლატორში მოინახულა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას აქტივისტების უსაფუძვლო დევნაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ბრძოლა, რომელიც ოპოზიციამ მიმდინარე კვირის დასაწყისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო, უშედეგოდ არ დასრულდება, - ამის შესახებ 28 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა სომხეთის უდიდესი საპარლამენტო ფრაქცია „ჰაიასტანის“ („სომხეთის“) დეპუტატმა გეგამ მანუკიანმა, რომელმაც ხუთშაბათს, დასახლებულ პუნქტ სარდარაპატიდან თავის მომხრეებთან ერთად ერევნისკენ ფეხით მსვლელობა წამოიწყო.

„ეს ბრძოლა არ შეწყდება, რადგან ჩვენ გვესმის, რომ თუ შედეგს არ მივაღწევთ, ჩემი შვილიშვილები მე გამიხსენებენ როგორც ადამიანს, რომელმაც არაფერი გააკეთა თავისი სამშობლოს გადასარჩენად. ჩვენ უნდა მივაღწიოთ საბოლოო შედეგს. ჩვენ უნდა დავიცვათ არცახი [მთიანი ყარაბაღი - რედ.), დავიცვათ სომხეთი, აღვადგინოთ ჩვენი უსაფრთხოება და დავამხოთ ეს ხელისუფლება, რადგან მას უკვე აღარაფერი აღარ ძალუძს“, - აცხადებს მანუკიანი.

უკვე მეოთხე დღეა ოპოზიციური ბლოკი „სომხეთი“ სხვადასხვა ოპოზიციურ ძალასთან ერთად ერევანში მართავს საინფორმაციო მიტინგებს, რომელთაც რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანებიც უერთდებიან. ოპოზიციის ერთმა ჯგუფმა ხუთშაბათს მარში წამოიწყო იჯევანიდან, მეორემ - ტიგრანაშენიდან, სხვები კი აპარანიდან და სარდარაპატიდან მოუძღვებიან დემონსტრანტების კოლონებს.

საპროტესტო მსვლელობა ერევანში. 28 აპრილი, 2022 წ.

რადიო თავისუფლების სომხურის სამსახურის ცნობით, ოპოზიცია 1 მაისს ერევანში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, რომელსაც მთიანი ყარაბაღის საკითხში მორიგ კომპრომისზე წასვლის განზრახვაში სდებს ბრალს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აპირებს აზერბაიჯანთან ისეთი შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ცნობს ბაქოს სუვერენიტეტს მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე.

ასეთი განზრახვის არსებობა ოპოზიციამ ამოიკითხა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამასწინანდელ მიმართვაში, რომელშიც სომხეთის მთავრობის მეთაურმა პირველად ილაპარაკა ღიად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხეზე.

„გთხოვთ, ნუღარ დაამყარებთ ჩვენზე იმედებს"

13 აპრილს, პარლამენტის ტრიბუნიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს აფრთხილებს, რომ არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღისთვის, არამედ თავად სომხეთისთვის წარმოადგენს დიდ საფრთხეს ის ფაქტი, რომ სომხეთი ორმხრივ საფუძველზე არ ცნობს თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

ნიკოლ ფაშინიანი

„დღეს საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გვეუბნება, რომ ცოტათი დავწიოთ ჩვენი თამასა მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში, რის შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნება დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია სომხეთისა და არცახის (მთიანი ყარაბაღის - რედ.) გარშემო. წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებს: „გთხოვთ, ნუღარ დაამყარებთ ჩვენზე იმედებს, არა იმიტომ, რომ არ გვსურს თქვენი დახმარება, არამედ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ ფაშინიანი აპირებს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ნაწილის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებას, რისი თავიდან აცილება მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად მისი გადადგომით არის შესაძლებელი.

ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ისე წარმოადგინოს სომხეთში მიმდინარე ამჟამინდელი გამოსვლები, როგორც აზერბაიჯანთან იმ სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, რომლითაც სომხეთის ხელისუფლება თითქოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ცნობას აპირებდეს...
ვადიმ დუბნოვი

სომხეთის მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ არავინ არ აპირებს მთიანი ყარაბაღის დათმობას და ოპოზიციის ნაწილს პრემიერ-მინისტრის ნათქვამის დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებენ.

„საერთაშორისო საზოგადოება სომხეთს დღეს ეუბნება: თქვენ უნდა ცნოთ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო აზერბაიჯანი ცნობს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ კი ჩვენი მხრიდან შევეცდებით, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხის შემთხვევაში გარკვეულწილად უზრუნველვყოთ თვითგამორკვევის შესახებ ხალხის უფლება“, - უთხრა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა, აკოფ ასლანიანმა.

