IDFI: მარტში საქართველოში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 17 201 მოქალაქე, ბელარუსის - 14 030 და   უკრაინის - 8 151

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის 2022 წლის მარტის სტატისტიკას.

მარტის მონაცემების შესახებ მომზადებულ გამოკვლევაში რამდენიმე ძირითადი მიგნება არის დასახელებული:

  • საქართველოში შემოვიდა უკრაინის 16 669, რუსეთის 43 152 და ბელარუსის 19 898 მოქალაქე;
  • საქართველოში დარჩა (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის 8 151 მოქალაქე, რუსეთის 17 201 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 14 030 მოქალაქე. (2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა რუსეთისა და ბელარუსის 31 231 მოქალაქე);
  • 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) უკრაინის მოქალაქეების რიცხვი 8 657-ით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 14 593-ით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების - 14 047-ით გაიზარდა;
  • 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი (შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559%-ით არის გაზრდილი;
  • 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებელი 555%-ით გაიზარდა;
  • 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსული რუსეთის და ბელარუსის სრულწლოვანი მოქალაქეების 60%, ხოლო უკრაინის მოქალაქეების მხოლოდ 35% არის მამრობითი სქესის;
  • საქართველოში შემოსული მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ 10%-ია 18 წლამდე ასაკის, ხოლო უკრაინის მამრობითი სქესის მოქალაქეებს შორის 39% არის არასრულწლოვანი;
  • 2022 წლის მარტში საქართველოში რუსეთის ყველაზე მეტი მოქალაქე შემოვიდა თბილისის აეროპორტიდან (34%), უკრაინის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი სარფის (28%) სასაზღვრო პუნქტიდან, ხოლო ბელარუსის მოქალაქეების ყველაზე დიდი წილი თბილისის აეროპორტიდან (53%);
  • 2022 წლის მარტში საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა რუსეთის 340 მოქალაქეს (0,75%), უკრაინის 65 მოქალაქეს (0,38%), ხოლო ბელარუსის მხოლოდ 16 მოქალაქეს (0,08%);
  • 2022 წლის მარტში უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის ყველაზე მეტი (59) შემთხვევა სადახლოს სასაზღვრო პუნქტზე დაფიქსირდა.

IDFI-ის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე, ქვეყანაში შემომსვლელთა და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არ შეიმჩნეოდა. მაგალითად, 2019 წლის მარტში რუსეთის 108 422 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო გავიდა დაახლოებით 2%-ით ნაკლები, 105,814 მოქალაქე. 2022 წლის მარტის თვეში შემოვიდა რუსეთის 43 152 მოქალაქე, ხოლო გავიდა დაახლოებით 40%-ით ნაკლები, 25 951 პირი. შედეგად 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტთან შედარებით, ქვეყანაში დარჩენილი (შემოსულ და გასულ პირებს შორის სხვაობა) რუსეთის მოქალაქეების მაჩვენებელი 559 %-ით არის გაზრდილი.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, რუსეთის უკრაინის შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვენებლის 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ვიზიტის მიზნებთან, რაც ვერ გამოდგება აღნიშნული ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეების საპირწონედ. რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ განპირობებული იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების საქართველოსადმი მაღალი ტურისტული ინტერესით, რასაც ხელს უწყობდა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა. 2019 წლის 21 ივნისს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების (“გავრილოვის ღამე”) საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გააუქმა, რაც, თავის მხრივ, აისახა ქვეყანაში შემომსვლელთა მაჩვენებელზე.

გამოკვლევის თანახმად, ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაში 2019 წლის მარტში საქართველოში დაახლოებით იმდენი პირი შემოვიდა, რაც გავიდა, ხოლო 2022 წლის მარტში 71%-ით (14 029 პირით მეტი) მეტი შემოვიდა, ვიდრე გავიდა.