ერევანში გრძელდება მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული აქციები

საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავება ერევანში

ორი დღის განმავლობაში სომხეთის პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილე 14 ადამიანი დააკავა ხულიგნობის ბრალდებით - ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება სომხეთის პარლამენტის წევრ გეგამ მანუკიანზე დაყრდნობით, რომელმაც იზოლატორში მოინახულა დაკავებულები.

ერევანში ორშაბათიდან იმართება ოპოზიციური გაერთიანება "წინააღმდეგობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები და მსვლელობები. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებენ იმაში, რომ, თითქოს, ხელისუფლებას განზრახული ჰქონდეს აზერბაიჯანთან ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ცნობს ბაქოს სუვერენიტეტს მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე. ოპოზიციის აზრით, ასეთი სცენარის თავიდან აცილება მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად ნიკოლ ფაშინიანის გადადგომით არის შესაძლებელი.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მსგავსი საპროტესტო მარშები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ყოველდღიურად, 1 მაისამდე გაიმართება.

დემონსტრანტების აღშფოთება გააძლიერა 26 აპრილს მომხდარმა ავარიამ, როდესაც ფაშინიანის კორტეჟმა ერევანში ფეხმძიმე ქალი გაიტანა.

სომხეთის ხელისუფლებამ ოთხშაბათს აღიარა, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს, ერთ-ერთ მანქანაში ნამდვილად იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც, მისი აპარატის განცხადებით, დაინახა მიწაზე დავარდნილი ქალი და გასცა განკარგულება, გამოეძახებინათ სასწრაფო დახმარების მანქანა. თუმცა, კორტეჟი არ გაჩერებულა და გააგრძელა გზა. შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეჩერდა კორტეჟი, რათა დახმარებოდნენ მანქანის მიერ გატანილ ქალს, ფაშინიანის აპარატის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს გამოიწვევდა "საცობს" და სასწრაფო დახმარების მანქანა ვეღარ შეძლებდა გავლას.

ექიმებმა ვერც ქალის და ვერც ბავშვის გადარჩენა შეძლეს. ვრცელდება ცნობა, რომ ტრაგედიის შესახებ მიღებული ცნობის შემდეგ ფაშინიანმა დაურეკა გარდაცვლილი სონა მნაცაკანიანის მამას და თანაგრძნობის გამოხატვასთან ერთად, მას ინციდენტის ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა.

რადიო თავისუფლების სომხურის სამსახურის ცნობით, ოპოზიცია 1 მაისს ერევანში მრავალათასიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. საპარლამენტო ფრაქცია "ჰაიასტანის" რამდენიმე დეპუტატმა, თანამოაზრეებთან ერთად, უკვე წამოიწყო მსვლელობა ტავუშისა და არარატის ოლქებიდან, საიდანაც ხალხის კოლონებთან ერთად 1 მაისს ერევანში აპირებენ ჩასვლას.