სწორედ ასე გაიგეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის გაფრთხილება ანალიტიკოსებმა, რომლებიც ვარაუდობენ, რომ წინა შემთხვევების მსგავსად, სომხეთის ოპოზიცია აქციებით ვერც ამჯერად მიაღწევს მთავრობის გადადგომას.

„ოპოზიციის ნაწილი ცდილობს ისე წარმოადგინოს სომხეთში მიმდინარე ამჟამინდელი გამოსვლები, როგორც აზერბაიჯანთან იმ სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, რომლითაც სომხეთის ხელისუფლება თითქოს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად ცნობას აპირებდეს. მაგრამ სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს განზრახული ასეთი შეთანხმების ხელმოწერა, ერევანი მზად არ არის განიხილოს მსგავსი დოკუმენტი და წელავს დროს, მიუხედავად აზერბაიჯანის მხრიდან ძალისმიერი ზეწოლის საფრთხის არსებობისა. ხოლო ძალისმიერი ასეთი სცენარის შემთხვევაში ერევანი მთავარ გათვლას მოსკოვსა და რუს მშვიდობისმყოფელებზე აკეთებს, რაც, სავარაუდოდ, განიხილებოდა მოსკოვში გამართულ პუტინ-ფაშინიანის შეხვედრაზე. ამიტომ ამჟამინდელი საპროტესტო აქციები, სავარაუდოდ, მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და უკვალოდ ჩაივლის“, - ამბობს ვადიმ დუბნოვი, რადიო „ეხო კავკაზას“ პოლიტიკური მიმომხილველი.

არის თუ არა მოსკოვის კვალი სომხეთის მოვლენებში?

სომხეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის ექსპერტი, რუბენ მეჰრაბიანი კი უფრო მკვეთრ შეფასებებსაც არ ერიდება და ამბობს, რომ ამჟამინდელი აქციები „მთიანი ყარაბაღის მოწესრიგების გარშემო სპეკულაციური მოსაზრებებით“ არის ნასაზრდოები და ორგანიზებულია სომხეთის „მეხუთე კოლონის“ მიერ, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სომხეთში მოსკოვის ინტერესების გატარებას ესწრაფვის.

„რეგიონული პროცესი და უკრაინაში ომი, ურთიერთდაკავშირებული პროცესებია და მათ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იქით, რომ დაიმორჩილოს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე და მოახდინოს ამ სივრცეში არსებული ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია. ამ მიზნისთვის გამოიყენება ნებისმიერი მეთოდი, პირდაპირი საომარი მოქმედებებით დაწყებული, როგორიც უკრაინაშია, და აქამდე გაჩაღებული ისეთი კონფლიქტების მართვით დამთავრებული, როგორიც მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტია“, - უთხრა რუბენ მეჰრაბიანმა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანის "მეორე ფრონტი" თუ სომხეთის დასჯა - რა ხდება რეგიონში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ?

სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანთან 2020 წლის შემოდგომაზე მიმდინარე 44-დღიანი საომარი მოქმედების შედეგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა 10 ნოემბერს მოსკოვის შუამავლობით შემუშავებულ საზავო პირობებზე. სამმხრივი განცხადებით, რომელსაც შეთანხმებასაც უწოდებენ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშასა და ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონზე, რომელთაც სომეხი სეპარატისტები აკონტროლებდნენ 1990-იანი წლების დასაწყისიდან, აზერბაიჯან-სომხეთის პირველი ომის შემდეგ.

ამის შემდეგ სომხეთის ოპოზიციამ სომხეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაიწყო სამთავრობო შენობებისა და ქუჩების ბლოკირება. ადგილი ჰქონდა ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებზე.

განრისხებული მოქალაქეებისა და ოპოზიციური პარტიების მომხრეთა ნაწილი 2020 წლის 10 ნოემბრის ღამით თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა სომხეთის პარლამენტის სპიკერს არარატ მირზოიანს. ხოლო დაახლოებით 40 ახალგაზრდა თავს დაესხა რადიო თავისუფლების ოფისს.

ასევე ნახეთ სომხეთის ომბუდსმენმა დაგმო დემონსტრანტების მხრიდან გამოვლენილი ძალადობის ფაქტები

პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა ყოველთა სომეხთა კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ.

ასევე ნახეთ ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ არ აპირებს გადადგომას

მაგრამ პოლიტიკური პრესინგის მიუხედავად ნიკოლ ფაშინიანმა ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ხოლო 2021 წლის 20 ივნისს ჩატარებულ არჩევნებზე ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ ხმა მისცა კენჭისყრაში მონაწილეთა 53,92%-მა, მის მთავარ მეტოქეს, ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკ „ჰაიასტანს“ კი - 21,04%-მა. არჩევნების შედეგმა ფაშინიანის პარტიას მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირების შესაძლებლობა მისცა.

ასევე ნახეთ დასავლეთი სომხებს მოუწოდებს, პატივი სცენ არჩევნების შედეგებს